არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ძველი დროის მოგზაურები ხმელთაშუა ზღვისპირეთს გასცდნენ

ძველი დროის მოგზაურები ხმელთაშუა ზღვისპირეთს გასცდნენ

ძველი დროის მოგზაურები ხმელთაშუა ზღვისპირეთს გასცდნენ

დღეს ჩვეულებრივ რამედ იქცა ერთი კონტინენტიდან მეორეზე გადაფრენა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ხალხი ბიბლიურ დროშიც კი მოგზაურობდა შორ მანძილზე.

ქრისტემდე დაახლოებით 1 000 წლით ადრე მეფე სოლომონმა ააგო ხომალდები, რომელთაც ტვიროსის მეფე ხირამის ხომალდებთან ერთად ისრაელში შორეული ტერიტორიებიდან ჩაჰქონდათ საჭირო საქონელი (1 მეფეები 9:26—28; 10:22). ძვ. წ. IX საუკუნეში წინასწარმეტყველი იონა ისრაელში მდებარე ხმელთაშუა ზღვის საპორტო ქალაქ იოპედან ხომალდით გაემგზავრა თარშიშში * (იონა 1:3). ახ. წ. პირველ საუკუნეში მოციქული პავლე კესარეადან ისრაელის ქალაქ პუტეოლეში (დღევანდელი პოცუოლი, რომელიც მდებარეობს იტალიაში, ნეაპოლის ყურეში) ხომალდით გადაიყვანეს (საქმეები 27:1; 28:13).

ისტორიკოსების თქმით, პავლეს დროს ვაჭრები ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან წითელი ზღვის გავლით ხშირად მიემგზავრებოდნენ ინდოეთში; II საუკუნის შუა პერიოდში ზოგმა ვაჭარმა ჩინეთამდეც ჩააღწია. * რა შეიძლება ითქვას ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან დასავლეთით მოგზაურობებზე? რამდენად შორ მანძილზე მოგზაურობდნენ ძველ დროში დასავლეთის მიმართულებით?

ფინიკიელთა მოგზაურობები

პავლეს დრომდე საუკუნეებით ადრე ის ხალხი, ვინც ზღვით მგზავრობდა, დასავლეთში სავაჭრო კოლონიებს აარსებდა. როგორც ამბობენ, ფინიკიელებმა, რომელთა სამშობლო დღევანდელი ლიბანის ტერიტორიაზე მდებარეობდა, ძვ. წ. 1 200 წელს ატლანტის ოკეანემდეც კი მიაღწიეს. დაახლოებით ძვ. წ. 1 100 წელს მათ გიბრალტარის სრუტის მეორე მხარეს ქალაქი გადესი დაარსეს, რომელიც დღეს ესპანეთის საპორტო ქალაქ კადისის სახელითაა ცნობილი. იქ სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად მოიპოვებოდა ვერცხლი, კალა კი ვაჭრებს ატლანტის ოკეანის გავლით შეჰქონდათ ქვეყანაში.

ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ დაწერა, რომ ძვ. წ. VII საუკუნეში ეგვიპტის ფარაონმა ნექომ წითელი ზღვის შესართავთან თავი მოუყარა ფინიკიელთა ხომალდებს, რომლებიც სავსე იყო ფინიკიელი მეზღვაურებით. ეს იმ მიზნით გააკეთა, რომ აფრიკისთვის აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით შემოევლო.

