არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მართლა ხდება სასწაულები? — სამი ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისი

მართლა ხდება სასწაულები? — სამი ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისი

მართლა ხდება სასწაულები? — სამი ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისი

1. შეუძლებელია, სასწაული ხდებოდეს, რადგან ის ბუნების კანონზომიერებას ეწინააღმდეგება. ცოდნა, რომელსაც ბუნების კანონების შესახებ ვფლობთ, მეცნიერულ დაკვირვებებს ეფუძნება. ეს კანონები ძლიერ წააგავს ამა თუ იმ ენის გრამატიკულ წესებს. თუმცა, გრამატიკაში გამონაკლისებიც არსებობს. უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებაში არსებულ „წესებზე“ ბევრი რამ არ ვიცით (იობი 38:4). მეცნიერმა შესაძლოა მთელი თავისი ცხოვრება ბუნების რომელიმე კანონის კვლევა-ძიებას მიუძღვნას, მაგრამ საკმარისია, აღმოაჩინოს ერთი „გამონაკლისიც“ კი, რომ ამ კანონთან დაკავშირებით საკუთარი თეორიის გადახედვა მოუწიოს. როგორც ერთი უცხოური ანდაზა ამბობს, „ერთი შავი გედიც კი საკმარისია, დავასკვნათ, რომ ყველა გედი თეთრი არაა“.

ქვემოთ მოთხრობილი ღიმილის მომგვრელი ამბიდან კარგად ჩანს, თუ რა ადვილად შეიძლება მცდარი დასკვნა გააკეთო, როცა რაღაც ბოლომდე არ გესმის. ინგლისელმა ფილოსოფოსმა ჯონ ლოკმა (1632—1704) მოჰყვა, რა კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ ჰოლანდიის ელჩი და სიამის (დღევანდელი ტაილანდი) მეფე. როცა ელჩი მეფეს თავის ქვეყანას აცნობდა, თქვა, რომ ჰოლანდიაში ზოგჯერ ისიც კი იყო შესაძლებელი, რომ სპილოებს წყალზე გაევლოთ. მეფემ არ დაუჯერა და იფიქრა, რომ ატყუებდა. სინამდვილეში ელჩი ისეთ რამეს ეუბნებოდა, რაზეც მას წარმოდგენაც არ ჰქონდა. მეფეს აზრადაც არ მოსვლია, რომ გაყინულ წყალზე სპილოსაც შეეძლო გავლა. იგი რეალურად ვერ აღიქვამდა ნათქვამს, რადგან გაყინული წყალი თვალით არ ენახა.

მოდი, ახლა ვისაუბროთ თანამედროვე მიღწევებზე, რომლებიც, სულ რაღაც, რამდენიმე ათეული წლის წინ წარმოუდგენლად მიაჩნდათ:

● თვითმფრინავს შეუძლია საათში 900 კილომეტრი სიჩქარის განვითარება და ერთ ჯერზე ნიუ-იორკიდან სინგაპურში 800-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა.

● ვიდეოკავშირის საშუალებით შესაძლებელი გახდა, რომ სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს პირისპირ ესაუბრონ.

● ათასობით სიმღერის განთავსებაა შესაძლებელი ასანთის კოლოფზე პატარა ზომის მოწყობილობებში.

● ქირურგებს შეუძლიათ გულისა და სხვა ორგანოების გადანერგვა.

რა ლოგიკურ დასკვნამდე მივყავართ ასეთ ფაქტებს? თუ ადამიანს შეუძლია ისეთი რამის გამოგონება, რაც წლების წინ წარმოუდგენელი იყო, მით უმეტეს ღმერთს, რომელმაც სამყარო და ყოველივე მასში არსებული შექმნა, შეუძლია ისეთი გასაოცარი რამ მოახდინოს, რასაც დღეს ბოლომდე ვერ ჩავწვდებით და რის გაკეთებასაც თვითონ ვერასდროს შევძლებთ (დაბადება 18:14; მათე 19:26). *

2. ბიბლიაში იმიტომ ჩაიწერა სასწაულები, რომ ხალხმა ღვთის არსებობა ირწმუნოს. ბიბლია არ მოგვიწოდებს, რომ ყველა სასწაულის გვჯეროდეს. უფრო მეტიც, ის გვაფრთხილებს, რომ არ დავუჯეროთ ყველა სასწაულსა თუ საკვირველ ნიშანს. ყურადღება მიაქციეთ ამ ნათელ გაფრთხილებას: „მას, ვისი მოსვლაც არის სატანის შეწევნით, მთელი ძალით და ნიშნებით და ცრუ სასწაულებით, და უსამართლობის ყველა საცდურით“ (2 თესალონიკელები 2:9, 10, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

იესო ქრისტემაც გაგვაფრთხილა, რომ ბევრი უწოდებდა საკუთარ თავს ქრისტიანს, მაგრამ მისი ნამდვილი მიმდევრები არ იქნებოდნენ. ბევრი ამასაც კი ეტყოდა: „უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“ (მათე 7:22). მაგრამ იესომ თქვა, რომ მათ არ ცნობდა თავის მიმდევრებად (მათე 7:23). აშკარაა, იესო არ ასწავლიდა, რომ ყველა სასწაული ღვთისგან იყო მოვლენილი.

ღმერთი არ მოუწოდებს თავის თაყვანისმცემლებს, რომ თავიანთი რწმენა სასწაულებზე ააგონ. პირიქით, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ რწმენა სხვა მნიშვნელოვან ფაქტებს უნდა ემყარებოდეს (ებრაელები 11:1).

