შუა საუკუნეების ესპანეთი ღვთის სიტყვას ეცნობა
„იმედი მაქვს, რომ ესპანეთში გამგზავრებისას გზად თქვენც გნახავთ, ცოტას გავიხარებ თქვენთან ურთიერთობით და გამაცილებთ კიდეც“ (რომაელები 15:24).
მოციქულმა პავლემ ეს სიტყვები რომში მცხოვრებ თანაქრისტიანებს მისწერა დაახლოებით ახ. წ. 56 წელს. ბიბლია არაფერს ამბობს იმის შესახებ, გაემგზავრა თუ არა პავლე ესპანეთში. როგორც უნდა ყოფილიყო, პავლესა და სხვა ქრისტიანი მისიონერების ძალისხმევის შედეგად, ღვთის სიტყვის სასიხარულო ცნობამ ახ. წ. II საუკუნისთვის ესპანეთშიც შეაღწია.
ესპანეთში მალე მოიკიდა ფეხი ქრისტიანობამ. შედეგად გაჩნდა იმის საჭიროება, რომ იქ მცხოვრებ ხალხს ბიბლია ლათინურ ენაზე ჰქონოდა. ეს იმიტომ რომ, მეორე საუკუნეში ესპანეთი რომის იმპერიის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა და მთელ იმპერიაში ლათინური ფართოდ გავრცელებული ენა იყო.
ლათინური ბიბლიები აკმაყოფილებს ხალხის მოთხოვნილებას
პირველმა ესპანელმა ქრისტიანებმა შექმნეს ბიბლიის რამდენიმე ლათინური თარგმანი, რომლებიც მთლიანობაში ცნობილია „ვეტუს ლათინა ჰისპანას“ სახელით. ეს ლათინური თარგმანები ესპანეთში დიდი ხნის მანძილზე, ახ. წ. V საუკუნის პირველ პერიოდამდე ვრცელდებოდა, მანამ სანამ იერონიმემ არ დაასრულა თავის ცნობილ ლათინურ „ვულგატაზე“ მუშაობა.
იერონიმეს თარგმანი, რომელიც მან ბეთლემში (პალესტინა) დაასრულა, სწრაფად გავრცელდა ესპანეთში. როდესაც ლიცინიუსმა, ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარმა, გაიგო, რომ იერონიმე ლათინურ თარგმანზე მუშაობდა, მან მოისურვა, ბიბლიის ეს ახალი თარგმანი რაც შეიძლება მალე, მასაც ჰქონოდა. ლიცინიუსმა ბეთლემში გაგზავნა ექვსი გადამწერი, რათა მათ გადაეწერათ ტექსტი და ჩამოეტანათ ესპანეთში. მომდევნო საუკუნეებში „ვულგატამ“ თანდათანობით ჩაანაცვლა „ვეტუს ლათინა ჰისპანა“. ეს ლათინური თარგმანები ხალხისთვის ადვილი წასაკითხი და გასაგები იყო. მაგრამ რომის იმპერიის მმართველობის დასრულებისთანავე, გაჩნდა ბიბლიის ახალ ენებზე თარგმნის მოთხოვნილება.
ფიქალებზე დაწერილი ბიბლია
V საუკუნეში ვესტგუთებმა და სხვა გერმანულმა ტომებმა დაიპყრეს ესპანეთი და ნახევარკუნძულზე ახალი ენა, გოთური, გაავრცელეს. დამპყრობლებმა შემოიტანეს ახალი ქრისტიანული მიმდინარეობა, არიანელობა, რომელიც უარყოფდა სამების მოძღვრებას. მათ აგრეთვე ჰქონდათ წმინდა წერილების საკუთარი თარგმანი „ულფილა“, იგივე „გოტიკური ბიბლია“. ამ ბიბლიას ესპანეთში იყენებდნენ VI საუკუნის ბოლომდე, მანამ სანამ ვესტგუთების მეფე რეკარედი კათოლიკურ სარწმუნოებაზე არ მოექცა და არიანელობა არ უარყო. მან ბრძანა, მოეგროვებინათ ყველა არიანული წიგნი, მათ შორის „ულფილას ბიბლია“, და გაენადგურებინათ. ასე გაქრა ყველა გოტიკური ტექსტი ესპანეთიდან.
