არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მას ესმის ჩვენი გულისტკივილი

მას ესმის ჩვენი გულისტკივილი

დაუახლოვდით ღმერთს

მას ესმის ჩვენი გულისტკივილი

იოანე 11:33—35

„თანაგრძნობა არის თვისება, როდესაც სხვისი ტკივილი გულთან მიგაქვს“, — ასე აღწერა ეს ძვირფასი თვისება ერთმა ხანდაზმულმა იეჰოვას მოწმემ, რომელიც მისიონერად მსახურობს. იეჰოვა ღმერთი თანაგრძნობის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს. ის პირადად განიცდის იმ ტკივილს, რითაც მისი ხალხი იტანჯება. რატომ შეგვიძლია ვიყოთ ამაში დარწმუნებული? იეჰოვას თანაგრძნობა სრულყოფილად აირეკლებოდა იესოს სიტყვებსა და მოქმედებებში, როცა ის დედამიწაზე იყო (იოანე 5:19). მაგალითად, განვიხილოთ ერთი შემთხვევა, რომელიც იოანეს 11:33—35-შია აღწერილი.

როდესაც იესოს მეგობარი ლაზარე მოკვდა, იესო მის სოფელში წავიდა. გასაგებია, რომ ლაზარეს დები მარიამი და მართა დიდად იყვნენ დამწუხრებულები. იესოს ძალიან უყვარდა ეს ოჯახი (იოანე 11:5). რას გააკეთებდა იესო? ბიბლიაში ვკითხულობთ: «როდესაც იესომ დაინახა, რომ ისიც [მარიამი] ტიროდა და მასთან ერთად მისული იუდეველებიც, სულით ამოიოხრა და აფორიაქდა. შემდეგ იკითხა: „სად დაასვენეთ?“ მიუგეს: „უფალო, მოდი, ნახე“. იესო აცრემლდა» (იოანე 11:33—35). რატომ აცრემლდა იესო? მართალია, მისი საყვარელი მეგობარი მკვდარი იყო, მაგრამ ის ხომ მალე მკვდრეთით აღადგენდა მას?! (იოანე 11:41—44). მაშ, კიდევ რას შეიძლებოდა ემოქმედა იესოს გრძნობებზე?

კიდევ ერთხელ მიაქციეთ ყურადღება ზემოთ მოყვანილ სიტყვებს. შენიშნეთ, როდესაც იესომ დაინახა, რომ მარიამი და მასთან მისულები ტიროდნენ, მან „ამოიოხრა და აფორიაქდა“. დედანში გამოყენებული სიტყვები აქ მძაფრ გრძნობებზე მიუთითებს *. იესო ნანახმა ძალიან შეძრა. სწორედ მის ძლიერ განცდაზე მიუთითებს ის, რომ იესო აცრემლდა. აშკარაა, რომ იესომ გულთან ახლოს მიიტანა სხვების ტკივილი. წამოგსვლიათ ოდესმე ცრემლები იმის გამო, რომ თქვენთვის ძვირფასი ადამიანი მოტირალი დაგინახავთ? (რომაელები 12:15).

იესოს თანაგრძნობა შესანიშნავად აღწერს იმას, თუ როგორი თვისებები აქვს მის მამას, იეჰოვას, და როგორ ავლენს ის მათ. გაიხსენეთ, იესო იმდენად ირეკლავდა თავისი მამის თვისებებს, რომ მას შეეძლო ეთქვა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოანე 14:9). ამგვარად, როდესაც ვკითხულობთ, რომ იესო „აცრემლდა“, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა პირადად გრძნობს იმ ტკივილს, რასაც მისი თაყვანისმცემლები განიცდიან. ამაში ბიბლიის სხვა დამწერებიც გვარწმუნებენ (ესაია 63:9; ზაქარია 2:8). იეჰოვა მართლაც რომ თანამგრძნობი ღმერთია!

ჩვენ გვსიამოვნებს, როდესაც ჩვენ მიმართ თანაგრძნობას ავლენენ. როდესაც რაღაცის გამო გული გვაქვს გატეხილი ან დეპრესიაში ვართ, ჩვენ იმ ადამიანთან გვსურს ურთიერთობა, ვისაც შეუძლია, შევიდეს ჩვენს მდგომარეობაში და თანაგვიგრძნოს. რამდენად მეტად უნდა გვსურდეს დაახლოება იეჰოვასთან, თანამგრძნობ ღმერთთან, რომელსაც ესმის ჩვენი გულისტკივილი და ის, თუ რა არის ჩვენი ცრემლების მიზეზი! (ფსალმუნი 56:8).

[სქოლიო]

^ აბზ. 6 ბერძნული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია, როგორც „აცრემლდა“, ხშირად მიუთითებს „უხმო ტირილზე“, ხოლო ის სიტყვა, რომელიც მარიამისა და მასთან მისულების ტირილს აღწერს, შეიძლება „ხმით ტირილსა და გოდებაზე“ მიუთითებდეს.