არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არის აპოკრიფულ სახარებებში იესოს შესახებ დაფარული სიმართლე?

არის აპოკრიფულ სახარებებში იესოს შესახებ დაფარული სიმართლე?

არის აპოკრიფულ სახარებებში იესოს შესახებ დაფარული სიმართლე?

„ეს დიდი აღმოჩენაა. ძალიან ბევრს იმედი გაუცრუვდება“. „ეს სრულიად შეცვლის თავდაპირველი ქრისტიანობის ისტორიას“. ასეთი კატეგორიული განცხადებები გააკეთეს სწავლულებმა, რომლებიც სიხარულით შეხვდნენ „იუდას სახარების“ გამოცემას. ეს წიგნი 16 საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა (ნაჩვენებია ზემოთ).

აპოკრიფული სახარებები კლავ დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა. ზოგის აზრით, ეს სახარებები ააშკარავებს მნიშვნელოვან მოვლენებსა და იესოს სწავლებებს, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე დაფარული იყო. მაგრამ იბადება კითხვები: რა არის აპოკრიფული სახარებები? ნამდვილად ჭეშმარიტებაა ჩაწერილი ამ სახარებებში იესოსა და ქრისტიანობის შესახებ, რასაც ბიბლიაში ვერ წავიკითხავთ?

კანონიკური და აპოკრიფული სახარებები

ახ. წ. 41—98 წლებში მათემ, მარკოზმა, ლუკამ და იოანემ დაწერეს „იესო ქრისტეს . . . წარმოშობის წიგნი“ (მათე 1:1). ამ წიგნებს ზოგჯერ სახარებებსაც უწოდებენ, რაც ნიშნავს „იესო ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობას“ (მარკოზი 1:1).

მართალია, იესოს შესახებ არსებობს ზეპირი გადმოცემები და ჩანაწერები, მაგრამ მხოლოდ ეს ოთხი სახარება ითვლება ღვთისგან შთაგონებულად და ბიბლიის ნაწილად. ეს სახარებები უტყუარ ცნობებს გვაწვდის იესოს დედამიწაზე ცხოვრებისა და მისი სწავლებების შესახებ (ლუკა 1:1—4; საქმეები 1:1, 2; 2 ტიმოთე 3:16, 17). ეს ოთხი სახარება ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ყველა უძველეს ნუსხაშია მოხსენიებული. ამიტომ არ არსებობს იმის მიზეზი, რომ მათ კანონიკურობაში დავეჭვდეთ. ისინი მართლაც ღვთის შთაგონებული სიტყვის ნაწილია.

დროთა განმავლობაში სხვა წერილებსაც უწოდეს სახარებები და ისინი აპოკრიფული სახარებების სიაში შეიტანეს. *

მეორე საუკუნის ბოლოს ლიონელმა ირინეოსმა დაწერა, რომ მათ, ვინც ქრისტიანობას განუდგა, ჰქონდა „უამრავი აპოკრიფული და შეთხზული წერილები“, მათ შორის სახარებებიც, რომლებიც „თვითონ შეთითხნეს, რათა უგუნური ხალხისთვის თავგზა აებნიათ“. ამიტომ, აპოკრიფული სახარებების არათუ წაკითხვა, მათი შენახვაც სახიფათოდ ითვლებოდა.

მიუხედავად ამისა, შუა საუკუნეებში ბერები და გადამწერები ამ წერილების ასლებს აკეთებდნენ და ინახავდნენ. XIX საუკუნეში ამ საკითხს დიდი ყურადღება მიექცა და ტექსტების ბევრი კრებული და მეცნიერულად შემოწმებული აპოკრიფები, მათ შორის არაერთი სახარებაც, გამოქვეყნდა. დღეს ეს წიგნები ძალიან ბევრ თანამედროვე ენაზეა გამოცემული.

აპოკრიფული სახარებები: დამახინჯებული ცნობები იესოს შესახებ

აპოკრიფულ სახარებებში ხშირად იმ ადამიანებზეა გაკეთებული დიდი აქცენტი, რომლებზეც კანონიკურ სახარებებში ძალიან ცოტა ან საერთოდ არაფერია ნათქვამი. აპოკრიფულ სახარებებში იესოს ბავშვობის შესახებ გამოგონილი ისტორიებია ჩაწერილი. ახლა ვისაუბროთ რამდენიმე მათგანზე.

▪ ეგრეთ წოდებული „იაკობის სახარება“, რომელსაც „მარიამის დაბადებასაც“ უწოდებენ, აღწერს მარიამის დაბადებას, ბავშვობასა და იოსებზე მისი გათხოვების ისტორიას. საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდათ, როცა მას რელიგიური მონაჭორი და ლეგენდა უწოდეს. ეს სახარება ამტკიცებს, რომ მარიამი მუდმივად ქალწული დარჩა და ამ წიგნის მიზანი სწორედ მარიამის განდიდებაა (მათე 1:24, 25; 13:55, 56).

▪ „თომას სახარება — იესოს ბავშვობა“ ყურადღებას ამახვილებს იესოს ცხოვრების იმ პერიოდზე, როცა ის 5—12 წლის იყო. ამ სახარების თანახმად, იესო ბავშვობაში არაერთ სასწაულს ახდენდა (იხილეთ იოანეს 2:11). „თომას სახარების“ მიხედვით, იესო იყო ურჩი და ფიცხი ბავშვი, რომელიც თავის ზებუნებრივ ძალას მასწავლებლებზე, მეზობლებსა და ბავშვებზე შურის საძიებლად იყენებდა. როგორც ეს სახარება ირწმუნება, მან ზოგიერთი მათგანი დააბრმავა, დაასახიჩრა და სიცოცხლესაც კი გამოასალმა.

