არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა

ახლოს არის აღსასრული?

ახლოს არის აღსასრული?

დაუშვებს ღმერთი, რომ ადამიანებმა ერთმანეთზე კვლავ იბატონონ და კაცობრიობის მომავალს საფრთხე შეუქმნან? არა. როგორც დავინახეთ, ღმერთი ერთხელ და სამუდამოდ მოუღებს ბოლოს ადამიანთა მრავალსაუკუნოვან ტანჯვასა და ჩაგვრას. ჩვენს შემოქმედს სურს, ვიცოდეთ, რომ ეს დრო გვიახლოვდება. როგორ გვიმჟღავნებს ის ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას?

დავუშვათ, მანქანით მოგზაურობას გეგმავთ. მოგზაურობის დაწყებამდე, ალბათ, პირველ რიგში ინტერნეტში მოიძიებთ საჭირო ინფორმაციას და მოიმარჯვებთ რუკას. მოგზაურობისას კი, როდესაც ხედავთ, რომ საგზაო ნიშნები თქვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას შეესაბამება, ხვდებით, რომ დანიშნულების ადგილს უახლოვდებით. მსგავსად, ჩვენ გვაქვს ღვთის სიტყვა, ბიბლია, რომელშიც ნაწინასწარმეტყველებია უმნიშვნელოვანესი მსოფლიო მოვლენები და როდესაც ვხედავთ, რომ ეს ყოველივე ზედმიწევნით სრულდება, ვხვდებით, რომ აღსასრულს ვუახლოვდებით.

ბიბლია წინასწარმეტყველებს უმნიშვნელოვანესი დროის შესახებ, რომლის კულმინაციაც აღსასრული იქნება. როგორც ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, ამ პერიოდში მსოფლიოში ისეთი მოვლენები განვითარდებოდა და ისეთი მდგომარეობა შეიქმნებოდა, როგორიც კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

1. მსოფლიო მდგომარეობა: მათეს 24-ე თავში ჩაწერილ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული მოვლენები იქნებოდა „ქვეყნიერების აღსასრულის“ ნიშანი (მე-3 და მე-14 მუხლები). ამ მოვლენებში იგულისხმება დიდი ომები, საკვების უკმარისობა, მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას, სიყვარულის განელება და ცრუწინასწარმეტყველების გამოჩენა, რომლებიც ხალხის შეცდომაში შეყვანას შეეცდებოდნენ (6—26 მუხლები). მართალია, ეს ყველაფერი ოდითგანვე ხდებოდა, მაგრამ აღსასრულის მოახლოებისას ეს მოვლენები ერთ პერიოდში, ერთდროულად უნდა შესრულებულიყო. ამ ყველაფერს თან ერთვის სხვა სამი გამაფრთხილებელი მოვლენა.

2. ადამიანების დამოკიდებულება: ბიბლია ამბობს, რომ „ბოლო დღეებში“ — აღსასრულის პერიოდში — ადამიანები უარესობისკენ შეიცვლებოდნენ. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:1—4). მართალია, ადამიანებს შორის უპატივცემულო დამოკიდებულება, გარკვეულწილად, ყოველთვის არსებობდა, მაგრამ „ბოლო დღეებში“ ურთიერთობები იმდენად გაუარესდა, რომ ამ პერიოდს მართებულად შეიძლება ეწოდოს „მძიმე, ძნელად ასატანი დრო“. ამჩნევთ, როგორ იცვლებიან ადამიანები უარესობისკენ?

3. დედამიწის მოსპობა: ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთი მოსპობს დედამიწის მომსპობთ (გამოცხადება 11:18). როგორ მოსპობდნენ ადამიანები დედამიწას? ნოეს დღეებთან დაკავშირებით მსგავს სიტყვებს ვკითხულობთ: „გაიხრწნა დედამიწა ჭეშმარიტი ღვთის თვალწინ და აივსო ძალადობით. დაინახა ღმერთმა, რომ გაიხრწნა დედამიწა“. ამიტომ მან იმ დროს მცხოვრებ ხალხზე თქვა: „მოვსპობ მათ“ (დაბადება 6:11—13). ხედავთ, რა სწრაფად ივსება დედამიწა ძალადობით? გარდა ამისა, კაცობრიობამ დღემდე არნახულ ეპოქაში შეაბიჯა. ადამიანებმა ისეთი მძლავრი იარაღები შექმნეს, რომ პირდაპირი გაგებით შეუძლიათ, მოსპონ დედამიწა და გაანადგურონ კაცობრიობა. ჩვენი პლანეტა სხვაგვარადაც ზიანდება. ადამიანთა დაუდევრობის გამო ნადგურდება სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტები: ჰაერი, ეკოსისტემა და ოკეანეები.

