ანგრევენ იეჰოვას მოწმეები ოჯახებს?
ანგრევენ იეჰოვას მოწმეები ოჯახებს?
მრავალი ფიქრობს, რომ ერთ-ერთი მეუღლე თუ შეიცვლის რელიგიას, ოჯახის დანგრევა გარდაუვალია. ხშირად ამას ეუბნებიან მეუღლეს, რომელსაც სურს, იეჰოვას მოწმე გახდეს. შეესაბამება ეს განაცხადი სიმართლეს?
ბუნებრივია, როცა დაქორწინებული ადამიანი სხვა რელიგიით ინტერესდება ან მამაპაპურ რელიგიას იცვლის, მეორე ნახევრისთვის ეს შეიძლება დიდი დარტყმა იყოს და ამან შეიძლება წუხილი, უკმაყოფილება და გულისწყრომაც კი გამოიწვიოს.
ხშირ შემთხვევაში, ცოლები უფრო მეტად გრძნობენ რელიგიის შეცვლის აუცილებლობას. თუ თქვენი ცოლი იეჰოვას მოწმეებთან ერთად ბიბლიას სწავლობს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან თქვენს ქორწინებაზე? თუ თქვენ თავად ხართ ცოლი, რომელიც იეჰოვას მოწმეებთან სწავლობს ბიბლიას, რის გაკეთება გმართებთ თქვენი მეუღლის წუხილის შესამსუბუქებლად?
ერთი ქმრის თვალსაზრისი
ავსტრალიაში მცხოვრები მარკის მეუღლემ ქორწინებიდან 12 წლის თავზე დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა. მარკი ამბობს: „ბედნიერი ოჯახი და კარგი კარიერა მქონდა. ცხოვრება მშვენიერი იყო. მაგრამ, როცა ჩემმა ცოლმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა გადაწყვიტა, ვიგრძენი, რომ ჩემს ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას საფრთხე ემუქრებოდა. თავიდან, მეუღლის ბიბლიისადმი ინტერესი უბრალოდ არ მსიამოვნებდა, მაგრამ, როცა მითხრა, რომ უნდა მონათლულიყო და იეჰოვას მოწმე უნდა გამხდარიყო, ძალიან შევწუხდი!“
მარკი შიშობდა, მისი მეუღლის ახალი რწმენის გამო მათი ოჯახი არ დანგრეულიყო. ის ფიქრობდა, აეკრძალა მისი ცოლისთვის ბიბლიის შესწავლა და მოწმეებთან ყველანაირი კავშირი გაეწყვეტინებინა. მაგრამ, იმპულსურად მოქმედებას მარკმა გარკვეული ხნით მოცდა არჩია. რა დაემართა მათ ქორწინებას?
მარკი ამბობს: „საბედნიეროდ ჩვენი ოჯახი დღეს უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. უკვე 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი მეუღლე მონათლული იეჰოვას მოწმეა და ჩვენი ოჯახი დღითი დღე უფრო მტკიცდება“. რა დაეხმარა
მათ? მარკი განაგრძობს: „როცა უკან ვიხედები, ვხვდები, რომ ჩვენი ოჯახის ბედნიერების ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ჩემი მეუღლე ბიბლიაში მოცემულ რჩევებს იყენებდა. მისგან ყოველთვის პატივისცემას ვგრძნობდი!“რას ამბობენ ცოლები
თუ იეჰოვას მოწმეებთან გაქვთ ურთიერთობა, რის გაკეთება შეგიძლიათ ქმრის წუხილის შესამსუბუქებლად? ვნახოთ ამ საკითხთან დაკავშირებით რას ამბობენ ცოლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
საკიკო (იაპონია): «სამი შვილის დედა ვარ და 31 წელია ოჯახი მაქვს. უკვე 22 წელია, რაც იეჰოვას მოწმე ვარ. ზოგჯერ რთულია იმ მეუღლის გვერდით ცხოვრება, რომელიც შენს რწმენას არ იზიარებს, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, გამოვიყენო ბიბლიური რჩევა და სწრაფი ვიყო „მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკობი 1:19). ვცდილობ, კეთილი ვიყო ქმრის მიმართ და სურვილები შევუსრულო, თუ, რა თქმა უნდა, ისინი ბიბლიურ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება. ეს დამეხმარა, მტკიცე ოჯახი მქონოდა».