მაგალითად, განვიხილოთ ბიბლიაში ჩაწერილი ყველასთვის კარგად ცნობილი სასწაული — იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. ამ მოვლენიდან წლების გასვლის შემდეგ ზოგმა კორინთელმა ქრისტიანმა ეჭვქვეშ დააყენა იესოს აღდგომის ფაქტი. როგორ დაეხმარა პავლე მოციქული ამ ქრისტიანებს? მხოლოდ იმისკენ ხომ არ მოუწოდა, რომ მეტი რწმენა ჰქონოდათ? რასაკვირველია, არა. მან კორინთელებს მათთვის კარგად ნაცნობი ფაქტები შეახსენა. მან თქვა, რომ იესო „დაკრძალულ იქნა, მაგრამ მესამე დღეს აღდგა წმინდა წერილების თანახმად და ეჩვენა კეფას, შემდეგ კი — თორმეტს. შემდეგ ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად, რომელთა უმრავლესობაც ცოცხალია“ (1 კორინთელები 15:4—8).

ექნებოდა რაიმე მნიშვნელობა იმას, დაიჯერებდნენ თუ არა ქრისტიანები ამ სასწაულს? პავლემ ისიც დასძინა: „თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭი ყოფილა და ჩვენი რწმენაც“ (1 კორინთელები 15:14). პავლე ამ საკითხს მეტად საყურადღებოდ თვლიდა. მისთვის ნამდვილად არ იყო სულერთი, ქრისტიანები ირწმუნებდნენ თუ არა იმას, რომ ქრისტე აღდგა. პავლემ ასობით თვითმხილველისგან, რომლებიც მის დროს ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, იცოდა, რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა. ისინი მზად იყვნენ, მომკვდარიყვნენ, ვიდრე უარეყოთ ის, რაც საკუთარი თვალით იხილეს (1 კორინთელები 15:17—19).

3. სასწაულები უბრალოდ ბუნებრივი მოვლენებია, რომლებსაც გაუნათლებელი ადამიანები ვერ სწვდებიან. ზოგიერთი სწავლული ცდილობს, ბიბლიაში ჩაწერილ სასწაულებს ისეთი ახსნა მოუნახოს, თითქოს ისინი ბუნებრივი მოვლენები იყო და მათში სრულებით არ ერია ღვთის ხელი. მათი აზრით, ამგვარი ახსნა ბიბლიურ ცნობას უფრო სარწმუნოს ხდის. მართალია, ზოგ სასწაულს მართლაც სდევდა თან ისეთი ბუნებრივი მოვლენები, როგორიცაა მიწისძვრა, მეწყერი თუ სხვა უბედურებები, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ ყველა სასწაულს ერთი რამ ჰქონდა საერთო — როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, თითოეული მათგანი საჭირო დროს მოხდა.

ზოგი ამტკიცებს, რომ პირველი უბედურება, რომელიც ეგვიპტეს დაატყდა თავს და მდინარე ნილოსის წყალი სისხლად იქცა, სასწაული არ იყო. მათი აზრით, მდინარე სისხლისფრად მასში მოხვედრილი წითელი მიწისა და მოწითალო ფერის მიკროორგანიზმების, შოლტიანების, გამო შეიღება. მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ მდინარის წყალი სისხლად იქცა და არა წითელ ტალახად. გარდა ამისა, თუ გულისყურით წავიკითხავთ გამოსვლის 7:14—21-ს, აღმოვაჩენთ, რომ ეს სასწაული სწორედ მაშინ მოხდა, როცა აარონმა, მოსეს მითითებისამებრ, მდინარე ნილოსს ჯოხი დაჰკრა. მაშინაც კი, თუ ეს სასწაული მხოლოდ ბუნებრივი მოვლენა იყო და მეტი არაფერი, ის ხომ მაინც არის სასწაული, რომ წყალი ზუსტად მაშინ შეიღება წითლად, როცა აარონმა ჯოხი დაჰკრა მდინარე ნილოსს!

მოდი, ახლა კიდევ ერთი შემთხვევა განვიხილოთ, რომელიც ზუსტად საჭირო დროს მოხდა. ისრაელი აღთქმულ მიწაზე შესვლას აპირებდა. მათ გზად ეღობებოდა ადიდებული მდინარე იორდანე. ბიბლიაში ვკითხულობთ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები: „როგორც კი მიადგნენ იორდანეს მღვდლები, რომლებიც კიდობანს ატარებდნენ, და ჩადგეს ფეხი წყალში . . . გაჩერდა ზემოდან მომდინარე წყალი და კედლად აღიმართა შორს, ქალაქ ადამთან“ (იესო ნავეს ძე 3:15, 16). მოხდა ეს მიწისძვრის ან მეწყრის გამო? ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. ერთი რამ ცხადია: ეს მოვლენა მეტად საჭირო დროს მოხდა, რაც უკვე სასწაულია! ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა ამის შესახებ იეჰოვამ განაცხადა (იესო ნავეს ძე 3:7, 8, 13).

ასე რომ, არის ზემოთ მოყვანილი შემთხვევები სასწაულები? ბიბლია ამას სასწაულს უწოდებს. თუ მისი მონათხრობით ვიმსჯელებთ, ეს ბუნებრივ მოვლენებზე მეტია. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია იმის მტკიცება, რომ შეუძლებელია მოხდეს სასწაულები მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველდღე არ ხდება?

[სქოლიო]

^ აბზ. 9 თუ ეჭვი გეპარებათ ღვთის არსებობაში, წაიკითხეთ ბროშურები „ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?“ და „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ) ან ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გაესაუბრეთ მას, ვინც ეს ჟურნალი მოგცათ.

[სურათი 5 გვერდზე]

სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ თვითმფრინავი საათში ასობით კილომეტრი სიჩქარით იფრენდა