ამ პერიოდისთვის ფინიკიელებს აფრიკის სანაპიროების შესწავლა საუკუნეების წინათ ჰქონდათ დაწყებული. დიდი დინებებისა და შტორმის დროს მეზღვაურებს, რომლებიც ატლანტის ოკეანის სანაპიროს სამხრეთით მიუყვებოდნენ, ძალიან უჭირდათ შორს გადაადგილება. როგორც ჰეროდოტე წერს, ფინიკიელებმა ახალი ექსპედიცია წითელი ზღვიდან დაიწყეს და შემდეგ აფრიკის სანაპიროს აღმოსავლეთიდან ინდოეთის ოკეანის სამხრეთით აიღეს გეზი. ზაფხულის დამდეგს ისინი ხმელეთს მიადგნენ. მათ იქ დათესეს მარცვლეული და მოსავლის აღებამდე დარჩნენ. ჰეროდოტეს თქმით, მესამე წელს ფინიკიელებმა მთელ კონტინენტს შემოუარეს. მათი მოგზაურობა ხმელთაშუა ზღვის გავლით ეგვიპტეში დასრულდა.

ჰეროდოტემ თავისი ნაშრომის ბოლოს აღნიშნა, რომ ფინიკიელებმა ისეთი რამ იხილეს, რაც მისთვის წარმოუდგენელი იყო; მაგალითად, როცა მათ მიაღწიეს აფრიკის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთს, მზე მათგან მარჯვნივ იყო. ძველი ბერძნებისთვის ამის დაჯერება რთული იყო. მას, ვისაც ეკვატორიდან ჩრდილოეთით უცხოვრია, მზეს ყოველთვის სამხრეთით ხედავს. ამიტომ, როცა დასავლეთით მიემგზავრება, მზე მარცხნივ არის. მაგრამ კეთილი იმედის კონცხზე, რომელიც ეკვატორის სამხრეთით მდებარეობს, შუადღით მზე ჩრდილოეთიდან ამოდის, ანუ მათგან მარჯვნივაა, ვინც დასავლეთის მიმართულებით მგზავრობს.

ჰეროდოტეს ეს ნაშრომი საუკუნეების მანძილზე საკამათო თემად იქცა. ბევრისთვის შეიძლება დაუჯერებელი იყოს, რომ უძველეს დროში მეზღვაურებმა აფრიკის კონტინეტს შემოუარეს. მაგრამ სწავლულებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ფარაონი ნექო მართლაც ჩაუდგა ამ ექსპედიციას სათავეში, და ამაში არაფერი იყო გასაკვირი, რადგან იმდროინდელ მეზღვაურებს საჭირო ცოდნა და გამოცდილება ჰქონდათ. ისტორიკოსი ლაიონელ კასონი აცხადებს: „ასეთი მოგზაურობა სრულიად შესაძლებელი იყო. ეჭვის არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ფინიკიელი მეზღვაურები იმ მეთოდებით, რომელიც ჰეროდოტემ თავის ნაშრომში მოიხსენია, ვერ შეძლებდნენ დროის მოცემულ მონაკვეთში ასეთ შორ მანძილზე მოგზაურობას“. დაზუსტებით არავის შეუძლია იმის თქმა, თუ რატომ არ არის ჰეროდოტეს ცნობები სანდო. და მაინც, ეს ყველაფერი მხოლოდ მცირეოდენ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა ფასად უჯდებოდათ მეზღვაურებს ზღვის იმ სანაპიროებამდე მიღწევა, რომელთა არსებობის შესახებ მაშინ არავინ არაფერი იცოდა.