ნადეჟდა (რუსეთი): „28 წელია დაქორწინებული ვარ და 16 წელია, რაც მონათლული იეჰოვას მოწმე ვარ. სანამ ბიბლიის შესწავლას დავიწყებდი, არ ვთლიდი, რომ ქმარი ოჯახის თავი უნდა ყოფილიყო; გადაწყვეტილებებს მე თვითონ ვიღებდი. მაგრამ, თანდათანობით მივხვდი, რომ ბიბლიური პრინციპების გამოყენებამ ჩვენს ოჯახს სიმშვიდე და ბედნიერება მოუტანა (1 კორინთელები 11:3). დროთა განმავლობაში უფრო გამიადვილდა მორჩილების გამოვლენა, რაც ჩემს მეუღლეს შეუმჩნეველი არ დარჩენია“.
მარლი (ბრაზილია): „მყავს ორი შვილი და 21 წელია გათხოვილი ვარ. იეჰოვას მოწმე 16 წლის წინ გავხდი. გავიგე, რომ იეჰოვა ღმერთს სურს, ცოლ-ქმარი ერთად იყოს და არასდროს დაშორდეს ერთმანეთს. ასე რომ, ვცდილობ კარგი ცოლი ვიყო, სიტყვით თუ საქმით იეჰოვა და მეუღლე გავახარო“.
ლარისა (რუსეთი): „19 წლის წინ, როცა იეჰოვას მოწმე გავხდი, მივხვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში ცვლილებების მოხდენა იყო. ჩემი ქმარი აშკარად ხედავს, როგორ დამეხმარა ბიბლია, უკეთესი ცოლი გავმხდარიყავი და უფრო მეტად დამეფასებინა მეუღლე. თავდაპირველად, უთანხმოებები გვქონდა შვილების აღზრდასთან დაკავშირებით, მაგრამ ამასაც გავართვით თავი. ჩემი ქმარი რელიგიურ შეხვედრებზე შვილების ტარებას არ მიკრძალავს, რადგან იცის, რომ იქ ნასწავლი სასიკეთოდ იმოქმედებს მათზე“.
ველკირია (ბრაზილია): „ერთი ბიჭი მყავს, 19 წელია გათხოვილი ვარ. იეჰოვას მოწმე 13 წლის წინ გავხდი. თავიდან ჩემს ქმარს არ უნდოდა, რომ მექადაგა. მაგრამ ვისწავლე ყოველთვის მშვიდად მეპასუხა და დამენახვებინა, როგორ დადებითად მოქმედებდა ბიბლია ჩემს პიროვნებაზე. მეუღლე თანდათანობით მიხვდა, რომ ჩემთვის ქადაგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დღეს ის ყველაფერში ხელს მიწყობს, რაც კი ჩემს რწმენას უკავშირდება. როცა დაშორებულ ტერიტორიაზე ბიბლიის შესწავლებს ვატარებ, მანქანით მივყავარ და მოთმინებით მელოდება“.
ბიბლიური ნორმებით ცხოვრება ოჯახს ამტკიცებს
თუ თქვენი მეუღლე იეჰოვას მოწმეებთან სწავლობს ბიბლიას, ნუ შიშობთ, ამით თქვენი ოჯახი არ დაინგრევა. მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები წყვილები დარწმუნდნენ, რომ ბიბლიური ნორმებით ცხოვრებამ განამტკიცა მათი ქორწინება.
