თქვენ შეგიძლიათ გაუძლოთ ცდუნებას!
„პორნოგრაფიის ყურებას არ ვაპირებდი. მაგრამ როგორც კი ინტერნეტში შევედი, ეკრანზე რეკლამა გამოჩნდა, რაღაც აციმციმდა და მეც დავაწკაპუნე“ (კოდი). *
„ერთმა მომხიბვლელმა გოგომ სამსახურში ფლირტი დამიწყო. ერთ დღესაც მითხრა, სასტუმროში წავიდეთ და გავერთოთო. ზუსტად ვიცოდი, რაც უნდოდა“ (დილანი).
„ყველაფერს გავუძლებ ცდუნების გარდა“. ეს ცნობილი სიტყვები კარგად აღწერს ზოგიერთი ადამიანის შეხედულებას ცდუნებაზე, ანუ იმას, რისი გაკეთებაც გულის სიღრმეში ძალიან სიამოვნებთ. ზოგი კი ცდუნებას ისე უყურებს, როგორც დაუძინებელ მტერს, რომლის დამარცხების ჟინიც კლავთ. თქვენ რას ფიქრობთ, ცდუნებას უნდა აჰყვეთ თუ წინააღმდეგობა გაუწიოთ?
რა თქმა უნდა, ყველა ცდუნებას არ მოჰყვება სერიოზული პრობლემები. მაგალითად, ნამცხვრის ზედმეტი ნაჭრის მალულად ჭამა, დიდ ზიანს არ მოგაყენებთ. მაგრამ ზოგიერთი ცდუნების აყოლას, რამაც შეიძლება უზნეობის ჩადენამდე მიგვიყვანოს, შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყვეს. ბიბლია გვაფრთხილებს: „ვინც . . . მრუშობს, უგუნურია. ამის ჩამდენი სულს ინადგურებს. უბედურება და დამცირება არ ასცდება მას“ (იგავები 6:32, 33).
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მოულოდნელად აღმოჩნდით უზნეობის ჩადენის ცდუნების წინაშე? ბიბლია გვირჩევს: „ღვთის ნებაა, რომ განიწმინდოთ, მოერიდოთ სიძვას, რომ ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის ფლობა სიწმინდითა და პატივით“ (1 თესალონიკელები 4:3, 4). რა დაგეხმარებათ ნებისყოფის გამოვლენაში? განვიხილოთ სამი ნაბიჯი.
ნაბიჯი 1: თვალი მოარიდეთ
უზნეო გამოსახულებების ყურება ადამიანს არასწორ სურვილებს აღუძრავს. იმის საჩვენებლად, რომ ყურებასა და სურვილს შორის არსებობს კავშირი, იესომ თქვა: „ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“. ჰიპერბოლის გამოყენებით იესომ მოგვიწოდა: „ამიტომ, თუ მარჯვენა თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე“ (მათე 5:28, 29). რას გულისხმობდა იესო? ცდუნებას რომ გავუძლოთ, მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, თვალი მოვარიდოთ მაცდურ გამოსახულებებს.
მაგალითისთვის: დავუშვათ, რკინის შედუღების პროცესს მოჰკარით თვალი. გააგრძელებდით მის ყურებას? მხედველობა რომ არ დაგეზიანებინათ, ცხადია თვალს მოარიდებდით ან დამცავ სათვალეს გაიკეთებდით. მსგავსადვე, თუ წამიერად თვალი მოჰკარით ეროტიკულ გამოსახულებას, იქნება ეს ფოტოსურათზე, ეკრანზე თუ ცოცხლად, მაშინვე მოარიდეთ თვალი. დაიცავით გონება დაბინძურებისგან! ხუანი, რომელიც ადრე პორნოგრაფიით იყო გატაცებული, ამბობს: «როცა ლამაზ ქალს ვხედავ, ხშირად სურვილი მიჩნდება, თვალი გავაყოლო. მაგრამ ვცდილობ, ეს არ გავაკეთო და საკუთარ თავს ვეუბნები: „ილოცე! ახლა ნამდვილად უნდა ილოცო!“. ლოცვის შემდეგ ეს სურვილი მიქრება» (მათე 6:9, 13; 1 კორინთელები 10:13).
გავიხსენოთ აგრეთვე ღვთის ერთგული იობის სიტყვები: „შეთანხმება დავუდე ჩემს თვალებს და როგორღა შევხედავდი ქალწულს გულისთქმით?!“ (იობი 31:1). კარგი იქნება, თუ თქვენც მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებთ.
ეცადეთ ასე მოიქცეთ: თუ ეროტიკულ გამოსახულებას მოჰკრავთ თვალს, დაუყოვნებლივ მოარიდეთ თვალი. მიჰბაძეთ ბიბლიის დამწერს, რომელიც ლოცულობდა: „თვალი ამარიდებინე არარაობას; სიცოცხლე შემინარჩუნე და შენი გზით მატარე“ (ფსალმუნი 119:37).
ნაბიჯი 2: დაიცავით გონება
არასრულყოფილების გამო დროდადრო ყველას გვიწევს არასწორ სურვილებთან ბრძოლა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას. სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას“ (იაკობი 1:14, 15). როგორ მოვერიდოთ ისეთ სიტუაციებს, რომლებიც თანდათან გვითრევს და საიდანაც თავის დაღწევა არ არის ადვილი?
