სირიული ფეშიტა — სარკმელი ბიბლიის უძველესი თარგმანების სამზერლად
1892 წელს ტყუპი დები აგნესა სმითი ლუისი და მარგარეტ დანლოპი გიბსონი ცხრა დღის განმავლობაში აქლემებით მიუყვებოდნენ უდაბნოს სინას მთის ძირში მდებარე წმინდა ეკატერინეს მონასტრისკენ. რატომ წამოიწყეს ამ 50 წელს მიღწეულმა დებმა იმ დროისთვის ასეთ სახიფათო მხარეში მოგზაურობა? პასუხმა შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დაგარწმუნოთ ბიბლიის უტყუარობაში.
ზეცად ამაღლებამდე იესომ თავის მოწაფეებს დაავალა, რომ მის შესახებ დაემოწმებინათ „იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:8). იესოს ამ დავალებას მოწაფეები გაბედულად და დიდი ენთუზიაზმით ასრულებდნენ. თუმცა მალე იერუსალიმში ისინი სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდნენ. მოწინააღმდეგეებმა სტეფანე წამებით მოკლეს. იესოს ბევრმა მოწაფემ თავი შეაფარა სირიის ანტიოქიას, რომელიც რომის იმპერიაში შემავალ ერთ-ერთ დიდ ქალაქად ითვლებოდა და იერუსალიმიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით, 550 კმ-ში მდებარეობდა (საქმეები 11:19).
იესოს მოწაფეებს არც ანტიოქიაში შეუწყვეტიათ ქადაგება იესოს შესახებ, შედეგად ბევრი არაიუდეველი მოექცა ქრისტიანობაზე (საქმეები 11:20, 21). მართალია, ანტიოქიაში ხალხი ბერძნულ ენაზე ლაპარაკობდა, მაგრამ ქალაქის გარეთ და მთელ პროვინციაში სირიული ენა იყო დამკვიდრებული.
სახარება სირიულ ენაზე
ვინაიდან მეორე საუკუნეში დღითი დღე იზრდებოდა სირიულ ენაზე მოლაპარაკე ქრისტიანთა რიცხვი, გაჩნდა იმის საჭიროება, რომ სახარება მათ მშობლიურ ენაზე თარგმნილიყო. ამგვარად, როგორც ჩანს, სწორედ სირიული იყო ის პირველი ენა, რომელზეც ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ზოგიერთი ნაწილი ითარგმნა და არა ლათინური, როგორც ამას ზოგი მიიჩნევს.
ახ. წ. დაახლოებით 170 წლისთვის სირიელმა მწერალმა ტატიანემ (დაახლ. ახ. წ. 120—173) გააერთიანა ოთხი კანონიკური სახარება და შექმნა ნაშრომი, რომელსაც „დიატესარონი“ ეწოდა (შესაძლოა ტატიანემ ის თავიდან ბერძნულად შეადგინა, მოგვიანებით კი სირიულად თარგმნა, თუმცა ამის გადაჭრით თქმა შეუძლებელია). „დიატესარონი“ ბერძნული სიტყვაა და ქართულად „ოთხთავს“ ნიშნავს. მე-4 საუკუნეში ეფრემ ასურის მიერ (ახ. წ. 310—373) შექმნილი „დიატესარონის“ კომენტარი ადასტურებს, რომ სირიელი ქრისტიანები ამ ნაშრომს ფართოდ იყენებდნენ.
„დიატესარონი“ დღესაც იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. რატომ ვამბობთ ამას? მე-19 საუკუნეში ზოგიერთი სწავლული ამტკიცებდა, რომ სახარებები მეორე საუკუნეში, ახ. წ 130—170 წლებში დაიწერა და ამიტომ იესოს ცხოვრების ამსახველი ცნობები ვერ იქნებოდა ზუსტი და სარწმუნო. მაგრამ „დიატესარონის“ უძველესი ხელნაწერების აღმოჩენამ დაამტკიცა, რომ მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებები მეორე საუკუნის შუა პერიოდისთვის უკვე ფართოდ იყო გავრცელებული. აქედან გამომდინარე, ისინი უფრო ადრეულ პერიოდში უნდა ყოფილიყო დაწერილი. გარდა ამისა, „დიატესარონის“ შექმნისას ტატიანემ არც ერთი ე. წ. აპოკრიფული სახარება არ გამოიყენა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აპოკრიფულ სახარებებს არ მიიჩნევდნენ სანდოდ და კანონიკურად.
