ხელახლა შობა რა ხდის მას შესაძლებელს?
ხელახლა შობა რა ხდის მას შესაძლებელს?
რატომ გამოიყენა იესომ გამოთქმა ‘სულისგან დაბადება’, როდესაც წმინდა სულით ნათლობაზე ლაპარაკობდა? (იოანე 3:5). როცა გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება, სიტყვა „დაბადებაში“ იგულისხმება „დასაწყისი“, მაგალითად ისეთ გამოთქმაში, როგორიცაა „ერის დაბადება“. აქედან გამომდინარე, „ხელახლა შობა“ მიუთითებს „ხელახალ დასაწყისზე“. სიტყვები „დაბადება“ და „ხელახლა შობა“ ხატოვანი გამოთქმებია და მიუთითებს იმ ახალ ურთიერთობაზე, რომელიც ღმერთსა და იმ ადამიანებს შორის იწყება, რომლებიც წმინდა სულით ინათლებიან. როდის იწყება ეს ახალი ურთიერთობა?
მოციქულმა პავლემ მამა-შვილს შორის ურთიერთობის მაგალითი მოიყვანა იმის დასანახვებლად, თუ როგორ ამზადებს ღმერთი ადამიანებს ზეცაში მმართველობისთვის. მან თანაქრისტიანებს მისწერა, რომ ისინი ‘შვილებას მიიღებდნენ’ და ღმერთი მათ ‘შვილებივით მოეპყრობოდა’ (გალატელები 4:5; ებრაელები 12:7). დავუბრუნდეთ ერთ-ერთ წინა სტატიაში მოხსენიებული ახალგაზრდის მაგალითს, რათა პავლეს მიერ მოყვანილი მაგალითის საფუძველზე უკეთ გავიგოთ, რა ხდება მაშინ, როცა ადამიანი წმინდა სულით ინათლება.
შვილებამ მდგომარეობა შეცვალა
მაგალითში მოყვანილ ახალგაზრდას არ შეეძლო იმ რაიონის სასწავლებელში ესწავლა, რომლის მკვიდრიც არ იყო. მაგრამ ერთ დღესაც მის ცხოვრებაში დიდი ცვლილება მოხდა. ის იშვილა ერთმა კაცმა, რომელიც იმ რაიონის მკვიდრი იყო. ახლა ის უკვე სარგებლობდა ყველა უფლებით, რაც იმ რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდათ; მას ზემოთ აღნიშნულ სასწავლებელშიც შეეძლო სწავლა. შვილებამ მისი მდგომარეობა სრულიად შეცვალა.
ეს მაგალითი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მათ ცხოვრებაზე, ვინც ხელახლა იბადება. მაგალითად, ახალგაზრდა იმ შემთხვევაში შეძლებდა აღნიშნულ სასწავლებელში შესვლას, თუ გარკვეულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა — ის კონკრეტული რაიონის მკვიდრი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს მასზე არ იყო დამოკიდებული. მსგავსად ამისა, ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იმმართველებს ღვთის სამეფოში, თუ დააკმაყოფილებს გარკვეულ მოთხოვნას ანუ „ხელახლა დაიბადება“. მაგრამ ხელახლა დაბადება მათზე კი არა, ღმერთზეა დამოკიდებული.
შვილებამ ახალგაზრდის მდგომარეობა შეცვალა და არა თავად ის. მას შემდეგ, რაც შვილობისთვის საჭირო მოთხოვნები დააკმაყოფილა, მას ახალი სტატუსი მიენიჭა. ახალგაზრდამ ახალი ცხოვრება დაიწყო და, ასე ვთქვათ, „ხელახლა დაიბადა“. იმის წყალობით, რომ იშვილეს, მას სასწავლებელში სწავლის უფლება მიეცა და მამობილის ოჯახის წევრი გახდა.
მსგავსად ამისა, იეჰოვამ არასრულყოფილ ადამიანთა განსაზღვრული რაოდენობა იშვილა, რის შემდეგაც მათი მდგომარეობა შეიცვალა. პავლე მოციქულმა, რომელიც ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, თანაქრისტიანებს მისწერა: «თქვენ . . . შვილების სული მიიღეთ, რომელი სულითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამა!“ ეს სული თვითონვე მოწმობს ჩვენს სულთან ერთად, რომ ღვთის შვილები ვართ» (რომაელები 8:15, 16). შვილობის საფუძველზე ეს ქრისტიანები ღვთის ოჯახის წევრები, ანუ „შვილები“ გახდნენ (1 იოანე 3:1; 2 კორინთელები 6:18).
ცხადია, ღვთის შვილობით ეს ქრისტიანები არ შეცვლილან, ისინი კვლავაც არასრულყოფილები დარჩნენ (1 იოანე 1:8). პავლემ მოგვიანებით აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც შვილობისთვის საჭირო მოთხოვნები დააკმაყოფილეს, მათ ახალი სტატუსი მიიღეს. როცა ისინი ღმერთმა იშვილა, ღვთის სულმა დაუმოწმა მათ, რომ ქრისტესთან ერთად იქნებოდნენ ზეცაში (1 იოანე 3:2). როდესაც ასეთი უტყუარი დამოწმება მიიღეს წმინდა სულისგან, მათ სრულიად ახალი თვალსაზრისი განუვითარდათ ცხოვრებაზე (2 კორინთელები 1:21, 22). მათ დაიწყეს ახალი ცხოვრება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელახლა დაიბადნენ.
ღვთის შვილების შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“ (გამოცხადება 20:6). ღვთის შვილები იესოსთან ერთად ღვთის ზეციერ სამეფოში იმეფებენ. პეტრე მოციქულმა მათ მისწერა, რომ მიიღებდნენ „უხრწნელ, წაუბილწველ და უჭკნობელ მემკვიდრეობას“, რომელიც ‘ზეცაში ენახებათ’ (1 პეტრე 1:3, 4). ეს მართლაც ძვირფასი მემკვიდრეობაა!
მაგრამ ამ მმართველობასთან დაკავშირებით წამოიჭრება კითხვა: თუ ხელახლა შობილნი ზეცაში იმმართველებენ, ვინ იქნებიან მათი ქვეშევრდომები? ეს საკითხი შემდეგ სტატიაში იქნება განხილული.
[სურათი 10 გვერდზე]
რა თქვა პავლემ შვილებაზე?