როდესაც არასწორი სურვილები მოგეძალებათ, გახსოვდეთ, რომ თქვენზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევით. ებრძოლეთ ასეთ სურვილებს. გონებიდან ამოიგდეთ უზნეო ფიქრები. ნუ იცხოვრებთ უზნეო ფანტაზიებით. ტროი, რომელიც პორნოგრაფიის ყურებით იყო გატაცებული, ამბობს: „ვცდილობდი, რომ არასწორი ფიქრები გონებიდან ამომეგდო და დადებითზე მეფიქრა. ეს არ იყო ადვილი, ხშირად არ გამომდიოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ვისწავლე ჩემი ფიქრების გაკონტროლება“. ერთი ქალი სახელად ელზა, რომელიც მოზარდობის ასაკში ხშირად იდგა უზნეობის ჩადენის ცდუნების წინაშე, იხსენებს: „ლოცვა და იეჰოვას მსახურება დამეხმარა, გამეკონტროლებინა არასწორი ფიქრები“.
ეცადეთ ასე მოიქცეთ: როდესაც თავში არასწორი აზრები მოგდით, მაშინვე შეწყვიტეთ ფიქრი და ილოცეთ. ცუდზე ფიქრის ნაცვლად, გონება იმაზე ფიქრით დააკავეთ, „რაც ჭეშმარიტია, რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია“ (ფილიპელები 4:8).
ნაბიჯი 3: დაუკვირდით თქვენს ნაბიჯებს
როდესაც ადამიანს სურვილიც აქვს და რეალური ცდუნების წინაშეც დგება, ცოდვის ჩადენის ალბათობა დიდია (იგავები 7:6—23). რა უნდა გააკეთოთ, რომ ცოდვა არ ჩაიდინოთ?
ბიბლია გონივრულ რჩევას გვაძლევს: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“ (იგავები 22:3). ასე რომ, დაუკვირდით თქვენს ნაბიჯებს. წინასწარ იფიქრეთ, რა სიტუაციები შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის მახე და მოერიდეთ ასეთ სიტუაციებს (იგავები 7:25). ფილიპი, რომელიც გადაეჩვია პორნოგრაფიის ყურებას, ამბობს: „სახლში კომპიუტერი ყველასთვის დასანახ ადგილას დავდე და ვებ-გვერდების გასაფილტრად მასზე სპეციალური პროგრამა დავაყენე. ინტერნეტში მხოლოდ მაშინ შევდივარ, როცა სახლში სხვებიც არიან“. ზემოხსენებული ტროიც მსგავს რამეს ამბობს: „ვცდილობ, აღარ ვუყურო უხამსი შინაარსის ფილმებს და მოვერიდო ისეთ ხალხთან ურთიერთობას, რომლებიც ვულგარულად ლაპარაკობენ სექსზე. არ მინდა, თავი საფრთხეში ჩავიგდო“.
ეცადეთ ასე მოიქცეთ: გულწრფელად შეაფასეთ თქვენი სუსტი მხარეები და წინასწარ იფიქრეთ, როგორ აიცილოთ თავიდან ისეთი სიტუაციები, რომლებიც თქვენთვის ცდუნება აღმოჩნდებოდა (მათე 6:13).
არ დანებდეთ!
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ დიდი მცდელობის მიუხედავად, სისუსტემ გძლიათ და ცდუნებას აჰყევით? გული არ გაიტეხოთ! ბრძოლა განაგრძეთ! ბიბლიაში ვკითხულობთ: „მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება“ (იგავები 24:16). დიახ, ჩვენი ზეციერი მამა მოგვიწოდებს, წამოვდგეთ. მიიღებთ იეჰოვას მოწოდებას? მაშ, არ შეწყვიტოთ ლოცვები. რწმენის განსამტკიცებლად მისი სიტყვა, ბიბლია, შეისწავლეთ. ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება დაგეხმარებათ, განიმტკიცოთ თქვენი გადაწყვეტილება, არ დანებდეთ ცდუნებას. თქვენთვის გამამხნევებელი იქნება ღვთის დაპირება: „მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები“ (ესაია 41:10).
სტატიის დასაწყისში მოხსენიებული კოდი აღნიშნავს: „დიდი შრომა დამჭირდა, რომ დამეძლია პორნოგრაფიის ყურება, რომელიც ჩვევად მქონდა. ბევრჯერ განვიცადე მარცხი, მაგრამ ღვთის დახმარებით საბოლოოდ მივაღწიე შედეგს“. დილანი კი ამბობს: „შემეძლო თავისუფლად დავთანხმებოდი სექსზე ჩემს თანამშრომელს, მაგრამ არ ავყევი ცდუნებას და მას მტკიცე უარი ვუთხარი. ბედნიერი ვარ, რომ სუფთა სინდისი შევინარჩუნე. რაც ყველაზე მთავარია, ვიცი, რომ იეჰოვა ამაყობს ჩემით“.
იცოდეთ, რომ თქვენით ღმერთიც ამაყობს, როდესაც სიმტკიცეს ინარჩუნებთ და ცდუნებას არ ჰყვებით! (იგავები 27:11).
^ აბზ. 2 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.