დაუახლოვდით ღმერთს
„მოგენატრება შენი ხელის ქმნილება“
ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ იტანჯება და კვდება ჩვენთვის საყვარელი ადამიანი. ბუნებრივია, ახლობლის დაკარგვა ძალიან გვამწუხრებს, მაგრამ მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ჩვენს შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს, ესმის ჩვენი გულისტკივილი. უფრო მეტიც, ის ელოდება იმ დროს, როცა თავის ძლევამოსილებას მკვდრებისთვის სიცოცხლის დასაბრუნებლად გამოიყენებს. ყურადღება მიაქციეთ, თუ რა იმედი ჩანს იობის სიტყვებში, რომლებიც იობის 14:13—15-შია ჩაწერილი.
იობს, რომელსაც მტკიცე რწმენა ჰქონდა, მძიმე განსაცდელების გადატანა მოუწია — მან დაკარგა ქონება, მოუკვდა შვილები და თვითონ მძიმედ დაავადდა. მწუხარებაში მყოფმა იობმა ღმერთს შეღაღადა: „ნეტავ დამმალავდე სამარეში [კაცობრიობის საერთო სამარეში]“! (მუხლი 13). იობისთვის სამარე მწუხარების დასასრული იყო. სამარეში ის თავისუფალი იქნებოდა გასაჭირისა და ტკივილისგან, თითქოს ღვთისგან გადამალული განძი ყოფილიყო. *
იქნებოდა იობისთვის შეოლი სამუდამო თავშესაფარი? ის ასე არ ფიქრობდა. ლოცვაში მან ღმერთს უთხრა: „ნეტავ . . . დამიდგენდე დროს და გამიხსენებდე!“. იობი დარწმუნებული იყო, რომ შეოლში ის დროებით იქნებოდა და იეჰოვა არ დაივიწყებდა მას. მან ის დრო, რომელსაც შეოლში გაატარებდა, შეადარა „მონურ სამუშაოს“, იძულებითი ლოდინის პერიოდს. რამდენ ხანს გასტანდა ეს დრო? „სანამ შვება მოვიდოდეს“, — თქვა იობმა (მუხლი 14). ეს შვება ნიშნავს შეოლიდან დახსნას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მკვდრეთით აღდგომას!
რატომ იყო იობი დარწმუნებული, რომ შვებას მიიღებდა? იმიტომ, რომ მან იცოდა, რას გრძნობს მოსიყვარულე შემოქმედი ერთგული თაყვანისმცემლების მიმართ, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან. იობმა თქვა: „დამიძახებ და მე პასუხს გაგცემ, ვინაიდან მოგენატრება შენი ხელის ქმნილება“ (მუხლი 15). მან კარგად იცოდა, რომ ღვთის მიერ იყო შექმნილი. სიცოცხლის მომცემ ღმერთს, რომელმაც იობი საშვილოსნოში გამოსახა, ნამდვილად შეუძლია მისთვის სიცოცხლის დაბრუნება (იობი 10:8, 9; 31:15).
იობის სიტყვებიდან ვსწავლობთ, რომ იეჰოვა მოსიყვარულე ღმერთია — მას განსაკუთრებით უყვარს ისეთი ადამიანები, რომლებიც იობის მსგავსად გამოძერწვის საშუალებას აძლევენ, რათა მის თვალში სასურველებად იქცნენ (ესაია 64:8). იეჰოვა ძალიან აფასებს თავის თაყვანისმცემლებს. მას ენატრება ყველა ერთგული მსახური, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან. ერთი სწავლული ამბობს, რომ ის ებრაული სიტყვა, რომელიც მონატრებად ითარგმნა, „უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე შესაფერისი სიტყვაა იმ გრძნობის გამოსახატავად, რომელიც ხანგრძლივი მონატრებით არის გამოწვეული“. იეჰოვას არა მხოლოდ ახსოვს თავისი თაყვანისმცემლები, არამედ ენატრება კიდეც ის დრო, როცა მათ სიცოცხლეს დაუბრუნებს.
საბედნიეროდ, წიგნ „იობში“, რომელიც ბიბლიის ერთ-ერთი პირველი წიგნია, იეჰოვამ საჭიროდ ჩათვალა, გაემჟღავნებინა თავისი განზრახვა მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. * ღმერთს სურს, რომ კვლავ შეხვდეთ თქვენს საყვარელ გარდაცვლილ ახლობლებს. ეს იმედი მწუხარებას შეგიმსუბუქებთ. თქვენ უფრო მეტი უნდა გაიგოთ მოსიყვარულე ღმერთის შესახებ, რათა ღვთისმოსაწონი მსახური გახდეთ და საკუთარი თვალით ნახოთ ღვთის განზრახვის შესრულება.
^ აბზ. 2 ერთ ნაშრომში აღნიშნულია, რომ სიტყვა „დამმალავდე“ შეიძლება ნიშნავდეს: „გადამინახავდე, როგორც ძვირფას განძს“. სხვა ნაშრომი კი აღნიშნავს, რომ ეს სიტყვა შეიძლება გადმოიცეს, როგორც „განძივით დამმალავდე“.
^ აბზ. 6 ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებული ბიბლიური დანაპირების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 7.