„ამაღამ ცეცხლის პირას დავჯდები და თავიდან ბოლომდე წავიკითხავ“
წერილი ავსტრალიიდან
„ამაღამ ცეცხლის პირას დავჯდები და თავიდან ბოლომდე წავიკითხავ“
ავსტრალიის მეჩხრად დასახლებული რეგიონის ხსენებაზე ადამიანი წარმოიდგენს გადახრუკულ უდაბნოებს, მწველ სიცხესა და უკიდეგანო მოშიშვლებულ მინდვრებს. მაგრამ ამ რეგიონის მოსახლეობა დაახლოებით 180 000-ია, რაც მთელი ქვეყნის ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 1 პროცენტს შეადგენს.
ჩემი მშობლები იეჰოვას მოწმეები იყვნენ და ბავშვობაში ამ რეგიონში წამიყვანეს საქადაგოდ. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უზარმაზარმა გაშლილმა სივრცემ და უსწორმასწორო მთაგორიანმა ხედებმა. ძალიან შემიყვარდა ამტანი და რბილი ხასიათის ადგილობრივი მოსახლეობაც. ახლა, როდესაც მე თავად მყავს ოჯახი, მოვისურვე, რომ ცოლი და 10 და 12 წლის შვილები მეჩხრად დასახლებულ ტერიტორიაზე წამეყვანა საქადაგოდ.
გამგზავრების დაგეგმვა
პირველ რიგში, გამოვთვალეთ ხარჯები და განვსაზღვრეთ, რამდენად შორს წავიდოდით და რამდენ ხანს დავრჩებოდით. ჩვენი კრებიდან ერთმა დაქორწინებულმა წყვილმა და ორმა სრული დროით მსახურმა გამოთქვეს ჩვენთან ერთად წამოსვლის სურვილი. მოვილაპარაკეთ, რომ იმ დროს წავსულიყავით, როდესაც ბავშვებს სკოლაში არდადეგები ექნებოდათ. შემდეგ სიდნეიში იეჰოვას მოწმეთა ფილიალს მივწერეთ წერილი და ვთხოვეთ, ჩვენთვის სამქადაგებლო ტერიტორია გამოეყო. მოშორებულ ტერიტორიაზე, პროვინციულ ქალაქ გუდვინდში გაგვგზავნეს. ეს ქალაქი ჩვენი ქალაქიდან, ბრიზბენიდან, 400 კილომეტრით იყო დაშორებული.
გავიგეთ, რომ გუდვინდში იეჰოვას მოწმეების ერთი პატარა კრება იყო, რამაც ძალიან გაგვახარა. ქრისტიან და-ძმებთან შეხვედრა ჩვენს მოგზაურობას უფრო სასიამოვნოს გახდიდა. ჩვენ შევეხმიანეთ იქაურ კრებას და გავაგებინეთ, რომ ჩასვლას ვაპირებდით. მათ პასუხში ჩანდა, რომ ისინი მოუთმენლად ელოდნენ ჩვენს ჩასვლას.
გამგზავრებამდე ჩვენი ჯგუფი შეიკრიბა და მოვილაპარაკეთ, როგორ გაგვეზიარებინა აბორიგენებისთვის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა. გვინდოდა, პატივისცემით მოვკიდებოდით ადგილობრივთა კულტურასა და ჩვეულებებს. მაგალითად, ზოგი ტომი თავის სამოსახლოს საერთო სახლად მიიჩნევს; ამიტომ მათთან დაუპატიჟებლად მისვლა უზრდელობად ჩაითვლებოდა.
მეჩხრად დასახლებულ ტერიტორიაზე
ბოლოს და ბოლოს, ნანატრი დღეც დადგა. საჭირო ნივთებით ორი მანქანა გავავსეთ და გზას დავადექით. მალე გზის გასწვრივ ნათესები ველებმა შეცვალა; აქა-იქ ევკალიპტის ხეები იდგა. მოწმენდილ ცაზე ზამთრის თბილი მზე ანათებდა. რამდენიმე
საათში გუდვინდში ჩავედით და ღამის გასათევად ტრეილერი დავიქირავეთ.მეორე დღეს, კვირას, საქადაგებლად შესანიშნავი მზიანი დღე გათენდა. აქ ზაფხულში სიცხე 40 გრადუსს აჭარბებს. თავიდან 30 კილომეტრის მოშორებით მცხოვრებ აბორიგენებთან მივედით. გვითხრეს, რომ ჯენისთან მივსულიყავით, ხანდაზმულ ჭაღარა ქალთან, რომელიც იქ მცხოვრებ აბორიგენთა ბელადი იყო. მან ყურადღებით მოისმინა ბიბლიური ცნობა და სიამოვნებით აიღო წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ *. ჯენიმ თავის ტომში მიგვიწვია, რათა სხვებისთვისაც გვექადაგა.
