რჩევები ოჯახებისთვის
ელაპარაკეთ თქვენს მოზარდს კამათის გარეშე
„ერთხელაც ჩემმა 14 წლის ქალიშვილმა უპატივცემულოდ დამიწყო ლაპარაკი. თუ ვეტყოდი ჭამის დროა-მეთქი, მეუბნებოდა, როცა მინდა, მაშინ შევჭამო. როცა ვკითხავდი, სახლის საქმეები თუ გააკეთე-მეთქი, მეტყოდა, ნუ შემაწუხეო. ხშირად ხმას ვუწევდით და ერთმანეთს ვუყვიროდით“ (მაკი, იაპონია). *
თუ მოზარდი შვილი გყავთ, მასთან ურთიერთობა შეიძლება ყველაზე რთული პრობლემა აღმოჩნდეს თქვენთვის, რამაც შესაძლოა თქვენი მოთმინება გამოსცადოს. „როცა ჩემი ქალიშვილი მეპასუხებოდა და არ მემორჩილებოდა, ტვინში სისხლი მექცეოდა, — ამბობს ბრაზილიაში მცხოვრები მარია, რომელსაც 14 წლის შვილი ჰყავს. — ორივე ისე ვბრაზდებოდით, რომ ერთმანეთს ვუყვიროდით“. იტალიაში მცხოვრები კარმელაც მსგავს პრობლემას ხვდება. „მე და ჩემი ბიჭი ყოველთვის ცხარედ ვკამათობთ და ყველაფერი იმით მთავრდება, რომ ის თავის ოთახში იკეტება“, — ამბობს კარმელა.
რატომ ახასიათებს ზოგ ახალგაზრდას კამათის სული? შესაძლოა ამის ერთ-ერთი მიზეზი თანატოლები იყვნენ. ბიბლია ამბობს, რომ საზოგადოებას შეუძლია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენის მოხდენა (იგავები 13:20; 1 კორინთელები 15:33). გარდა ამისა, დღევანდელი გართობის უმეტესობა, რაც ახალგაზრდებს იზიდავს, მათში დაუმორჩილებლობის სულს აღვივებს.
მაგრამ გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც. თუ გეცოდინებათ, როგორ შეიძლება იმოქმედოს ამ ფაქტორებმა თქვენს შვილზე, არ გაგიჭირდებათ მასთან ურთიერთობა. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.
„აღქმის უნარის“ განვითარება
მოციქულმა პავლემ დაწერა: „როცა ბავშვი ვიყავი, ბავშვივით ვლაპარაკობდი, ბავშვივით ვაზროვნებდი და ბავშვივით ვმსჯელობდი, მაგრამ ახლა, როცა კაცი ვარ, ყოველივე ბავშვური მოვიშორე“ (1 კორინთელები 13:11). პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ ბავშვები და უფროსები სხვადასხვანაირად აზროვნებენ. რა მხრივ?
ბავშვები მარტივად, კონკრეტულად აზროვნებენ, მაგალითად, მათ იციან, რომ რაღაცა კარგია ან ცუდია. მაგრამ უფროსებს აბსტრაქტული აზროვნება აქვთ და სანამ დასკვნებს გააკეთებენ ან გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ღრმად უკვირდებიან საკითხებს. მაგალითად, უფროსები უფრო მეტად ფიქრობენ ეთიკურ საკითხებზე და იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს მათი საქციელი სხვებზე. შეიძლება ითქვას, რომ ისინი მიჩვეულნი არიან ამგვარ აზროვნებას. მათგან განსხვავებით, ასეთ საკითხებში მოზარდები გამოუცდელები არიან და ახლა შედიან განვითარების იმ ეტაპში, როცა მსჯელობა უნდა ისწავლონ.
ბიბლია ახალგაზრდებს მოუწოდებს, შეიძინონ „ცოდნა და ჭკუა“ (იგავები 1:4). ფაქტობრივად, ბიბლია ყველა ქრისტიანს მოუწოდებს, გამოიყენოს „აღქმის უნარი“ (ებრაელები 5:14). თუმცა, დროდადრო სწორედ აზროვნების გამო ხდება, რომ მოზარდი უმნიშვნელო რამეზეც კი გეკამათებათ, ან შეიძლება ისეთ რამეს გეუბნებათ, საიდანაც აშკარად ჩანს, რომ აკლია განსჯის უნარი (იგავები 14:12). რა უნდა გააკეთოთ, რომ ასეთ დროს შვილთან კამათის გარეშე იმსჯელოთ?
ეცადეთ, ასე მოიქცეთ: არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი შვილი უბრალოდ სწავლობს მსჯელობას, თუმცა შეიძლება ბოლომდე ჩამოყალიბებული არ იყოს თავის აზრში. რომ გაიგოთ, სინამდვილეში, რას ფიქრობს ის, უპირველესად, შეაქეთ გამოთქმული აზრისთვის („კარგია, რომ ასე აზროვნებ, თუმცა ყველაფერში არ გეთანხმები“). შემდეგ დაეხმარეთ მას, ანალიზი გაუკეთოს თავის ნათქვამს („შენი აზრით, ყველა სიტუაციაში გამოდგება ის, რასაც შენ ამბობ?“). შეიძლება გაგაოცოთ იმის დანახვამ, როგორ დაიწყებს ის თავისი აზრების გაანალიზებას და დახვეწას.
