არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტომას ემლენი ღვთისმგმობელი თუ ჭეშმარიტების დამცველი?

ტომას ემლენი ღვთისმგმობელი თუ ჭეშმარიტების დამცველი?

ვინ იყო ტომას ემლენი და რატომ იცავდა ჭეშმარიტებას? რის სწავლა შეიძლება დღეს მისი ცხოვრებიდან?

ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად, მოდი გადავინაცვლოთ მე-17 საუკუნის ბოლოსა და მე-18 საუკუნის დასაწყისის ინგლისსა და ირლანდიაში. იმ დროისთვის ანგლიკანური ეკლესია მნიშვნელოვან ძალაუფლებას ფლობდა. სხვადასხვა პროტესტანტული ჯგუფები თუ ცალკეული ადამიანები ეკლესიის სწავლებებს უპირისპირდებოდნენ.

ვინ იყო ტომას ემლენი?

სწორედ ასეთ რელიგიურ გარემოში მოევლინა ქვეყანას ტომას ემლენი 1663 წლის 27 მაისს ინგლისის ქალაქ სტამფორდში (ლინკოლნშირის საგრაფო). 19 წლის ასაკში მან პირველი ქადაგება წარმოთქვა. მოგვიანებით ის ინგლისში მცხოვრები ერთი გრაფინიას მღვდელი გახდა. გარკვეული დროის შემდეგ იგი ბელფასტში (ირლანდია) გადავიდა საცხოვრებლად.

დროთა განმავლობაში ბელფასტში მან ეკლესიაში დაიწყო მსახურება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ემლენი უკვე რამდენიმე ადგილას მსახურობდა მღვდლად, მათ შორის დუბლინშიც.

რატომ დასდეს ბრალი ღვთისმგმობელობაში?

ემლენი გულდასმით იკვლევდა ბიბლიას. ბიბლიის კვლევის შედეგად მას ეჭვი შეეპარა სამების სწავლებაში, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად სწამდა ამ მოძღვრების. სახარებების შესწავლამ ის კიდევ უფრო მეტად დაარწმუნა თავისი შეხედულების სისწორეში.

ემლენს მაშინვე არ განუცხადებია თავისი აღმოჩენის შესახებ. თუმცა დუბლინის ეკლესიაში ზოგიერთმა შეამჩნია, რომ ქადაგებისას ის სამებას აღარ მოიხსენიებდა. მან იცოდა, რომ მის აღმოჩენას სხვები სიხარულით არ შეხვდებოდნენ, ამიტომ დაწერა: „როგორც კი ამის შესახებ გავაცხადებ, დარწმუნებული ვარ, აქ არ დამტოვებენ“. 1702 წლის ივნისში ორი თანამსახური ემლენს იმ მიზეზით დაუპირისპირდა, რომ ქადაგებაში სამებას არ მოიხსენიებდა. ემლენმა მათ განუცხადა, რომ აღარ სწამდა სამების მოძღვრების და გადადგომა მოითხოვა.

რამდენიმე დღეში ის დუბლინიდან (ირლანდია) ინგლისში გაემგზავრა. მაგრამ 10  კვირაში ისევ დუბლინში დაბრუნდა, რათა რაღაც საქმეები მოეგვარებინა და შემდეგ სამუდამოდ ლონდონში დასახლებულიყო. დუბლინში ყოფნისას თავისი შეხედულებების მხარდასაჭერად გამოაქვეყნა ნაშრომი სათაურით: „იესო ქრისტეს შესახებ საღვთო წერილების გულწრფელი კვლევა“. ამ ნაშრომში მან ნათელი ბიბლიური მუხლები მოიყვანა იმის დასამტკიცებლად, თუ რატომ არ შეიძლებოდა იესო ყოფილიყო უზენაესი ღმერთი. ამან ძალიან გააღიზიანა დუბლინის ეკლესიის წევრები. მათ სასწრაფოდ შეადგინეს საჩივარი.

ემლენი დააპატიმრეს და 1703 წლის 14 ივნისს დუბლინში „სამეფო სკამის სასამართლოს“ წინაშე წარადგინეს. ნაშრომში „რეალური ფაქტები საქმის წარმოებიდან“ ემლენმა აღნიშნა, რომ მას ბრალი დასდეს „წიგნის დაწერისა და გამოქვეყნებისთვის, სადაც როგორც ამბობენ, მე მკრეხელურად და უტიფრად განვაცხადე, რომ იესო ქრისტე არ არის მამა ღმერთის თანასწორი“. სასამართლოზე ყველაფერი წინასწარ იყო გადაწყვეტილი. ირლანდიის ეკლესიის შვიდი ეპისკოპოსი მოსამართლეების  გვერდით იჯდა. ემლენს თავის დაცვის უფლება არ მისცეს. ცნობილმა ადვოკატმა, რიჩარდ ლევინსმა, ემლენს უთხრა, რომ „ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე გასამართლდებოდა“. პროცესის დასრულების შემდეგ ირლანდიის მთავარმა მოსამართლემ, ლორდმა რიჩარდ პაინმა, ნაფიც მსაჯულებს მიმართა და უთხრა, რომ თუ ისინი მოსალოდნელ განაჩენს არ გამოიტანდნენ, „იქ იყვნენ მისი ეპისკოპოსები“. შესაძლოა ამით მან მსაჯულებს მიანიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სათანადოდ დაისჯებოდნენ.

