არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

2 ვის მიმართ?

2 ვის მიმართ?

ლოცვა

2 ვის მიმართ?

დღეს მსოფლიოში მრავალი ფიქრობს, რომ მათი ლოცვები შესმენილი იქნება იმისდა მიუხედავად, ვის მიმართავენ ლოცვით. ამ აზრს იზიარებენ ეკუმენური მოძრაობის მხარდამჭერებიც, რომელთაც სხვადასხვა რელიგიების გაერთიანება სურთ. მაგრამ, რამდენად შეესაბამება მათი მოსაზრება რეალობას?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მრავალი ლოცვით არ მიმართავს მას, ვისაც სინამდვილეში უნდა მიმართავდეს. იმ დროს, როცა ბიბლია იწერებოდა, უმეტესობა ლოცვით ქანდაკებებს მიმართავდა, რისი კეთებაც ღმერთმა მათ არაერთხელ აუკრძალა. მაგალითად კერპების შესახებ ფსალმუნის 115:4—6-ში წერია: „ყურები აქვთ და არ ესმით“. აქედან გამომდინარე, რატომ უნდა მივმართოთ ლოცვით მას, ვისაც არაფერი ესმის?

ერთი ბიბლიური ისტორია ამ საკითხს მეტ ნათელს ჰფენს. ღვთის წინასწარმეტყველმა ელიამ ბაალის წინასწარმეტყველებს შესთავაზა, რომ მათ თავიანთი ღმერთისთვის მიემართათ ლოცვით, ელია კი თავის ღმერთს მიმართავდა. ელიამ თქვა, რომ ცრუ ღმერთისგან განსხვავებით ლოცვას მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი შეისმენდა. ბაალის წინასწარმეტყველები დათანხმდნენ ელიას წინადადებას და თავიანთ ღმერთს დიდხანს და მონდომებით მიმართავდნენ; ისინი მთელი ხმით ყვიროდნენ კიდეც, მაგრამ უშედეგოდ. ბიბლიაში წერია: „არც ხმა იყო, არც პასუხი და არც არანაირი გამოხმაურება“ (1 მეფეები 18:29). მაგრამ, რა მოხდა, როცა ელიამ ილოცა?

ლოცვის დამთავრებისთანავე ზეციდან ცეცხლი ჩამოვარდა და შთანთქა ელიას შესაწირავი, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვა. რა იყო ამის მიზეზი? ელიას ლოცვა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო იყო შესმენილი, რაც კარგად ჩანს 1 მეფეების 18:36, 37-დან. მოკლე ლოცვაში, რომელიც ებრაულად მხოლოდ 30 სიტყვისგან შედგებოდა, მან სამჯერ მოიხსენია ღვთის სახელი, იეჰოვა.

ქანაანელების ღმერთის, ბაალის სახელი ნიშნავს „ბატონს“ ან „პატრონს“. ამ სახელს ქანაანელთა სხვა ღმერთებიც ატარებდნენ. სახელი იეჰოვა კი განუმეორებელია, რადგან მას მთელ სამყაროში მხოლოდ ერთადერთი პიროვნება ატარებს. ის არის ღმერთი, რომელმაც თავის ხალხს უთხრა: „მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას“ (ესაია 42:8).

ელიასგან განსხვავებით, რატომ არ იქნა შესმენილი ბაალის წინასწარმეტყველთა ლოცვა? მათი თაყვანისმცემლობისთვის დამახასიათებელი იყო აღვირახსნილი რიტუალები და ადამიანთა მსხვერპლშეწირვა. მათგან განსხვავებით იეჰოვას თაყვანისცემა დადებითად მოქმედებდა მის მსახურებზე და იცავდა მათ ასეთი ამაზრზენი წეს-ჩვეულებებისგან. დავუშვათ, გსურთ, წერილი გაუგზავნოთ მეგობარს, რომელსაც ძალიან აფასებთ. გაუგზავნიდით ამ წერილს სრულიად უცხო ადამიანს, რომელსაც თქვენი მეგობრისგან განსხვავებით ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს? რა თქმა უნდა, არა.

როცა იეჰოვას მიმართავთ ლოცვით, თქვენ სამყაროსა და კაცობრიობის შემოქმედს ესაუბრებით. * „შენ, იეჰოვა, ჩვენი მამა ხარ!“ — ეუბნებოდა ესაია წინასწარმეტყველი ლოცვაში ღმერთს (ესაია 63:16). სწორედ მის შესახებ უთხრა იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს: „მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან“ (იოანე 20:17). იეჰოვა იესოს მამაა. ის არის ღმერთი, რომელსაც თავად იესო მიმართავდა ლოცვით და რომლისთვისაც ლოცვით იესოს მიმდევრებსაც უნდა მიემართათ (მათე 6:9).

გვასწავლის ბიბლია, რომ ლოცვით იესოს, მარიამს, წმინდანებს ან ანგელოზებს მივმართოთ? ბიბლიის თანახმად, ლოცვით მხოლოდ იეჰოვას უნდა მივმართოთ. ამისათვის ორი მიზეზი არსებობს. პირველი: ლოცვა ღვთის თაყვანისცემის ნაწილია და ბიბლიის მიხედვით, თაყვანისცემა მხოლოდ იეჰოვა ღმერთს ეკუთვნის (გამოსვლა 20:5). მეორე: ბიბლიაში მხოლოდ იეჰოვას ეწოდება „ლოცვების მომსმენი“ (ფსალმუნი 65:2). მართალია, მან არაერთი პასუხისმგებლობა მიანდო სხვებს, მაგრამ ლოცვების მოსმენა არავისთვის დაუვალებია. იეჰოვა გვპირდება, რომ ჩვენს ლოცვებს პირადად მოისმენს.

ასე რომ, თუ გსურთ, ღმერთმა თქვენი ლოცვებიც შეისმინოს, გახსოვდეთ ბიბლიაში ჩაწერილი მითითება: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (საქმეები 2:21). მაგრამ განურჩევლად ყველა ლოცვას ისმენს ღმერთი? კიდევ რისი გათვალისწინება გვმართებს, რათა იეჰოვამ ჩვენი ლოცვები შეისმინოს?

[სქოლიო]

^ აბზ. 9 ზოგიერთი რელიგიური ტრადიციის მიხედვით, ღვთის სახელის გამოყენება ლოცვის დროსაც კი იკრძალება. მაგრამ ბიბლიის ორიგინალში ღვთის სახელი დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება, უმეტესად იეჰოვას ერთგული მსახურების ლოცვებსა და ფსალმუნებში.

[სურათი 5 გვერდზე]

ბაალის წინასწარმეტყველებისა და ელიას შემთხვევიდან გამოჩნდა, რომ ღმერთი ყველა ლოცვას არ ისმენს