მე-5 საუკუნის დასაწყისისთვის ჩრდილოეთ შუამდინარეთში უფრო მასიურად დაიწყეს სირიული ბიბლიის გამოყენება. სავარაუდოდ, ახ. წ. მეორე ან მესამე საუკუნეში შესრულებულ ბიბლიის ამ თარგმანს აკლდა პეტრეს მეორე წერილი, იოანეს მეორე და მესამე წერილები, იუდას წერილი და გამოცხადების წიგნი. ეს თარგმანი „ფეშიტის“ სახელით გახდა ცნობილი, რაც ნიშნავს მარტივს ან გასაგებს. ფეშიტა ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ავტორიტეტული მოწმეა იმისა, რომ ბიბლიის ტექსტის გადაწერა ადრეული დროიდანვე ხდებოდა.
საინტერესოა ისიც, რომ ფეშიტის ერთ-ერთ ხელნაწერზე მითითებულია თარიღი, რომელიც დაახლოებით ახ. წ. 459-460 წლებს შეესაბამება, რის გამოც ის დღემდე მოპოვებულ ბიბლიის ხელნაწერთაგან უძველესი დათარიღებული ხელნაწერია. ახ. წ. დაახლოებით 508 წელს გაკეთდა ფეშიტის გადამუშავებული ვარიანტი. მასში ის გამოტოვებული ხუთი წიგნიც იყო, რომლებიც ზემოთ მოვიხსენიეთ. ეს ნაშრომი „ფილოქსენეს თარგმანის“ სახელით გახდა ცნობილი.
სხვა სირიული ხელნაწერების აღმოჩენა
მე-19 საუკუნემდე ბერძნულ ენაზე შესრულებული ქრისტიანულ-ბერძნული წერილების თითქმის ყველა ხელნაწერი მიეკუთვნებოდა მეხუთე საუკუნეს ან უფრო გვიანდელ პერიოდს. სწორედ ამ მიზეზის გამო მიაპყრეს განსაკუთრებული ყურადღება ბიბლიის მკვლევრებმა ისეთ ადრეულ თარგმანებს, როგორიცაა: ლათინური ვულგატა და სირიული ფეშიტა. იმ დროისთვის ზოგი თვლიდა, რომ ფეშიტა ძველი სირიული თარგმანის გადამუშავებული ვარიანტი იყო. მაგრამ ეს ძველი სირიული თარგმანი მიუკვლეველი იყო. ვინაიდან სირიულ ბიბლიას მეორე საუკუნემდე მივყავართ, ასეთი თარგმანი მკვლევრებისთვის ნამდვილად ფასდაუდებელი განძი იქნებოდა, როგორც სარკმელი წარსულში სამზერლად, რომელიც უფრო ნათელ წარმოდგენას შეუქმნიდა მათ ბიბლიის უძველეს თარგმანებზე. არსებობდა სინამდვილეში ძველი სირიული თარგმანი? მიაკვლიეს მას?
მე-19 საუკუნეში აღმოჩენილ იქნა ორი ასეთი ფასდაუდებელი სირიული ხელნაწერი. ერთი მათგანი თარიღდება მეხუთე საუკუნით. ის იყო ერთ-ერთი იმ უამრავი სირიული ხელნაწერიდან, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმმა 1842 წელს ეგვიპტის უდაბნოში არსებული ნიტრიის მონასტრისგან შეიძინა. ამ ხელნაწერს უწოდეს კიურტონის სირიული თარგმანი, რადგან ის აღმოაჩინა მუზეუმის ხელნაწერთა საცავის მცველმა უილიამ კიურტონმა. ამ ძვირფას დოკუმენტში შესული იყო ოთხი სახარება შემდეგი თანმიმდევრობით: მათე, მარკოზი, იოანე და ლუკა.
მეორე ხელნაწერი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ცნობილია, როგორც სინა-სირიული ხელნაწერი. მისი აღმოჩენა უკავშირდება სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ ტყუპ დებს. ერთი საინტერესო დეტალი: აგნესას არ ჰქონია უნივერსიტეტის განათლება, მაგრამ ის რვა ენას ფლობდა, მათ შორის სირიულს. 1892 წელს აგნესამ ეგვიპტის წმინდა ეკატერინეს მონასტერში მნიშვნელოვან განძს მიაგნო.