ყველაფრის მიუხედავად, ესპანეთში ღვთის სიტყვა მაინც ვრცელდებოდა. გოტიკური ენის გარდა კვლავ ფართოდ იყო გავრცელებული ლათინური დიალექტი, რომელიც მოგვიანებით საფუძვლად დაედო რომანულ ენებს იბერიის ნახევარკუნძულზე. * ამ ლათინურ დიალექტზე არსებული უძველესი დოკუმენტები ცნობილია, როგორც „ვესტგუთების ფიქალები“, ვინაიდან ისინი დაწერილი იყო ფიქალის ფირფიტებზე. ეს დოკუმენტები თარიღდებოდა VI—VII საუკუნეებით და ზოგიერთი შეიცავდა მონაკვეთებს ფსალმუნებიდან და სახარებებიდან. ერთ ასეთ ფიქალზე მთლიანად წერია მე-16 ფსალმუნი.
ფიქალის ფირფიტებზე დაწერილი ბიბლიური ტექსტები იმის მტკიცებაა, რომ იმ დროს უბრალო ხალხი კითხულობდა და იწერდა ღვთის სიტყვას. როგორც ჩანს, ამ ტექსტების მეშვეობით მასწავლებლები ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ. ფიქალის ფირფიტები იაფი საწერი მასალა იყო ძვირადღირებულ პერგამენტებთან შედარებით, რომლებსაც შუა საუკუნის მონასტრებში ილუსტრირებული ბიბლიების შესაქმნელად იყენებდნენ.
ერთი ასეთი ფასდაუდებელი ილუსტრირებული ბიბლია ინახება სან-ისიდოროს ეკლესიაში, ლეონში (ესპანეთი). ის თარიღდება ახ. წ. 960 წლით და მოიცავს 516 ფურცელს, რომელთა სიგრძე 47 სმ-ია, სიგანე კი — 34 სმ. ეს ბიბლია დაახლოებით 18 კგ-ს იწონის. მეორე ასეთი ბიბლია, რომელიც ახ. წ. 1020 წლით თარიღდება, ამჟამად ვატიკანის ბიბლიოთეკაში ინახება და „რიპოლის ბიბლიის“ სახელით არის ცნობილი. ეს გახლავთ შუა საუკუნეების ხანის ყველაზე მეტად დასურათებული ბიბლია. ხელოვნების ამ ნიმუშის შესაქმნელად, მონაზონი მთელ დღეს ანდომებდა პირველი ასოს გამოყვანას, ხოლო თავფურცლის მომზადებას — მთელ კვირას. მაგრამ მდიდრულად გაფორმებულმა ამ ბიბლიებმა ღვთის სიტყვის გავრცელებას დიდად ვერ შეუწყო ხელი.
ბიბლია არაბულ ენაზე
VIII საუკუნისთვის ნახევარკუნძული მუსულმანებმა დაიპყრეს, შედეგად ახალმა ენამ დაიწყო ფეხის მოკიდება. იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მუსულმანებმა თავიანთ კოლონიებად აქციეს, ლათინურზე პოპულარული არაბული ენა გახდა. ამიტომ გაჩნდა მოთხოვნილება, რომ ბიბლია ამ ენაზეც თარგმნილიყო.