„მზად ვარ ვიტანჯო ჩემი რწმენისთვის, რადგან მწამს, რომ ეს ჭეშმარიტებაა ღმერთზე და მის დიდებაზე“ ტომას ემლენი.

როდესაც ემლენი დამნაშავედ ცნეს, ადვოკატის თანაშემწემ შესთავაზა, უარი ეთქვა თავის შეხედულებაზე, მაგრამ მან არ მიიღო მისი წინადადება. მას დიდი ჯარიმა დააკისრეს და ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მაგრამ ციხეში 2 წელი მოუწია ყოფნა იმის გამო, რომ არ შეეძლო ჯარიმის გადახდა. ბოლოს ერთმა მისმა მეგობარმა ხელისუფლების წარმომადგენლები დაითანხმა, მისთვის ჯარიმა შეემცირებინათ. ემლენი ციხიდან 1705 წლის 21 ივლისს გაათავისუფლეს. ასეთი დამამცირებელი მოპყრობის შემდეგ მან ზემოთ მოხსენიებული სიტყვები წარმოთქვა: „მზად ვარ ვიტანჯო ჩემი რწმენისთვის, რადგან მწამს, რომ ეს ჭეშმარიტებაა ღმერთზე და მის დიდებაზე“.

გათავისუფლებული ემლენი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც შეხვდა უილიამ უისტონს, რომელიც მის მსგავსად ბიბლიის კვლევით იყო დაინტერესებული. უისტონი საზოგადოებიდან იყო განკვეთილი იმის გამო, რომ ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს აქვეყნებდა. უისტონი დიდად აფასებდა ემლენს და მას „ჭეშმარიტი ქრისტიანობის პირველ და მთავარ აღმსარებელს“ უწოდებდა.

რატომ უარყოფდა ის სამებას?

უილიამ უისტონისა და კიდევ ერთი პატივდებული მეცნიერის, ისაკ ნიუტონის, მსგავსად, ემლენმაც დაინახა, რომ ბიბლია არ უჭერდა მხარს სამების დოგმატს, როგორც ამას „ათანასეს რწმენის სიმბოლო“ ასწავლიდა. მან განმარტა: „წმინდა წერილების გულმოდგინე კვლევისა და ფიქრის შედეგად . . . ლოგიკურად მიმაჩნია, შევიცვალო ჩემი ადრინდელი შეხედულება სამებასთან დაკავშირებით“. მან დაასკვნა, რომ „უზენაესი მხოლოდ იესო ქრისტეს ღმერთი და მამაა“.

რამ მიიყვანა ემლენი ამ დასკვნამდე? მან წმინდა წერილებში ბევრი მუხლი იპოვა, რომლებიც იესოს და მამას ერთმანეთისგან განასხვავებდა. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს (მუხლებს ერთვის ემლენის კომენტარი დახრილი შრიფტით):

  •  იოანე 17:3 „ქრისტეზე არსად არის ნათქვამი, რომ ის არის ერთ-ერთი ღმერთი, ზოგადად ღმერთი ან ერთადერთი ღმერთი“. მხოლოდ მამას ეწოდება „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“.

  •  იოანე 5:30 „ძე თავის ნებას კი არ ასრულებს, არამედ მამის ნებას“.

  •  იოანე 5:26 „იესოს მამამ მისცა სიცოცხლე“.

  •  ეფესოელები 1:3 „მაშინ როცა, იესო ქრისტეს ზოგადად ეწოდება ძე ღვთისა, საღვთო წერილში მამას არსად ეწოდება ღვთის მამა; პირიქით, ის ხშირად არის მოხსენიებული, როგორც ჩვენი უფლის, იესოს მამა“.

ყველა მუხლის საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ ემლენმა ხაზგასმით აღნიშნა: „საღვთო წერილებში ერთ მუხლსაც ვერ იპოვით, სადაც თუნდაც გადაკვრით იქნებოდა მინიშნებული, რომ მამა, ძე და სულიწმიდა ერთარსი ან ერთი და იგივე პიროვნებაა“.

რა შეგვიძლია ვისწავლოთ?

დღეს ბევრს ეშინია ხმამაღლა განაცხადოს ის, რასაც ბიბლია სინამდვილეში ასწავლის. მაგრამ ტომას ემლენი მზად იყო, დაეცვა ბიბლიური ჭეშმარიტება. მან წამოჭრა კითხვა: „თუ ადამიანი არ განაცხადებს იმ უმნიშვნელოვანეს ჭეშმარიტებას, რაც საღვთო წერილებში ნათლად და გასაგებად არის ჩაწერილი, მაშ რისთვისღა კითხულობს და იკვლევს მას?“ ტომას ემლენი კომპრომისზე არ წასულა. მან ბოლომდე დაიცვა ჭეშმარიტება.

ემლენისა და სხვების მაგალითები აღგვძრავს, დავფიქრდეთ, შეგვიძლია თუ არა წინააღმდეგობისა და დაცინვის დროს მტკიცედ დავიცვათ ჭეშმარიტება. შეგვიძლია აგრეთვე საკუთარ თავს ვკითხოთ: რა უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის — ადამიანების კეთილგანწყობილების მოპოვება თუ ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტების დაცვა?