აქ, ერთ ბნელ საკუჭნაოში, ის სირიულ ხელნაწერს წააწყდა. ის წერს, რომ „ხელნაწერი ერთობ არასასიამოვნოდ გამოიყურებოდა და ძალიან ჭუჭყიანი იყო. ფურცლები თითქმის ერთმანეთზე იყო მიწებებული, რადგან არავის გადაეშალა“ საუკუნეების განმავლობაში. ეს ხელნაწერი პალიმფსესტი იყო, * რომელზეც თავდაპირველი ტექსტი გადაუფხეკიათ და სირიულად დაუწერიათ ახალი ტექსტი წმინდანი ქალების შესახებ. მიუხედავად ამისა, აგნესამ ტექსტის ქვეშ შენიშნა გადაფხეკილი ნაწერები, რომელთაც თავზე ეწერა: „მათესი“, „მარკოზისა“ ან „ლუკასი“. მას ხელთ ეპყრა ოთხი სახარების თითქმის სრული სირიული კოდექსი. დღეს სწავლულებს სჯერათ, რომ ეს კოდექსი მე-4 საუკუნის მიწურულს შეიქმნა.
სინა-სირიული ხელნაწერი ისეთივე უმნიშვნელოვანეს ხელნაწერად მიიჩნევა, როგორც ბერძნულ ენაზე შესრულებული სინური კოდექსი და ვატიკანის კოდექსი. დღეს საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ჩვენამდე მოღწეული კიურტონის ხელნაწერები და სინური ხელნაწერები მეორე საუკუნის მიწურულს ან მესამე საუკუნის ადრეული პერიოდით დათარიღებული ძველი სირიული სახარებების ასლებია.
„ჩვენი ღვთის სიტყვა კი მარადიულად დარჩება“
დღესაც ღირებულია ეს ხელნაწერები ბიბლიის მკვლევართათვის? უდავოდ! მაგალითისთვის ავიღოთ ე. წ. ვრცელი დაბოლოება, რომელიც მარკოზის 16:8-ს მოჰყება ბიბლიის ზოგ თარგმანში. ის გვხვდება მე-5 საუკუნის ბერძნულ ენაზე შესრულებულ ალექსანდრიის კოდექსში, ლათინურ ვულგატაში და სხვა ძველ ხელნაწერებში. თუმცა მე-4 საუკუნის ისეთ ავტორიტეტულ ბერძნულ ხელნაწერებში, როგორიცაა სინური და ვატიკანის კოდექსები, მარკოზის სახარება მთავრდება მე-16 თავის მე-8 მუხლით. ეს ვრცელი დაბოლოება არც სინა-სირიის ხელნაწერში გვხვდება, რაც კიდევ ერთი მტკიცებაა იმისა, რომ ეს დაბოლოება მოგვიანებით დაემატა მარკოზის სახარებას და ის არ ყოფილა დედნისეული ტექსტის ნაწილი.
განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი. მე-19 საუკუნეში არსებულ ბიბლიის თითქმის ყველა თარგმანში 1 იოანეს 5:7-ს დამატებული ჰქონდა ცრუ ტრინიტარული სწავლება. თუმცა ეს დამატება არ გვხვდება არც უძველეს ბერძნულ ხელნაწერებში და არც ფეშიტაში, რაც იმის უდავო მტკიცებაა, რომ ეს ცრუ სწავლება მოგვიანებით ჩაამატეს ბიბლიაში.
ნათელია, რომ იეჰოვა ღმერთმა დაპირებისამებრ დაიცვა თავისი წმინდა სიტყვა. ბიბლია გვარწმუნებს: „მწვანე ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება, ჩვენი ღვთის სიტყვა კი მარადიულად დარჩება“ (ესაია 40:8; 1 პეტრე 1:25). ფეშიტის სახელწოდებით ცნობილი ბიბლიის თარგმანი მოკრძალებულ, თუმცა მნიშვნელოვან როლს თამაშობს კაცობრიობისთვის ბიბლიური ცნობის ზუსტად და სწორად გადაცემაში.
^ აბზ. 15 ბერძნული სიტყვა „პა-ლიმ-ფსე-სტოს“ ნიშნავს ხელახლა დაწერილს.