V—VIII საუკუნეებში ლათინურ და არაბულ ენებზე ნათარგმნმა ბიბლიებმა ესპანელი ხალხისთვის შესაძლებელი გახადა ღვთის სიტყვის წაკითხვა
ეჭვგარეშეა, რომ ბიბლიის ბევრი არაბული თარგმანი, განსაკუთრებით სახარებები, სწრაფად ვრცელდებოდა შუა საუკუნეების ესპანეთში. VIII საუკუნეში სევილიის ეპისკოპოსმა ჰუანმა მთელი ბიბლია თარგმნა არაბულად. სამწუხაროდ, ამ თარგმანის უმეტესი ნაწილი დაიკარგა. სახარებების ერთი არაბული თარგმანი, რომელიც შექმნილია X საუკუნის შუა პერიოდში, ლეონის საკათედრო ტაძარში ინახება.
ესპანური თარგმანები
შუა საუკუნეების მიწურულს იბერიის ნახევარკუნძულზე კასტილიურმა ანუ ესპანურმა ენამ დაიწყო გავრცელება. სწორედ ამ ახალმა ენამ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი ღვთის სიტყვის გავრცელებაში. * პირველი ესპანური თარგმანი XIII საუკუნის დასაწყისში ერთ ნაშრომში გამოჩნდა (La Fazienda de Ultra Mar). ამ ნაშრომში შესულია ისრაელების უდაბნოში მოგზაურობა, მოსეს ხუთწიგნეული და ებრაული წერილების სხვა წიგნები, აგრეთვე სახარებები და მოციქულთა საქმეები.
ეკლესიის მესვეურები დიდი სიხარულით არ შეხვდნენ ამ თარგმანს. 1234 წელს მოწვეულ ტარაგონის საეკლესიო კრებამ ბრძანება გამოსცა, რომ მშობლიურ ენაზე არსებული ყველა ბიბლია სამღვდელოებისთვის გადაეცათ დასაწვავად. საბედნიეროდ, ამ ბრძანებამ ვერ შეაჩერა ბიბლიის შემდგომი თარგმნა. ესპანეთის მეფე ალფონსო X-ს (1252—1284 წწ.), რომელსაც ესპანური პროზის ფუძემდებლად მიიჩნევდნენ, დიდი სურვილი ჰქონდა, წმინდა წერილები ამ ახალ ენაზე თარგმნილიყო, რასაც ყველანაირად უჭერდა მხარს. იმ პერიოდისთვის არსებულ ესპანურ თარგმანებში შედიოდა „ალფონსომდელი ბიბლია“, რომელიც იმ დროისთვის მოცულობით ყველაზე დიდ ნაშრომად ითვლებოდა, და „ალფონსოს ბიბლია“, რომელიც ამ თარგმანის შემდეგ მალევე გამოჩნდა.
ორივე ნაშრომმა დიდი წვლილი შეიტანა ახლად ჩამოყალიბებული ენის განვითარებასა და გამდიდრებაში. სწავლული ტომას მონტგომერი „ალფონსომდელ ბიბლიაზე“ ამბობს: „ეს გახლავთ შესანიშნავი ნაშრომი, რომელშიც დაცულია სიზუსტე და დახვეწილი ენაა გამოყენებული . . . ტექსტი მარტივი და გასაგები ენით იყო ნათარგმნი მათთვის, ვინც არ იცოდა ლათინური ენა“.
