არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?

რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?

რას ვსწავლობთ იესოსგან?

რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?

იესომ სულ მცირე სამი ადამიანი აღადგინა მკვდრეთით, რითაც აჩვენა, რომ არსებობს მკვდრეთით აღდგომის იმედი (ლუკა 7:11—17; 8:49—56; იოანე 11:1—45). იმის გასაგებად, თუ რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის, პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, როგორ და რატომ გაჩნდა სიკვდილი.

რატომ ვხდებით ავად და რატომ ვკვდებით?

როცა იესომ ხალხს ცოდვები აპატია, ისინი განიკურნენ. მაგალითად, როცა იესოს დამბლადაცემული კაცი მოუყვანეს, მან თქვა: «„რისი თქმა უფრო ადვილია: გეპატია ცოდვები, თუ — ადექი და იარე? რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს ცოდვების პატიების ძალაუფლება აქვს დედამიწაზე . . .“, დამბლადაცემულს უთხრა: „ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი სახლში“» (მათე 9:2—6). ასე რომ, ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი ცოდვაა, რასაც მემკვიდრეობით ვიღებთ, და, რაც პირველი ადამიანისგან, ადამისგან წარმოიშვა (ლუკა 3:38; რომაელები 5:12).

რატომ მოკვდა იესო?

იესოს არასდროს შეუცოდავს. მაშასადამე, ის არ უნდა მომკვდარიყო. მაგრამ მან თავისი სიკვდილით ჩვენი ცოდვების საფასური გადაიხადა. მან თქვა, რომ მისი სისხლი მრავალთათვის უნდა დაღვრილიყო „ცოდვების მისატევებლად“ (მათე 26:28).

იესომ აგრეთვე თქვა: „კაცის ძეც არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28). მან გადახდილ საფასურს „გამოსასყიდი“ უწოდა, რადგან ის სიკვდილისგან გაათავისუფლებდა სხვებს. იესო ამბობდა: „მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ“ (იოანე 10:10, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). სრულად რომ გვესმოდეს მკვდრეთით აღდგომის იმედის მნიშვნელობა, უნდა ვიცოდეთ, რა მდგომარეობაში არიან მკვდრები.

რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

როცა იესოს მეგობარი ლაზარე მოკვდა, იესომ აღწერა, რა ხდება სიკვდილის შემდეგ. მან მოწაფეებს უთხრა: «„ჩვენმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა, მე მის გასაღვიძებლად [ბეთანიაში] მივდივარ“ . . . მათ კი ეგონათ, რომ ჩვეულებრივ ძილზე ლაპარაკობდა. მაშინ იესომ პირდაპირ უთხრა მათ: „ლაზარე მოკვდა“». ამგვარად, იესომ აჩვენა, რომ მკვდრები ვერაფერს გრძნობენ (იოანე 11:1—14).

როცა იესომ ლაზარე აღადგინა, ის უკვე ოთხი დღის მკვდარი იყო; მაგრამ ბიბლია არაფერს ამბობს, რა შეემთხვა ლაზარეს ამ ოთხი დღის განმავლობაში. ის უგრძნობ მდგომარეობაში იყო, მან არაფერი იცოდა (ეკლესიასტე 9:5, 10; იოანე 11:17—44).

რა იმედი არსებობს გარდაცვლილთათვის?

მკვდრები აღდგებიან და მათ მარადიული ცხოვრების იმედი ექნებათ. იესომ თქვა: „მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29).

ეს იმედი ღვთის სიყვარულზე მეტყველებს. იესო ამბობს: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16; გამოცხადება 21:4, 5).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი მე-6 *.

[სქოლიო]

^ აბზ. 15 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.