ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან
რა გავლენას ახდენენ ჩვენზე სულიერი ქმნილებები?
ამ სტატიაში დასმულია კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არაერთხელ გიფიქრიათ, და მითითებულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ კითხვებს სცემს პასუხს. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით იმსჯელებენ თქვენთან ერთად ამ ბიბლიურ მუხლებზე.
1. ვინ არიან ანგელოზები?
ანგელოზები არიან სულიერი ქმნილებები, რომლებიც ზეცაში მკვიდრობენ. ისინი ადამიანებზე გაცილებით მაღლა დგანან. ჭეშმარიტმა ღმერთმა, რომელიც თავადაც სულიერი პიროვნებაა, ანგელოზები მანამდე შექმნა, სანამ დედამიწას შექმნიდა (იობი 38:4, 7; მათე 18:10). იეჰოვას მილიონობით ერთგული ანგელოზი ემსახურება (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:20, 21; დანიელის 7:9, 10).
2. ეხმარებიან ანგელოზები ადამიანებს?
ანგელოზები დაეხმარნენ მართალ კაცს, ლოტს. ის ცხოვრობდა ქალაქში, რომლის განადგურებაც ღმერთმა იქ მცხოვრებთა აღვირახსნილობის გამო გადაწყვიტა. უმრავლესობა ღვთის გაფრთხილებას სერიოზულად არ მოეკიდა. მაგრამ ლოტი და მისი ქალიშვილები გადარჩნენ, რადგან ყურად იღეს გამაფრთხილებელი სიტყვები, რომელიც ღმერთმა ანგელოზების მეშვეობით გადასცა (წაიკითხეთ დაბადების 19:1, 13—17, 26).
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ დღეს ანგელოზები ეხმარებიან მათ, ვინც ერთგულად ქადაგებს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას (მათე 24:14). სასიხარულო ცნობა ერთგვარი გაფრთხილებაცაა. როგორც ლოტის დროს, ისე დღესაც ამ გაფრთხილებას არასერიოზულად არ უნდა მოვეკიდოთ. ეს არის ღვთის გამაფრთხილებელი სიტყვები, რომელსაც ის ანგელოზების მეშვეობით გადმოგვცემს (წაიკითხეთ გამოცხადების 1:1; 14:6, 7).
ღმერთი ანგელოზებს ჩვენ გასაძლიერებლად იყენებს მაშინ, როცა განსაცდელებს ვხვდებით. სწორედ ანგელოზის მეშვეობით განამტკიცა ღმერთმა იესო (წაიკითხეთ ლუკას 22:41—43).
მალე ღმერთი ანგელოზებს სულ სხვა სახით გამოიყენებს. იგი მათი მეშვეობით გაანადგურებს ბოროტ ადამიანებს, რომლებსაც ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვთ სხვებისთვის. მაშინ კაცობრიობა ნამდვილ შვებას იგრძნობს! (წაიკითხეთ 2 თესალონიკელების 1:6—8).
3. რა გავლენას ახდენენ ჩვენზე დემონები?
როგორც დედამიწაზე ბევრმა ადამიანმა დაუმორჩილებლობა გამოავლინა ღვთის მიმართ და ათასი უმსგავსობა ჩაიდინა, ისე ზეცაშიც ბევრი ანგელოზი ეურჩა ღმერთს (2 პეტრე 2:4). ამ ურჩ ანგელოზებს დემონები ეწოდებათ. მათ შორის მთავარი სატანა ეშმაკია. სატანასა და მის დემონებს მთელი კაცობრიობა შეჰყავთ შეცდომაში (წაიკითხეთ გამოცხადების 12:9).
სატანა იყენებს კომერციულ სამყაროს, პოლიტიკურ სისტემას და ცრუ რელიგიას, რათა ხალხი ღმერთს ჩამოაშოროს. ასე რომ, სწორედ ეშმაკია დამნაშავე იმ უსამართლობასა და ძალადობაში, რაც ადამიანებს სიცოცხლეს უმწარებს (წაიკითხეთ 1 იოანეს 5:19).
4. როგორ შეჰყავთ დემონებს ადამიანები შეცდომაში?
სატანა ბევრს აჯერებს, რომ არსებობენ მიცვალებულთა სულები, რომლებსაც ადამიანებთან შეუძლიათ ურთიერთობა. მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ მკვდრებს არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ (ეკლესიასტე 9:5). დემონები ხშირად მიცვალებულთა ხმით ელაპარაკებიან ჭირისუფალთ და ასე შეჰყავთ შეცდომაში (ესაია 8:19). ისინი ხშირად ადამიანებს მედიუმების, ჯადოქრების, მკითხავებისა და ასტროლოგების მეშვეობით ატყუებენ. ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს, რომ მოვერიდოთ ყოველივე ამას. ამიტომ, თავიდან უნდა მოვიშოროთ ყველაფერი, რაც დემონებსა და ოკულტიზმს უკავშირდება (წაიკითხეთ კანონის 18:10, 11; საქმეების 19:19).
თუ იეჰოვა გვიყვარს, დემონების არ უნდა გვეშინოდეს. როდესაც ღვთის სიტყვას ვსწავლობთ და ნასწავლის თანახმად ვიქცევით, წინააღმდეგობას ვუწევთ ეშმაკს და ვუახლოვდებით ღმერთს. იეჰოვა დემონებზე გაცილებით ძლიერია. მის ერთგულ ანგელოზებს შეუძლიათ საჭიროების დროს განგვამტკიცონ (წაიკითხეთ ფსალმუნის 34:7; იაკობის 4:7, 8).
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-10 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.