შენიშვნა: ნუ იფიქრებთ, რომ შვილთან მსჯელობისას ბოლო სიტყვა თქვენ უნდა თქვათ. მაშინაც კი, თუ დაასკვნით, რომ ის თქვენს ნათქვამს ყურად არ იღებს, იცოდეთ, რომ თქვენს სიტყვებზე იმაზე მეტად იფიქრებს, ვიდრე თქვენ მოელით ან თავად აღიარებს. არ გაგიკვირდეთ, თუ რამდენიმე დღეში თქვენი შვილი თქვენს აზრს გაიზიარებს და შეიძლება ისიც კი თქვას, რომ ეს მისი საკუთარი აზრია.
«ზოგჯერ მე და ჩემი ვაჟი უბრალო რამეზე ვკამათობთ. მაგალითად, იმაზე, რომ ის ფულს უყაირათოდ ხარჯავს ან თავის პატარა დაიკოს აბრაზებს. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ თურმე მას ერჩივნა, მისი აზრი გამეგო, თანამეგრძნო მისთვის და მეთქვა: „აი, თურმე რაში ყოფილა საქმე“ ან „ესე იგი, შენ ასე ფიქრობ“. ასე რომ მოვქცეულიყავი, ხშირად აღარ მოგვივიდოდა კამათი» (კენჯი, იაპონია).
შეხედულებებისა და პრინციპების ფორმირება
აღზრდის ძირითადი მიზანი ის არის, რომ მოზარდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანად ჩამოყალიბდეს და მომავალში დამოუკიდებლად შეძლოს ცხოვრება (დაბადება 2:24). მოზარდობის პერიოდში ხდება მისი, როგორც პიროვნების, ჩამოყალიბება — ყალიბდება მისი თვისებები, შეხედულებები და ფასეულობები, რომლებიც მის ინდივიდუალურობას განსაზღვრავს. როცა მოზარდს, რომელმაც იცის, როგორი პიროვნება სურს რომ იყოს, ვინმე ცუდის გაკეთებისკენ უბიძგებს, ის მარტო შედეგებზე კი არ იფიქრებს, არამედ უფრო მეტსაც გააკეთებს. მაგალითად, ის დაფიქრდება: „როგორი პიროვნება ვარ? რა ფასეულობები მაქვს? როგორ მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში ადამიანი, რომელსაც ჩემნაირი ფასეულობები აქვს?“ (2 პეტრე 3:11).
ბიბლია მოგვითხრობს ახალგაზრდა იოსებზე, რომელსაც მტკიცედ ჰქონდა ჩამოყალიბებული თავისი შეხედულებები და პრინციპები. მაგალითად, როდესაც ფოტიფარის ცოლი დაჟინებით სთხოვდა, მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა, იოსებმა უთხრა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?!“ (დაბადება 39:9). იმ დროს ისრაელებს მიცემული არ ჰქონდათ კანონი, რომელიც კრძალავდა მრუშობას, მაგრამ იოსები ჩასწვდა ღვთის თვალსაზრისს ამ საკითხზე. უფრო მეტიც, სიტყვები: „როგორ ჩავიდინო ეს“, მიანიშნებს იმაზე, რომ იოსებს გათავისებული ჰქონდა ღვთის თვალსაზრისი. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, იეჰოვას თვალსაზრისი მისი თვალსაზრისი იყო (ეფესოელები 5:1).
თქვენი მოზარდიც სწორედ ახლა ყალიბდება ინდივიდუალურ პიროვნებად. ეს ძალიან კარგია, რადგან მტკიცედ ჩამოყალიბებული პრინციპები დაეხმარება მას, არ მოექცეს თანატოლების გავლენაში და სიმტკიცე შეინარჩუნოს (იგავები 1:10—15). მეორე მხრივ, მისი პრინციპულობა შეიძლება თქვენ შორის დავის მიზეზი გახდეს. რა უნდა გააკეთოთ ამ შემთხვევაში?
ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ნუ აჰყვებით კამათში. ნაცვლად ამისა, ტაქტიანად დაუბრუნდით მის ნათქვამს („მინდა, დავრწმუნდე, რომ შენი ნათქვამი სწორად გავიგე. იმას ამბობდი, რომ . . .“). შემდეგ კითხვები დაუსვით („რატომ ფიქრობ ასე?“ ან „რამ მიგიყვანა ასეთ დასკვნამდე?“). აიყოლიეთ საუბარში, საშუალება მიეცით თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულება. თუ აღმოჩნდება, რომ განსხვავებული შეხედულება მხოლოდ გემოვნების საკითხია და არ ეხება, სწორისა და არასწორის გარჩევას, აჩვენეთ შვილს, რომ პატივს სცემთ მის აზრს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე არ ეთანხმებით.