პითეასი ჩრდილოეთისკენ მიცურავს

ძველად ხმელთაშუა ზღვისპირეთის ხალხებიდან მხოლოდ ფინიკიელები არ მოგზაურობდნენ დასავლეთით, ატლანტის ოკეანისკენ. იმ კოლონიებს შორის, რომლებიც მთელ ხმელთაშუა ზღვისპირეთში ბერძენმა მოგზაურებმა დაარსეს, იყო ქალაქი მასალია (დღევანდელი მარსელი, საფრანგეთი). საზღვაო თუ სახმელეთო ვაჭრობის წყალობით ეს ქალაქი აყვავდა. მასალიიდან ჩრდილოეთში ვაჭრებს გაჰქონდათ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ღვინო, ზეთი და ბრინჯაოს ნაკეთობები, ჩრდილოეთიდან კი შავი მეტალები და ქარვა შემოჰქონდათ. ცხადია, თავად მასალიელებიც დაინტერესდებოდნენ, სად მოიპოვებოდა ძვირფასი ქვები და ლითონები. დაახლოებით ძვ. წ. 320 წელს მასალიელმა მოგზაურმა პითეასმა გადაწყვიტა, თავად მოენახულებინა შორეულ ჩრდილოეთში მდებარე ქვეყნები.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პითეასმა დაწერა წიგნი „ოკეანე“, რომელშიც აღწერა თავისი მოგზაურობები. ამ წიგნის თავდაპირველი, ბერძნულ ენაზე შესრულებული ტექსტი დიდი ხანია, აღარ არსებობს, მაგრამ დღემდე მოღწეულია, სულ მცირე, 18 მწერლის მიერ ამ წიგნიდან ციტირებული ადგილები. ამ ციტატებიდან ჩანს, რომ პითეასმა დეტალურად აღწერა ზღვები, ზღვის მიმოქცევა, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და იმ ქვეყნების მოსახლეობა, რომლებიც თავად მოინახულა. გარდა ამისა, მან გამოიყენა გნომონი, ხელსაწყო, რომლის ჩრდილის სიგრძითაც გამოიანგარიშა ჰორიზონტიდან შუადღის მზის სიმაღლე და ამით განსაზღვრა, ჩრდილოეთის მიმართულებით რა მანძილი ჰქონდა გავლილი.

პითეასს მიზნად ჰქონდა, მეცნიერული კვლევა-ძიება ჩაეტარებინა. მაგრამ მოგზაურობის დროს ამ მიზნის მიღწევა გაუჭირდებოდა, რადგან, სწავლულების თქმით, ის მასალიიდან ვაჭრებმა გაგზავნეს და მათვე დააფინანსეს; მას უნდა მიეგნო იმ საზღვაო მარშრუტისთვის, რომელიც შორეულ სანაპიროებამდე მიიყვანდა, სადაც ქარვა და კალა მოიპოვებოდა. მაშ, საითკენ აიღო პითეასმა გეზი?

ბრეტანი, დიდი ბრიტანეთი და მის საზღვრებს მიღმა

როგორც ჩანს, პითეასმა შემოუარა იბერიის ნახევარკუნძულს და გალიის სანაპიროდან ბრეტანამდე გაცურა, სადაც ცოტა ხნით შეყოვნდა. მის მიერ გნომონით გაზომილი მზის სხივის დაცემის კუთხე ადასტურებს, რომ ის ხმელეთზე, სადღაც ჩრდილო ბრეტანში იმყოფებოდა. *

ბრეტანში ბევრი გამოცდილი გემთმშენებელი და მეზღვაური იყო, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ვაჭრობდნენ. დიდი ბრიტანეთის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კორნუოლი მდიდარი იყო კალით, რომელიც ბრინჯაოს ერთ-ერთი ძირითადი შენადნობია. ამიტომ პითეასმა ამჯერად ბრიტანეთის მიმართულებით გაცურა. მის მიერ აღწერილი ბრიტანეთის ფართობი და სამკუთხა ფორმა იმაზე მეტყველებს, რომ მან ნამდვილად შემოუარა ამ კუნძულს.

მართალია, დაზუსტებით ვერავინ იტყვის, რა მარშრუტით მოგზაურობდა პითეასი, მაგრამ მას თავისუფლად შეეძლო გაეცურა ბრიტანეთისა და ირლანდიის კუნძულებს შორის, და კუნძულ მენზე შეესვენა, რომლის განედი შეესაბამება მის მიერ მეორედ გაზომილი მზის სხივის დაცემის კუთხეს. პითეასმა ჰორიზონტიდან მზის სიმაღლე გნომონის ჩრდილის სიგრძით მესამედ, შესაძლოა, შოტლანდიის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე ჰებრიდის ერთ-ერთ კუნძულზე, ლუისზე გამოიანგარიშა. აქედან, როგორც ჩანს, მან გზა შოტლანდიის ჩრდილოეთით, ორკნის კუნძულებისკენ განაგრძო, რადგან პლინიუს უფროსის მიერ პითეასის წიგნიდან მოყვანილი ციტატიდან ჩანს, რომ ორკნის კუნძულები 40 კუნძულს აერთიანებდა.