ბოლო ერთი საუკუნეა, რაც ადამიანები იმდენად ბევრ და მძლავრ იარაღს ქმნიან და იმდენად აზიანებენ გარემოს, რომ შეიძლება ითქვას, კაცობრიობა საკუთარი ხელით ითხრის სამარეს. ტექნოლოგია იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ადამიანი ვერ ასწრებს მისი შედეგების გაკონტროლებას. მაგრამ, საბედნიეროდ, დედამიწის მომავალი ადამიანების ხელში არ არის. ღმერთი გვპირდება, რომ არ დაუშვებს დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობას. ის გაანადგურებს მათ, ვინც ზიანს აყენებს ჩვენს პლანეტას.

4. გლობალური სამქადაგებლო საქმიანობა: აღსასრულის ნიშნისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი მოვლენა უპრეცედენტო სამქადაგებლო საქმიანობა იქნებოდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). სამქადაგებლო საქმიანობა არ იქნებოდა ადამიანების მხოლოდ ახალ აღმსარებლობაზე მოქცევა, რასაც საუკუნეების მანძილზე, მრავალი რელიგია აკეთებს. სამქადაგებლო საქმიანობის მეშვეობით ბოლო დღეებში უნდა გაცხადებულიყო განსაკუთრებული ცნობა — „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“. იცით, რომელიმე რელიგიური ჯგუფი, რომელიც აცხადებს ამ ცნობას? თუ დიახ, ქადაგებენ ისინი სასიხარულო ცნობას „მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“?

ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ მსოფლიოში ასობით ენაზე ქადაგებენ

ვებ-გვერდ www.mt1130.com-ის მთავარი მიზანია, გაავრცელოს „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“. ვებ-გვერდზე ლიტერატურა 700-ზე მეტ ენაზეა განთავსებული. კიდევ როგორ ვრცელდება სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოში? დიდი ხნით ადრე, სანამ ინტერნეტი გახდებოდა ხელმისაწვდომი, იეჰოვას მოწმეები ცნობილნი იყვნენ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებით. 1939 წლიდან მოყოლებული ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ გარეკანზე დატანებულია სიტყვები „იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“. ერთ წიგნში, რომელიც რელიგიებს ეხება, წერია, რომ იეჰოვას მოწმეების სამქადაგებლო საქმიანობის „ინტენსივობასა და მასშტაბურობას თითქმის ვერც ერთი საქმიანობა ვერ გაუტოლდება“. სწორედ დამოწმების საქმიანობა გვარწმუნებს იმაში, რომ ღვთის სამეფოს მეშვეობით ძალიან მალე „მოვა აღსასრული“.

უმნიშვნელოვანესი მომენტი მსოფლიო ისტორიაში

ხედავთ საკუთარი თვალით ამ ოთხი გამაფრთხილებელი მოვლენის შესრულებას? ას წელზე მეტია, რაც ეს ჟურნალი ინფორმაციას აწვდის მკითხველს მსოფლიო მოვლენების შესახებ და ეხმარება იმის დანახვაში, რომ მალე მოვა აღსასრული. თუმცა ზოგი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ფაქტებითა და სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირებაა და მეტი არაფერი. ისინი აგრეთვე ირწმუნებიან, რომ საკომუნიკაციო საშუალებების მომრავლება ადამიანებს მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს, რის გამოც უფრო მეტად უჩნდებათ იმის განცდა, რომ მსოფლიოში მდგომარეობა უარესდება. აშკარაა, რომ ვცხოვრობთ კაცობრიობის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში, რომელიც თავის აღსასრულს უახლოვდება.

ზოგი მეცნიერის აზრით მალე დედამიწაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება. მაგალითად, 2014 წელს მეცნიერებისა და უსაფრთხოების საბჭომ გააფრთხილა გაეროს უშიშროების საბჭო მოსალოდნელი საშიშროებების შესახებ. ჟურნალ „ატომმცოდნეთა ბიულეტენში“ ეწერა: „საშიშროებების გულდასმით შესწავლას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ დღესდღეობით ცივილიზაციას ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ ტექნოლოგიური კატასტროფა უქმნის“. უფრო და უფრო მეტი ადამიანი რწმუნდება, რომ მსოფლიო ისტორიის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში ვცხოვრობთ. ამ ჟურნალის გამომცემლებსა და მკითხველთა უმეტესობას ეჭვი წამითაც არ ეპარებათ, რომ ეს პერიოდი ქვეყნიერების აღსასრულის ბოლო დღეებია. ნაცვლად იმისა, რომ მომავალს შიშითა და ძრწოლით უყუროთ, შეგიძლიათ, გაიხაროთ იმაზე ფიქრით, რაც მომავალში გელით. რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ, რომ თქვენ შეგიძლიათ, გადაურჩეთ აღსასრულს!