ინდივიდუალურ პიროვნებად ჩამოყალიბება, რასაც მოჰყვება მტკიცე შეხედულებებისა და პრინციპების ფორმირება, არა მარტო ბუნებრივი პროცესია, არამედ აუცილებელიც. ბოლოს და ბოლოს, ბიბლია გვეუბნება, რომ ქრისტიანები არ უნდა იყვნენ პატარა ბავშვებივით, რომლებსაც „არყევს ტალღები და აქანავებს სწავლების ყოველი ქარი“ (ეფესოელები 4:14). ასე რომ, ნუ შეუშლით შვილს ხელს, ჩამოყალიბდეს მტკიცე შეხედულებების მქონე პიროვნებად. პირიქით, ყველანაირად ხელი შეუწყვეთ ამაში.
„როცა ჩემმა ქალიშვილებმა დაინახეს, რომ ვისმენდი და პატივს ვცემდი მათ აზრებს, უფრო მეტად დაიწყეს ჩემი შეხედულებების გათვალისწინება, მაშინაც კი, როცა თვითონ სხვაგვარად ფიქრობდნენ. ვფრთხილობ, რომ ჩემი აზრები თავს არ მოვახვიო. ვცდილობ, მათ საკუთარი შეხედულებებისა და პრინციპების ჩამოყალიბებაში დავეხმარო“ (ივანა, ჩეხეთის რესპუბლიკა).
მტკიცე, მაგრამ დამთმობი
თავისი რომ გაიტანოს, ზოგი მოზარდი პატარა ბავშვივით დაიჟინებს ხოლმე რაღაცას. თუ თქვენს ოჯახში ეს ხშირად ხდება, ფრთხილად იყავით. თუ დანებდებით, კამათი შეწყდება და წუთიერად პრობლემაც გადაიჭრება, მაგრამ ეს თქვენს შვილს იმას ასწავლის, რომ ბუზღუნით და კამათით ყველაფერს მიიღებს. რა არის გამოსავალი? გაითვალისწინეთ იესოს რჩევა: „თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა“ (მათე 5:37). მოზარდები ნაკლებად დაიწყებენ თქვენთან კამათს, თუ ეცოდინებათ, რომ მტკიცედ დგახართ თქვენს პოზიციაზე.
ამავდროულად, იყავით გონიერი. ჰკითხეთ თქვენს შვილს, რატომ ფიქრობს, რომ მისთვის დადგენილი წესები უნდა შეიცვალოს და მოცემულ სიტუაციაში სახლში დადგენილ დროზე გვიან დაბრუნდეს. ეს თქვენი მხრიდან დათმობაზე წასვლას კი არ ნიშნავს, არამედ იმას, რომ ითვალისწინებთ ბიბლიურ რჩევას: „ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“ (ფილიპელები 4:5).
ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ერთად დასხედით და იმსჯელეთ ოჯახში დადგენილ წესებზე და იმაზე, თუ რომელ საათზე უნდა დაბრუნდნენ სახლში. დაანახვეთ შვილებს, რომ მზად ხართ მოუსმინოთ და გადაწყვეტილების მიღებამდე აწონ-დაწონეთ ყველა ფაქტორი. „მოზარდებმა უნდა დაინახონ, რომ მშობლები მზად არიან, დააკმაყოფილონ მათი თხოვნა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს“, — გვირჩევს ბრაზილიაში მცხოვრები ერთი მამა, სახელად რობერტო.
უდავოა, რომ სრულყოფილი არც ერთი მშობელი არ არის. ბიბლია ამბობს: „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით“ (იაკობი 3:2). თუ ხვდებით, რომ კამათის წამოწყებაში თუნდაც პატარა წვლილი მიგიძღვით, შვილს ბოდიში მოუხადეთ. შეცდომის აღიარებით შვილს თავმდაბლობის კარგ მაგალითს მისცემთ. ის ისწავლის, რომ შემდგომში თვითონაც ასე უნდა მოიქცეს.
„ცხარე კამათის შემდეგ, როცა დავმშვიდდი, ჩემს ბიჭს ბოდიში მოვუხადე, რომ თავი ვერ შევიკავე განრისხებისგან. ამან ის დაამშვიდა და გაუადვილა ჩემი მოსმენა“ (კენჯი, იაპონია).
^ აბზ. 3 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.
ჰკითხეთ საკუთარ თავს . . .
ჩემი მხრიდან რა შეიძლება გახდეს შვილთან კამათის დაწყების ან გამწვავების მიზეზი?
როგორ გამოვიყენებ ამ სტატიაში მოცემულ მასალას, რომ ჩემს მოზარდ შვილს უკეთ გავუგო?
რა უნდა გავაკეთო, რომ შვილთან კამათის გარეშე ვისაუბრო?