როგორც თავად პითეასმა დაწერა, ბრიტანეთის ჩრდილოეთით ექვსდღიანი მოგზაურობის შემდეგ ის გაჩერდა მიწაზე, რომელსაც ტულე ერქვა. რამდენიმე ძველი მწერალი პითეასის მიერ აღწერილ ტულეს „შუაღამის მზის ქვეყანას“ უწოდებს. მომდევნო დღეს პითეასმა გაცურა ისეთი ადგილისკენ, სადაც ზღვა „გაყინული დახვდა“. დღეს ბევრს განსხვავებული აზრი აქვს იმის თაობაზე, თუ ზუსტად სად მდებარეობდა პითეასის მიერ მოხსენიებული ტულე; ზოგი ფიქრობს, რომ ეს ქალაქი დღევანდელი ფარერის კუნძულების ტერიტორიაზე მდებარეობდა, ზოგი ნორვეგიას ასახელებს, ზოგი კი — ისლანდიას. სადაც არ უნდა ყოფილიყო ტულეს ადგილმდებარეობა, ძველი დროის მწერლებს სჯეროდათ, რომ ის იყო „უკიდურეს ჩრდილოეთში დასახლებული პუნქტი“.

ვარაუდობენ, რომ პითეასი დიდ ბრიტანეთში იმავე გზით დაბრუნდა, რომელსაც თავიდან დაადგა, და კიდევ ერთი წრე დაარტყა ამ კუნძულს. ცნობილი არ არის, ხმელთაშუა ზღვისპირეთში ჩასვლამდე იხილა თუ არა მან ჩრდილოეთ ევროპის სანაპირო. როგორც უნდა იყოს, პლინიუს უფროსის მიერ მოყვანილი ციტატიდან ჩანს, რომ პითეასმა ნამდვილად მიაღწია იმ ქვეყნებამდე, სადაც ქარვა მოიპოვებოდა. ეს ძვირფასი ქვა დღესაც მოიპოვება დღევანდელი დანიის ერთ-ერთ ნაწილში მდებარე იუტლანდიაში და ბალტიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. რასაკვირველია, პითეასს შეეძლო შეესწავლა ეს ადგილები, თუ ესტუმრებოდა ბრიტანეთის აღმოსავლეთით მდებარე ნებისმიერ საპორტო ქალაქს, მაგრამ მას არსად არაფერი აქვს ნათქვამი ამის შესახებ.

კიდევ ერთი ცნობილი მოგზაური, ვინც აღწერა დიდ ბრიტანეთში თავისი მოგზაურობა, იყო რომაელი იულიუს კეისარი, რომელმაც ამ კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე ძვ. წ. 55 წელს დადგა ფეხი. ახ. წ. 6 წელს სხვა რომაელმა მოგზაურებმაც ჩააღწიეს იუტლანდიის ჩრდილოეთ ნაწილში.

უფრო შორეულ ტერიტორიებამდე მიღწევა

ფინიკიელები და ბერძნები გასცდნენ ხმელთაშუა ზღვისპირეთს — აითვისეს ატლანტის ოკეანე, იმოგზაურეს სამხრეთით აფრიკის და ჩრდილოეთით არქტიკის მიმართულებით, რითაც დიდი წვლილი შეიტანეს მსოფლიო გეოგრაფიის შესწავლაში. იმდროინდელ მსოფლიოში ჩვეულებრივი რამ იყო აღმოჩენები, ვაჭრობა, უფრო შორეულ ტერიტორიებამდე მიღწევა და წარმოუდგენლად შორ მანძილებზე მოგზაურობა, რაც ცოდნის შეძენასა და თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურებოდა.