ერთმა ქმარმა, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე, გულწრფელად აღნიშნა: „თავიდან როცა ჩემი მეუღლე იეჰოვას მოწმე გახდა, ძალიან ვწუხდი; მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ის, რაც ამას შედეგად მოჰყვა, ნებისმიერი ტკივილის ფასად ღირდა“. სხვამ თქვა: „ჩემი მეუღლის ერთგულების, სიმტკიცისა და პრინციპულობის შემხედვარეს იეჰოვას მოწმეებზე კარგი შთაბეჭდილება შემექმნა. მისი რწმენის დამსახურებაა, რომ ჩვენი ოჯახი უფრო განმტკიცდა. ჩვენ ერთმანეთის ინტერესებს ვითვალისწინებთ და ჩვენთვის ქორწინება მუდმივი კავშირია“.
[ჩარჩო⁄სურათი 13 გვერდზე]
როგორ უყურებენ იეჰოვას მოწმეები ქორწინებას?
იეჰოვას მოწმეებისთვის ბიბლია ღვთისგან შთაგონებული სიტყვაა. ამიტომაც ისინი ყურადღებით ეკიდებიან იმას, რასაც ბიბლია ამბობს ქორწინებაზე. ვნახოთ, როგორ პასუხობს ბიბლია ქვემოთ მოცემულ კითხვებს:
▪ მოუწოდებენ იეჰოვას მოწმეები თანამორწმუნეებს, დაშორდნენ მეუღლეებს, რომლებიც მათ რწმენას არ იზიარებენ? არა. მოციქულმა პავლემ დაწერა: „თუ ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ის ქალი თანახმაა, მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს მას, ხოლო, თუ ქალს ურწმუნო ქმარი ჰყავს და ეს კაცი თანახმაა, მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს ქმარს“ (1 კორინთელები 7:12, 13). იეჰოვას მოწმეები მიჰყვებიან ამ მითითებას.
▪ მოუწოდებენ დაუმორჩილებლობისკენ იეჰოვას მოწმეები ცოლებს, რომელთა მეუღლეებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები? არა. მოციქულმა პეტრემ თქვა: „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, ვინც სიტყვას არ ემორჩილებიან, უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი ცოლების საქციელით, როცა დაინახავენ, რომ სუფთად იქცევით და დიდ პატივისცემას ავლენთ“ (1 პეტრე 3:1, 2).
▪ ასწავლიან იეჰოვას მოწმეები, რომ ქმრებს ყველაფრის უფლება აქვთ? არა. მოციქული პავლე წერდა: „მინდა იცოდეთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია“ (1 კორინთელები 11:3). ქრისტიანმა ცოლმა უნდა დააფასოს თავისი მეუღლე როგორც ოჯახის თავი. თუმცა ქმარს ყველაფრის უფლება არა აქვს. მას პასუხისმგებლობა აკისრია ღვთისა და ქრისტეს წინაშე. თუ ქმარი იმის გაკეთებას მოსთხოვს ცოლს, რითაც ღვთის კანონი დაირღვევა, ქრისტიანი ცოლი ‘ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დაემორჩილოს, როგორც მმართველს’ (საქმეები 5:29).
▪ ასწავლიან იეჰოვას მოწმეები, რომ გაყრა დაუშვებელია? არა. იესო ქრისტემ თქვა: „გეუბნებით: თუ ცოლს სიძვა არ ჩაუდენია [სექსუალური უზნეობა], ქმარი კი გაეყრება მას და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს“ (მათე 19:9). ამგვარად, იეჰოვას მოწმეები იზიარებენ იესოს შეხედულებას, რომ მრუშობა გაყრის საფუძვლიანი მიზეზია. მაგრამ, მათ ასევე მტკიცედ სწამთ, რომ ოჯახი უმნიშვნელო მიზეზების გამო არ უნდა დაინგრეს. ისინი მოუწოდებენ თავიანთ თანამორწმუნეებს, რომ მიჰყვნენ იესოს სიტყვებს: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან . . . ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:5, 6).