ბავშვები გაიქცნენ, რათა ადგილობრივთათვის ჩვენი სტუმრობის შესახებ შეეტყობინებინათ. ყველა მობინადრემ პატივისცემით მოგვისმინა და ბიბლიური ლიტერატურა აიღო. მალე ლიტერატურა დაგვიმთავრდა და უკან, ქალაქში დაბრუნების დროც დადგა, რათა კრების შეხვედრას დავსწრებოდით. წამოსვლამდე ადგილობრივებს დავპირდით, რომ მათთანაც მივიდოდით, ვისთან მისვლაც ამჯერად ვერ მოვასწარით.
ნაშუადღევს სამეფო დარბაზში გულითადად ვისაუბრეთ და ახალგაცნობილებს დავუმეგობრდით. 25 ადგილობრივი მოწმე ერთგულად ამცნობდა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას დაახლოებით 11 000 ადგილობრივ მკვიდრს, რომლებიც 30 000 კვადრატულ კილომეტრზე იყვნენ მიმობნეულნი. „მადლობა, რომ ძალ-ღონე არ დაიშურეთ და ჩვენს დასახმარებლად ჩამოხვედით“, — გვითხრა ერთმა მადლიერმა მოწმემ. საინტერესო და გამამხნევებელი კრების შეხვედრის შემდეგ ერთად წავიხემსეთ; დაძინებამდე კი ჩვენს ტრეილერთან მოსული ოპოსუმები დავაპურეთ.
„ცეცხლის პირას“
მომდევნო ორი დღის განმავლობაში მოშორებით კუინზლენდ—ახალი სამხრეთ უელსის მოსაზღვრედ მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს ვეწვიეთ. აქ ევკალიპტის ბუჩქნარებს შორის ალაგ-ალაგ საძოვრები იყო, სადაც ცხვარსა და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს აძოვებდნენ. გზაში რამდენიმე კენგურუ შეგვხვდა, რომლებმაც ჩვენს დანახვაზე ყურები ცქვიტეს. შორს შემოღობილი ნაკვეთის მტვრიან მიწაზე ემუები ამაყად დადიოდნენ.
სამშაბათს, ნაშუადღევს, მსხვილი რქოსანი პირუტყვის დიდ ჯოგს გადავეყარეთ, რომელიც გზაზე ზანტად მიაბიჯებდა. ჩვეულებრივ, ჯოგს მწყემსები ჰყავს, განსაკუთრებით გვალვის პერიოდში. მალე ჩვენც შევხვდით ცხენზე ამხედრებულ მწყემსს. მანქანა გავაჩერე და მას მივესალმე. „სალამი მეგობარო“, — მიპასუხა მან. ეს ხანდაზმული მამაკაცი, რომელსაც გვერდზე ძაღლი მიჰყვებოდა, ჩვენთან სალაპარაკოდ გაჩერდა.
ცოტა ხანს გვალვაზე საუბრის შემდეგ, სასიხარულო ცნობაზე დავუწყე ლაპარაკი. „რატომ დღემდე არაფერი მსმენია ბიბლიის შესახებ?!“ — წამოიძახა მან. ქვეყნად ზნეობრივი ნორმების დაცემაში ის რელიგიურ წინამძღოლებს ადანაშაულებდა, მაგრამ ბიბლიას დიდ პატივს სცემდა. სასიამოვნო ბიბლიური საუბრის შემდეგ, შევთავაზე წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ * მან წიგნი ხელიდან გამომტაცა, გულის ჯიბეში ჩაიდო და თქვა: „თუ ეს წიგნი მეტყვის, რას გვასწავლის ბიბლია, ამაღამ ცეცხლის პირას დავჯდები და თავიდან ბოლომდე წავიკითხავ“.
შინ დაბრუნება
იმ ღამეს სამეფო დარბაზთან სულიერ და-ძმებს მოვუყევით, თუ როგორ ვიმსახურეთ. ისინი დაგვპირდნენ, რომ მოინახულებდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ ველაპარაკეთ. კრების შეხვედრის დამთავრებისას ძალიან გაგვიჭირდა მათთან განშორება. შეგვიყვარდა ერთმანეთი. გავმხნევდით და გავმდიდრდით როგორც ჩვენ, ისე ისინი (რომაელები 1:12).
მეორე დღეს შინ დავბრუნდით. როცა ამ მოგზაურობას ვიხსენებთ, ყველას ერთი და იგივე გრძნობა გვეუფლება, რომ იეჰოვამ უხვად აკურთხა ჩვენი მცდელობა. სულიერი ძალების მოზღვავებას ვგრძნობდით. სახლში რომ დავბრუნდით, ბავშვებს ვკითხე: „მომდევნო არდადეგებზე სად გინდათ წასვლა? მთებში ხომ არა?“ „არა, მამი, — ერთხმად მიპასუხეს მათ, — მოდი, ისევ საქადაგოდ წავიდეთ“. მეუღლემაც წამოიძახა: „მოდი, წავიდეთ. ეს საუკეთესო შვებულება იყო!“
[სქოლიოები]
^ აბზ. 11 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
^ აბზ. 17 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.