არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა არჩევნის საშუალებას გვაძლევს

იეჰოვა არჩევნის საშუალებას გვაძლევს

დაუახლოვდით ღმერთს

იეჰოვა არჩევნის საშუალებას გვაძლევს

კანონი 30:11—20

„ხშირად მაშინებდა იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვას ერთგული ვერ დავრჩებოდი, მაგრამ არ ვიცოდი, რატომ“. ეს სიტყვები ეკუთვნის ერთ ქრისტიან ქალს, რომელსაც მძიმე ბავშვობის გამო, სულ ეჭვი ეპარებოდა საკუთარ შესაძლებლობებში. ხელი უნდა ჩავიქნიოთ ცხოვრებაზე, თუ არასახარბიელო გარემოში გვიწევს ყოფნა? ცხადია არა. იეჰოვა ღმერთმა ნების თავისუფლება გვიბოძა. ამიტომ ჩვენი მომავალი ცხოვრება ჩვენვე უნდა ავირჩიოთ. იეჰოვას სურს, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ და თავის სიტყვაში, ბიბლიაში, გვეუბნება, როგორ არის ეს შესაძლებელი. დავფიქრდეთ მოსეს სიტყვებზე, რომლებიც კანონის 30-ე თავშია ჩაწერილი.

რთულია ღვთის მოთხოვნების გაგება და მათი შესრულება? * მოსემ თქვა: „ეს მცნება, რომელსაც დღეს გიბრძანებ, არც ძნელი შესასრულებელია და არც მიუწვდომელი“ (მუხლი 11). იეჰოვა შეუძლებელს არ გვთხოვს. მისი მოთხოვნები გონივრული და ადვილად შესასრულებელია. არც მათი გაგებაა ძნელი. ღვთის მოთხოვნების გასაგებად ჩვენ „არც ცაში“ ასვლა გვჭირდება და არც „ზღვის გადაღმა“ გადასვლა (მუხლები 12, 13). ბიბლიაში გასაგებად წერია, როგორ უნდა ვიცხოვროთ (მიქა 6:8).

იეჰოვა ღმერთი მორჩილებას არ გვაიძულებს. მოსემ თქვა: „ვდებ შენ წინაშე სიცოცხლესა და სიკეთეს, სიკვდილსა და ბოროტებას“ (მუხლი 15). ჩვენი გადასაწყვეტია, სიცოცხლეს ავირჩევთ თუ სიკვდილს, სიკეთეს თუ ბოროტებას. ჩვენზეა დამოკიდებული ვიქნებით ღვთის თაყვანისმცემლები და მას დავემორჩილებით, თუ უარს ვიტყვით ამაზე. არჩევანი ჩვენზეა და შედეგებიც შესაბამისი იქნება (მუხლები 16—18; გალატელები 6:7, 8).

აქვს ჩვენს არჩევანს იეჰოვასთვის მნიშვნელობა? უდავოდ! „აირჩიე სიცოცხლე“, — თქვა ღვთის შთაგონებით მოსემ (მუხლი 19). როგორ შეგვიძლია სიცოცხლის არჩევა? მოსემ განმარტა: „თუ გეყვარება იეჰოვა, შენი ღმერთი, მოუსმენ მის ხმას და მიეკვრები მას“ (მუხლი 20). თუ იეჰოვას შევიყვარებთ, მისი მოსმენისა და მორჩილების სურვილიც გაგვიჩნდება და ნებისმიერ სიტუაციაში მისი ერთგულები დავრჩებით. ამგვარად, ავირჩევთ სიცოცხლეს. ამაზე უკეთესი გზა არ არსებობს, რადგან ის მიგვიყვანს ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მარადიულ სიცოცხლემდე (2 პეტრე 3:11—13; 1 იოანე 5:3).

მოსეს ნათქვამიდან ერთ რამეს ვსწავლობთ. ამ ბოროტ ქვეყნიერებაში, რაც არ უნდა გქონდეთ გადატანილი, ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა არ ღირს. არც ის იფიქროთ, რომ არაფერი გამოგივათ. იეჰოვამ ნების თავისუფლებით დაგაჯილდოვათ. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ შეიყვაროთ იეჰოვა ღმერთი, მოუსმინოთ მას და უერთგულოთ. თუ ასეთ არჩევანს გააკეთებთ, იეჰოვა აკურთხებს თქვენს ძალისხმევას.

ზემოხსენებულ ქალბატონს უდიდესი შვება მოჰგვარა იმის გაგებამ, რომ ჩვენზეა დამოკიდებული შევიყვარებთ და ვემსახურებით თუ არა იეჰოვა ღმერთს. მან აღნიშნა: „იეჰოვა ძალიან მიყვარს. ზოგჯერ მავიწყდება, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. იეჰოვას სიყვარული მეხმარება მისი ერთგული დავრჩე“. ღვთის დახმარებით ამას თქვენც შეძლებთ!

[სქოლიო]

^ აბზ. 5 იხილეთ 2009 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „დაუახლოვდი იეჰოვას — რას ითხოვს იეჰოვა ჩვენგან?“