არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაუახლოვდით ღმერთს

ივიწყებს ღმერთი ცოდვებს, როცა შემცოდველებს პატიობს?

ივიწყებს ღმერთი ცოდვებს, როცა შემცოდველებს პატიობს?

რასაკვირველია. მათზე, ვის მიმართაც იეჰოვა წყალობას იჩენს, ასეთ სიტყვებს ამბობს: „ვაპატიებ მათ დანაშაულს და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვას“ (იერემია 31:34). იეჰოვა ამგვარად გვარწმუნებს, რომ როცა პატიობს მომნანიე შემცოდველებს, სამუდამოდ ივიწყებს მათ ცოდვებს. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ასეთი უზარმაზარი სამყაროს შემოქმედს არ შეუძლია გაიხსენოს ცოდვები, რომელიც მან შემცოდველებს მიუტევა? ეზეკიელის სიტყვები ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ პატიობს იეჰოვა შემცოდველს და როგორ ივიწყებს მათ ცოდვებს (წაიკითხეთ ეზეკიელის 18:19—22 ).

თავისი წარმომადგენლის, წინასწარმეტყველ ეზეკიელის, მეშვეობით იეჰოვამ ორგულ იუდასა და იერუსალიმის მცხოვრებთ თავისი განაჩენი გაუცხადა. ისრაელმა ზურგი აქცია იეჰოვას და ქვეყანა ძალადობით აივსო. იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ იერუსალიმს ბაბილონელები გაანადგურებდნენ. მაგრამ იმ დროს, როცა იეჰოვა ისრაელს განაჩენის შესახებ ამცნობდა, მანუგეშებელი ცნობითაც ამხნევებდა. ისრაელებს ჰქონდათ არჩევნის საშუალება და თითოეული თავად აგებდა პასუხს საკუთარ საქციელზე (მუხლები 19, 20).

რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მიატოვებდა არასწორი გზით სიარულს? აი, რას ამბობს იეჰოვა: „თუ ბოროტი მიატოვებს თავის ცოდვებს, რომლებსაც სჩადის, დაიცავს ჩემს წესებს და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, მაშინ იცოცხლებს ის, არ მოკვდება“ (მუხლი 21). ამ მუხლიდან ჩანს, რომ იეჰოვა მზად იყო, ეპატიებინა შემცოდველისთვის, რომელიც გულწრფელად ინანიებდა და აღარ სჩადიოდა ბოროტებას (ფსალმუნი 86:5).

რა შეიძლება ითქვას ცოდვებზე, რომელიც მან ჩაიდინა? „არც ერთი ცოდვა, რაც კი ჩაუდენია, არ გაუხსენდება“, — ამბობს იეჰოვა (მუხლი 22). ბიბლიაში ნათქვამია, რომ შემცოდველს „არ გაუხსენდება“ ცოდვები. რატომ არის ეს საყურადღებო?

ბიბლიაში „გახსენებად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ წარსულის გახსენებას. ამ სიტყვის შესახებ ერთ ნაშრომში ვკითხულობთ: „ხშირად ეს სიტყვა მიუთითებს მოქმედებაზე ან მოქმედების გამომხატველ ზმნებთან ერთად გვხვდება“. ამგვარად, სიტყვა „გახსენება“ გულისხმობს მოქმედებას. ამიტომ, როცა იეჰოვა ამბობს, რომ აღარ გაუხსენებს შემცოდველს ცოდვებს, ის იმას გულისხმობს, რომ აღარ მიიღებს მის წინააღმდეგ ზომებს ანუ არ დაადანაშაულებს ან დასჯის მას. *

მართლაც რომ გულს გვითბობს ეზეკიელის 18:21, 22-ში ჩაწერილი სიტყვები, რადგან ვხედავთ, რაოდენ უსაზღვროა იეჰოვას გულმოწყალება. როდესაც იეჰოვა გვპატიობს ცოდვებს, ის არასდროს გაგვიხსენებს და არც ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებს მათ. პირიქით, იგი „ზურგს უკან მოისვრის“ ყველა ჩვენს ცოდვას (ესაია 38:17). ღმერთი, ასე ვთქვათ, პირწმინდად შლის ამ ცოდვებს (საქმეები 3:19).

ჩვენ, არასრულყოფილი ადამიანები, ხშირად ვსაჭიროებთ ღვთის წყალობას. ჩვენ ხომ ყველანი ხშირად ვცოდავთ (რომაელები 3:23). მაგრამ იეჰოვას სურს, ვიცოდეთ, რომ თუ მთელი გულით მოვინანიებთ, ის მზად არის პატიებისთვის. როდესაც ღმერთი გვპატიობს ცოდვებს, ის სამუდამოდ ივიწყებს მათ ანუ არასდროს დაგვადანაშაულებს ან დაგვსჯის იმ ცოდვებისთვის, რომლებიც მოგვიტევა. რა მანუგეშებელი აზრია! ნუთუ არ გაგიჩნდათ სურვილი, უფრო დაუახლოვდეთ ასეთ გულმოწყალე ღმერთს?!

ივლისში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

ეზეკიელი 6—20

[სქოლიო]

^ აბზ. 5 სიტყვები „ემახსოვრება დანაშაული“ ნიშნავს „შემცოდველის წინააღმდეგ ზომების მიღებას“ (იერემია 14:10).