„იეჰოვა გულს ხედავს“
დაუახლოვდით ღმერთს
„იეჰოვა გულს ხედავს“
გარეგნობა მაცდურია. ადამიანი შეიძლება ისეთი არ იყოს შინაგანად, როგორიც გარეგნულად ჩანს. ადამიანები ხშირად გარეგნობით აფასებენ ერთმანეთს. საბედნიეროდ, იეჰოვა ღმერთი ბევრ რამეს ხედავს გარეგნობის მიღმა. ეს კარგად ჩანს 1 სამუელის 16:1—12-ში ჩაწერილი სიტყვებიდან.
წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: იეჰოვა ისრაელზე ნიშნავს ახალ მეფეს. ღმერთი ეუბნება წინასწარმეტყველ სამუელს: „ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მისი ვაჟებიდან ამოვირჩიე მეფე“ (მუხლი 1). იეჰოვა სამუელს მომავალი მეფის სახელს არ ეუბნება, თუმცა იმაზე მიანიშნებს, რომ მისი რჩეული იესეს ერთ-ერთი ვაჟი იქნება. ალბათ, ბეთლემისკენ მიმავალი სამუელი ფიქრობს: „როგორ გავიგო, იესეს რომელი ვაჟი აირჩია იეჰოვამ?“
ბეთლემში სამუელს იესე და მისი ვაჟები მსხვერპლის შესაწირავად მიჰყავს. როცა იგი იესეს უფროს ვაჟს ელიაბს დაინახავს, მაშინვე თვალში ხვდება მისი გარეგნობა. სამუელი თვლის, რომ ელიაბს მეფისთვის შესაფერი სიმაღლე აქვს. ის გულში ფიქრობს: „ნამდვილად ეს არის იეჰოვას ცხებული“ (მუხლი 6).
იეჰოვა სულ სხვაგვარად აფასებს ადამიანს. ის სამუელს ეუბნება: „ნუ უყურებ მის გარეგნობასა და სიმაღლეს, რადგან უარვყავი იგი“ (მუხლი 7). იეჰოვასთვის ბევრს არ ნიშნავს ელიაბის სილამაზე და სიმაღლე. ის გარეგნობის მიღმა, ადამიანის შინაგან სამყაროში ხედავს ნამდვილ სილამაზეს.
იეჰოვა უხსნის სამუელს: „ღმერთი ისე არ უყურებს, როგორც ადამიანი, რადგან ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს, იეჰოვა კი გულს ხედავს“ (მუხლი 7). დიახ, იეჰოვასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის გული — მისი შინაგანი სამყარო, იქნება ეს ფიქრები, განწყობა თუ გრძნობები. „გულების შემმოწმებელი“ უარყოფს ელიაბსა და მის ექვს ძმას, რომლებიც სამუელის წინაშე წარსდგნენ (იგავები 17:3).
იესეს კიდევ ერთი ვაჟი, დავითი ჰყავს. ის ძმებს შორის ყველაზე უმცროსია და ცხვარს მწყემსავს (მუხლი 11). დავითს მინდვრიდან უხმობენ. იეჰოვა ეუბნება სამუელს: „ადექი და სცხე, ეს არის ის!“ (მუხლი 12). აღსანიშნავია ისიც, რომ დავითს ‘ლამაზი თვალები და კარგი შესახედაობა აქვს’, მაგრამ იეჰოვა მის გარეგნობას კი არ აქცევს ყურადღებას, არამედ მის გულს (1 სამუელი 13:14).
დღეს მთელ მსოფლიოში დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარეგნულ სილამაზეს. რა კარგია, რომ იეჰოვა ღმერთი გარეგნობით არ აფასებს ადამიანს! მისთვის მნიშვნელობა არა აქვს თქვენს სიმაღლეს ან იმას, ხართ თუ არა სხვების თვალში ლამაზი. მისთვის მთავარი ისაა, თუ როგორი გული გაქვთ. ამის გაგების შემდეგ, ალბათ, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ იეჰოვას თვალში ლამაზები იყოთ და მისთვის სასურველი თვისებები განივითაროთ.