მოსამართლე, რომელიც სამართლიანად განსჯის
დაუახლოვდით ღმერთს
მოსამართლე, რომელიც სამართლიანად განსჯის
ზოგჯერ მოსამართლეებს უსამართლო ან ზედმეტად მკაცრი განაჩენი გამოაქვთ, რასაც ვერ ვიტყვით იეჰოვაზე, „სამართლიანობის მოყვარულ“ ღმერთზე (ფსალმუნი 37:28). მართალია, ღმერთი მომთმენია, მაგრამ არც მეტისმეტად შემწყნარებელია; იგი ყოველთვის სამართლიანად იქცევა. ახლა გავიგოთ, როგორ მოიქცა იეჰოვა, როცა ისრაელმა ურჩობა გამოავლინა და მოსეს დავა დაუწყო, რის შესახებაც რიცხვების მე-20 თავში ვკითხულობთ.
ისრაელებს მაშინ გამოელიათ წყალი, როცა უდაბნოში ხეტიალი უნდა დაესრულებინათ. * ხალხი ედავებოდა მოსესა და აარონს: „იმიტომ მოიყვანეთ იეჰოვას კრებული უდაბნოში, რომ ჩვენც დავიხოცოთ და ჩვენი პირუტყვიც?!“ (მუხლი 4). ისინი დრტვინავდნენ იმის გამო, რომ უდაბნო „უვარგისი ადგილი“ იყო; იქ არ იზრდებოდა „არც ლეღვი, არც ვაზი, არც ბროწეული“ — ის ხილი, რომელიც წლების წინ ისრაელმა მზვერავებმა აღთქმული მიწიდან წამოიღეს — და იქ არც „სასმელი წყალი“ იყო (მუხლი 5; რიცხვები 13:23). ფაქტობრივად, ხალხი მოსესა და აარონს იმაში ადანაშაულებდა, რომ უდაბნო არ იყო ისეთი ნაყოფიერი, როგორიც ის მიწა, რომელზეც უარი თქვა მდრტვინავმა წინა თაობამ.
იეჰოვას ხელი არ აუღია მდრტვინავ ისრაელებზე. პირიქით, მოსეს დაავალა: „აიღე ჯოხი და მოუხმეთ კრებულს შენ და აარონმა, შენმა ძმამ, უთხარით კლდეს მათ თვალწინ, რომ წყალი მოგცეთ“ (მუხლი 8). მოსემ პირველი ორი მითითება შეასრულა, მესამე კი უგულებელყო. ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვას ნათქვამისამებრ მოქცეულიყო და პირდაპირ მიემართა კლდისთვის, გამწარებულმა ხალხს უთხრა: „მომისმინეთ, ურჩებო! გადმოგიდინოთ ამ კლდიდან წყალი?“ (მუხლი 10; ფსალმუნი 106:32, 33). შემდეგ მოსემ „ორჯერ დაჰკრა ჯოხი კლდეს და გადმოსკდა წყალი“ (მუხლი 11).
მოსემ და აარონმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინეს. ღმერთმა უთხრა მათ: „არ დაემორჩილეთ ჩემს ბრძანებას“ (რიცხვები 20:24). ისინი ეურჩნენ ღმერთს — სწორედ ის დანაშაული ჩაიდინეს, რაშიც თავად სდებდნენ ხალხს ბრალს. ღვთის განაჩენი ცალსახა იყო: მოსე და აარონი ვერ შეიყვანდნენ ისრაელს აღთქმულ მიწაზე. მეტისმეტად მკაცრი ხომ არ იყო ეს განაჩენი? არა, რადგან ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
პირველი, ღმერთს არ უთქვამს მოსესთვის, ხალხს დალაპარაკებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მათთვის ურჩები ეწოდებინა. მეორე, მოსემ და აარონმა არ განადიდეს ღმერთი. „არ განმწმინდეთ“, — უთხრა იეჰოვამ მათ (მუხლი 12). მოსემ სიტყვებით, „გადმოგიდინოთ ამ კლდიდან წყალი?“, ფაქტობრივად თქვა, რომ ის და აარონი მოახდენდნენ ამ სასწაულს და არა ღმერთი. მესამე, ეს განაჩენი წარსულში გამოტანილი განაჩენის მსგავსი იყო. ღმერთმა არ შეიყვანა მდრტვინავი ისრაელის წინა თაობა ქანაანში და იგივე გააკეთა მოსესა და აარონის შემთხვევაშიც (რიცხვები 14:22, 23). და მეოთხე, მოსე და აარონი ისრაელის წინამძღოლები იყვნენ. რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია ღვთის მსახურს, მით მეტად არის ღვთის წინაშე ანგარიშვალდებული (ლუკა 12:48).
იეჰოვას ყოველთვის სამართლიანი განაჩენი გამოაქვს. შეუძლებელია, ღმერთმა უსამართლო განაჩენი გამოიტანოს, რადგან უყვარს სამართალი. ასეთი მოსამართლე ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ნდობასა და პატივისცემას!
[სქოლიო]
^ აბზ. 5 ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ისრაელები მზად იყვნენ ქანაანის მიწაზე შესასვლელად, სწორედ იმ მიწაზე, რომელიც ღმერთმა აბრაამს აღუთქვა. მაგრამ, როცა ათმა მზვერავმა ცუდი ამბავი მოიტანა, ხალხმა მოსეს წინააღმდეგ დრტვინვა დაიწყო. ამიტომ იეჰოვამ გადაწყვიტა, რომ ისრაელს 40 წელი ეხეტიალა უდაბნოში; ეს საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ ურჩი თაობა მომკვდარიყო.