ძველი აღმოჩენების თაობაზე დღემდე მოღწეული ჩანაწერები ძალიან მწირ ცნობებს გვაწვდის იმ უშიშარ მოგზაურებზე, რომლებმაც შორეულ ქვეყნებამდე მშვიდობით ჩააღწიეს. რამდენი მეზღვაური დაბრუნებულა სამშობლოში ისე, რომ არაფერი დაუწერია თავისი მოგზაურობის შესახებ და რამდენი მოგზაური ვეღარ დაბრუნებულა უკან?! ეს კითხვები უპასუხოდ რჩება. და მაინც, ეს მოგზაურობები წარმოდგენას გვიქმნის, თუ როგორ ვრცელდებოდა ქრისტიანობა (იხილეთ ზემოთ მოყვანილი ჩარჩო).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ვარაუდობენ, რომ ეს ქალაქი, რომელსაც ბერძენი და რომაელი მწერლები ტარტესოსად მოიხსენიებდნენ, სამხრეთ ესპანეთში მდებარეობდა.

^ აბზ. 4 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 2009 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკის“ სტატია „რამდენად შორს წავიდნენ მისიონერები აღმოსავლეთისკენ?“

^ აბზ. 16 თანამედროვე ტერმინოლოგიით, ეს მხარე მდებარეობს ჩრდილოეთ განედის 48 და 42 გრადუსებს შორის.

[ჩარჩო 29 გვერდზე]

სასიხარულო ცნობა „ექადაგა ყველა ქმნილებას“

დაახლოებით ახ. წ. 60—61 წლებში მოციქული პავლე წერდა, რომ სასიხარულო ცნობა „ექადაგა ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლოსელები 1:23). გულისხმობდა ის იმას, რომ ქრისტიანებს უკვე ჰქონდათ ნაქადაგები ინდოეთში, შორეულ აღმოსავლეთში, აფრიკაში, ესპანეთში, გალიაში, დიდ ბრიტანეთში, ბალტიის ზღვისპირეთში და პითეასის მიერ მოხსენიებულ ტულეში? ეს საეჭვოა, მაგრამ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით.

ერთ რამეში დარწმუნებული ვართ, რომ სასიხარულო ცნობა ყველგან ვრცელდებოდა. მაგალითად, იუდეველებმა და პროზელიტებმა, რომლებმაც ქრისტიანობა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მიიღეს, ახალშეძენილი რწმენა პართიაში, ელამში, მიდიაში, შუამდინარეთში, არაბეთში, მცირე აზიაში, კირენესკენ მდებარე ლიბიის მხარესა და რომში გაავრცელეს. ეს ქვეყნები მოიცავდა პავლეს დღეებში ყველასთვის კარგად ცნობილ იმდროინდელ მსოფლიოს (საქმეები 2:5—11).

[დიაგრამა⁄რუკა 26, 27 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ჰეროდოტეს ცნობის თანახმად, აფრიკის კონტინენტის უკიდურესი ნაწილის შემოვლისას მეზღვაურებმა მზე მარჯვნივ დაინახეს

[რუკა]

აფრიკა

ხმელთაშუა ზღვა

ინდოეთის ოკეანე

ატლანტის ოკეანე

[დიაგრამა⁄რუკა 28, 29 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ბერძენმა მოგზაურმა პითეასმა ზღვით საკმაოდ დიდი მანძილი გაიარა

[რუკა]

მარსელი

იბერიის ნახევარკუნძული

ირლანდია

ისლანდია

ნორვეგია

ჩრდილოეთის ზღვა

დიდი ბრიტანეთი

ბრეტანი

იბერიის ნახევარკუნძული

აფრიკის ჩრდილოეთი სანაპირო

ხმელთაშუა ზღვა

მარსელი