▪ ზოგი აპოკრიფული სახარება, როგორიცაა „პეტრეს სახარება“, აქცენტს აკეთებს იესოს გასამართლებაზე, მის სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომაზე. სხვები კი, მაგალითად, „პილატეს საქმენი“, რომელსაც „ნიკოდემეს სახარებაც“ ეწოდება, ყურადღებას ამახვილებს იმ ხალხზე, რომლებიც იმ დროს განვითარებული მოვლენების ეპიცენტრში ტრიალებდნენ. ვინაიდან ამ სახარებებში ამბებიც და პერსონაჟებიც გამოგონილია, სანდოდ არ ითვლება. „პეტრეს სახარება“ ამართლებს პონტიუს პილატეს და იესოს მკვდრეთით აღდგომასაც არარეალურად მიიჩნევს.

აპოკრიფული სახარებები და განდგომილება

1945 წლის დეკემბერში ეგვიპტეში, ნაგ-ჰამადთან ახლოს, გლეხებმა შემთხვევით აღმოაჩინეს 13 მანუსკრიპტი, რომელიც 52 ტექსტისგან შედგებოდა. მეოთხე საუკუნით დათარიღებული ეს მანუსკრიპტები შეადგინეს გნოსტიციზმის მიმდევრებმა (რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა). გნოსტიციზმში თავმოყრილი იყო მისტიციზმის, წარმართული წეს-ჩვეულებების, ბერძნული ფილოსოფიის, იუდაიზმისა და ქრისტიანობის ელემენტები, რაც ზოგ ქრისტიანს გონებას უწამლავდა (1 ტიმოთე 6:20, 21).

„თომას სახარება“, „ფილიპეს სახარება“ და „ჭეშმარიტების სახარება“, რომლებიც ნაგ-ჰამადში აღმოჩენილი მანუსკრიპტების ნაწილია, ამტკიცებს, რომ თითქოსდა იესომ მისცა დასაბამი არაერთ მისტიკურ-გნოსტიკურ იდეას. ახლახან აღმოჩენილი „იუდას სახარებაც“ მხარს უჭერს იმ აზრს, რომ ეგრეთ წოდებული სახარებები გნოსტიციზმის პერიოდს უკავშირდება. ეს სახარება იუდას დადებითად ახასიათებს; თითქოს ის იყო ერთადერთი მოციქული, რომელიც კარგად იცნობდა იესოს. ერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ამ სახარებაში იესო მოხსენიებულია, როგორც „მასწავლებელი, სიბრძნისა და ცოდნის წყარო და არა მხსნელი, რომელმაც კაცობრიობის ცოდვების გამო გასწირა თავი“. ღვთის შთაგონებით დაწერილ სახარებებში ნათქვამია, რომ იესომ ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად გაიღო საკუთარი სიცოცხლე (მათე 20:28; 26:28; 1 იოანე 2:1, 2). აშკარაა, რომ გნოსტიკური სახარებები იმ მიზნით დაიწერა, რომ ხალხს ბიბლიისადმი რწმენა შეურყიოს და არა გაუღრმავოს (საქმეები 20:30).

კანონიკური სახარებების აშკარა უპირატესობა

თუ აპოკრიფულ სახარებებს კარგად გამოვიკვლევთ, დავინახავთ, რომ ისინი ჭეშმარიტებისგან შორს არის. კანონიკურ სახარებებთან შედარების შემდეგ აშკარად ჩანს, რომ აპოკრიფული სახარებები ღვთისგან არ არის შთაგონებული (2 ტიმოთე 1:13). შეუძლებელია, რომ იმ ადამიანების მიერ დაწერილი სახარებები, რომლებიც არც იესოს იცნობდნენ და არც მოციქულებს, დაფარულ სიმართლეს გვიმჟღავნებდეს იესოსა და ქრისტიანობის შესახებ. ამ წიგნებში მოცემული ინფორმაცია არაზუსტი, გამოგონილი და დამახინჯებულია, რაც, რასაკვირველია, არც იესოს და არც მისი სწავლებების უკეთ გაცნობაში არ გვეხმარება (1 ტიმოთე 4:1, 2).

მათე და იოანე იესოს 12 მოციქულს შორის იყვნენ, მარკოზსა და ლუკას კი პეტრე და პავლე მოციქულებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. მათ სახარებები ღვთის წმინდა სულის დახმარებით დაწერეს (2 ტიმოთე 3:14—17). აქედან გამომდინარე, ოთხივე სახარებაში მოცემული ცნობები სრულიად საკმარისია, რათა ადამიანმა ირწმუნოს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთის ძე (იოანე 20:31).

[სქოლიო]

^ აბზ. 7 სიტყვა „აპოკრიფული“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს „საიდუმლოს“, „დაფარულს“. თავდაპირველად ეს სიტყვა მიუთითებდა იმ ტექსტზე, რომელიც განკუთვნილი იყო განსხვავებული აზრის მქონეთათვის და დაფარული იყო მათთვის, ვინც მათ მსგავსად არ ფიქრობდა. თუმცა, საბოლოოდ აპოკრიფული წიგნები ნამდვილი ბიბლიის ნაწილი ვერ გახდა.

[სურათის საავტორო უფლება 18 გვერდზე]

Kenneth Garrett/National Geographic Stock