თუმცა ეს პირველი ესპანური ბიბლიები „ლათინური ვულგატიდან“ ითარგმნა და არა ორიგინალიდან. XIV საუკუნის დასაწყისში ებრაელმა სწავლულებმა პირდაპირ ებრაულიდან თარგმნეს ებრაული წერილები ესპანურ ენაზე. იმ დროისთვის ევროპაში ყველაზე მეტი ებრაელი ესპანეთში ცხოვრობდა, რის გამოც ებრაელი მთარგმნელებისთვის ხელმისაწვდომი იყო კარგ მდგომარეობაში არსებული ებრაული ხელნაწერები. *
ამის შესანიშნავი მაგალითია „ალბას ბიბლია“, რომლის თარგმნაც XV საუკუნეში დასრულდა. ცნობილმა ესპანელმა აზნაურმა ლუის დე გუსმანმა რაბი მოისეს არაკელს დაავალა ბიბლია „კასტიზო“ (წმინდა) ესპანურ ენაზე ეთარგმნა. მან ამის ორი მიზეზი დაასახელა: „პირველი, რომანულ ენებზე დღემდე არსებული ბიბლიები არ არის ზუსტი და მეორე, ჩვენნაირ ადამიანებს რთული მონაკვეთების გასაგებად აუცილებლად სჭირდებათ მარგინალური შენიშვნები“. აშკარა იყო, რომ ლუის დე გუსმანის დროს მცხოვრებ ხალხს ძალიან სურდა, წაეკითხა და გაეგო ბიბლია. ეს იმაზეც მიანიშნებს, რომ წმინდა წერილები მშობლიურ ენაზე უკვე ფართოდ იყო გავრცელებული ესპანეთში.
შუა საუკუნეების მთარგმნელებისა და გადამწერების წყალობით, ესპანელებს შეეძლოთ საკუთარ ენაზე დაუბრკოლებლად წაეკითხათ ბიბლია. ისტორიკოსმა ჰუან ორტს გონსალესმა აღნიშნა: „ესპანელებმა გაცილებით უკეთ იცოდნენ ბიბლია, ვიდრე ლუთერის დრომდე მცხოვრებმა გერმანელებმა და ინგლისელებმა“.
„ესპანელებმა გაცილებით უკეთ იცოდნენ ბიბლია, ვიდრე ლუთერის დრომდე მცხოვრებმა გერმანელებმა და ინგლისელებმა“ (ისტორიკოსი ჰუან ორტს გონსალესი)
მაგრამ XV საუკუნის ბოლოს ინკვიზიციის პერიოდში ესპანეთში აიკრძალა წმინდა წერილების თარგმნა და მისი შენახვა. ეს აკრძალვა საკმაოდ დიდი ხანი, სამი საუკუნე, გაგრძელდა. ამ რთულ პერიოდში რამდენიმე მამაცმა მთარგმნელმა მოახერხა ახალი ესპანური თარგმანების გამოცემა საზღვარგარეთ და მათი ესპანეთში შემოტანა კონტრაბანდული გზით. *
განხილული ისტორიიდან კარგად გამოჩნდა, როგორ ცდილობდნენ შუა საუკუნეების ესპანეთში მოწინააღმდეგეები, ხელი შეეშალათ ღვთის სიტყვის გავრცელებისთვის. მაგრამ მათ ვერ შეძლეს ყოვლისშემძლე ღვთის დადუმება (ფსალმუნი 83:1; 94:20).
ბევრი სწავლულის დაუღალავი შრომის შედეგად ბიბლია ფართოდ გავრცელდა შუა საუკუნეების ესპანეთში. თანამედროვე მთარგმნელები იმ პიონერების კვალს გაჰყვნენ, რომლებმაც წმინდა წერილები ლათინურ, გოტიკურ, არაბულ და ესპანურ ენებზე თარგმნეს. მათი დამსახურებაა, რომ დღეს ესპანურ ენაზე მოლაპარაკე მილიონობით ადამიანს შეუძლია მშობლიურ ენაზე წაიკითხოს გულში ჩამწვდომი ღვთის სიტყვა.
^ აბზ. 10 ამ ენებში შედის კასტილიური, კატალანური, გალისიური და პორტუგალიური.
^ აბზ. 17 დღეს ესპანური მშობლიური ენაა დაახლოებით 540 მილიონი ადამიანისთვის.
^ აბზ. 20 იხილეთ 2011 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „ღვთის სახელი და ალფონსო დე სამორას ზუსტი თარგმანი“.
^ აბზ. 23 იხილეთ 1996 წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „კასიოდორო დე რეინა იბრძვის ესპანური ბიბლიისთვის“. გამოცემულია სხვადასხვა ენაზე.