არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იყო პეტრე მოციქული პირველი პაპი?

იყო პეტრე მოციქული პირველი პაპი?

„კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო რომის პაპი და პეტრე მოციქულის 265-ე მემკვიდრე გახდა“ (ვატიკანის საინფორმაციო სამსახური, ვატიკანი, 2013 წლის 13 მარტი).

„რომის ეპისკოპოსს განსაკუთრებული უფლებამოსილება აქვს მთელ კათოლიკურ ეკლესიაზე, რადგან ის არის წმინდა პეტრეს მემკვიდრე, რომელსაც ეს უპირატესობა თავად იესო ქრისტემ მიანიჭა“ (რომის ეპისკოპოსის უფლებამოსილება პირველი სამი საუკუნის განმავლობაში, 1903 წელი, მწერალი ვინსენტ ერმონი).

„თუ ვინმე ეჭვს შეიტანს იმაში . . . რომ რომის პაპი ნეტარი პეტრეს მემკვიდრეა, დაე, ანათემას გადაეცეს [ერეტიკოსად შეირაცხოს]“ (ვატიკანის პირველი საეკლესიო კრება, 1870 წლის 18 ივლისი).

მთელ მსოფლიოში მილიონობით კათოლიკესთვის 1870 წელს ვატიკანის პირველ საეკლესიო კრებაზე მიღებული ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საეკლესიო დოგმას, რომელიც მკაცრად უნდა იქნეს დაცული. მაგრამ აქვე ჩნდება კითხვები: არის კი ეს დოგმა ბიბლიური სწავლება? არის პაპი ფრანცისკე პეტრე მოციქულის მემკვიდრე? ან იყო თავად პეტრე მოციქული პირველი პაპი?

„ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას“

1870 წელს ვატიკანის საეკლესიო კრებაზე მიღებული ეს გადაწყვეტილება ძირითადად დაფუძნებულ იქნა მათეს 16:16—19 და იოანეს 21:15—17 მუხლების მათეულ გაგებაზე. ბიბლიის ამ და სხვა მონაკვეთებიდან, რომლებშიც იესოსა და პეტრეს შორის გამართულ დიალოგებს ვკითხულობთ, ვიგებთ, რომ პეტრეს მნიშვნელოვანი როლი ეკისრა ადრეული ქრისტიანების ისტორიაში. სწორედ პეტრე იყო ის ადამიანი, ვისზეც იესომ პირველივე შეხვედრისას იწინასწარმეტყველა, რომ ის კლდესავით მტკიცე და შეუპოვარ ხასიათს გამოავლენდა (იოანე 1:42). მაგრამ საინტერესოა, მიანიჭა იესო ქრისტემ პეტრე მოციქულს განსაკუთრებული უპირატესობა?

მათეს 16:17, 18 მუხლებში ვკითხულობთ პეტრესთვის ნათქვამ იესოს სიტყვებს: „გეუბნები: შენა ხარ კლდე [პეტრე, ნიშნავს კლდის ნატეხს] და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას“. * გულისხმობდა იესო, რომ თავის „ეკლესიას“, იგივე კრებას, უბრალო ადამიანზე, პეტრეზე დააფუძნებდა? ან იქნებოდა პეტრე იესოს სხვა მიმდევრების მეთაური? როგორ გაიგეს იესოს ეს სიტყვები სხვა მოციქულებმა, რომლებიც მათ საუბარს შეესწრნენ? სახარებებიდან ვიგებთ, რომ ამ საუბრიდან ცოტა ხანში მოციქულებმა არაერთხელ გამართეს ცხარე კამათი იმის შესახებ, თუ ვინ იყო მათ შორის დიდი (მათე 20:20—27; მარკოზი 9:33—35; ლუკა 22:24—26). საინტერესოა, თუ იესოს უკვე მინიჭებული ჰქონდა პეტრესთვის განსაკუთრებული უპირატესობა, მაშინ რაღატომ გახდიდნენ მოციქულები ამ საკითხს სადავოს?

თავად პეტრემ როგორ გაიგო იესოს ეს სიტყვები? როგორც ებრაელს, პეტრეს ეცოდინებოდა ებრაულ წერილებში ჩაწერილი არაერთი წინასწარმეტყველება, სადაც საუბარია „ქვაზე“ და „ქვაკუთხედზე“ (ესაია 8:13, 14; 28:16; ზაქარია 3:9). თანაქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში პეტრე მოციქული ერთ-ერთ მათგანს ციტირებს და განმარტავს, რომ ნაწინასწარმეტყველები „ქვაკუთხედი“ უფალი იესო ქრისტე, აღთქმული მესია, იყო. პეტრე მოციქული ამ წერილში ბერძნულ სიტყვას, „პეტრას“, (ზუსტად იმ სიტყვას, რომელიც მათეს 16:18-ში იესომ მოიხსენია) მხოლოდ ქრისტესთან მიმართებით იყენებს (1 პეტრე 2:4—8).

პავლე მოციქული იესო ქრისტეს კიდევ ერთი ერთგული მიმდევარი იყო. ფიქრობდა პავლე, რომ იესომ პეტრეს განსაკუთრებული უპირატესობა მიანიჭა? ის აღიარებდა პეტრეს მნიშვნელოვან როლს ადრეულ ქრისტიანულ კრებაში და მის შესახებ წერდა, რომ პეტრე იმ ქრისტიანებს შორის იყო, რომლებიც „ბურჯებად მიიჩნეოდნენ“. მაგრამ პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ პეტრე მისთვის კრების ერთ-ერთი ბურჯი იყო და არა ერთადერთი (გალატელები 2:9). გარდა ამისა, თუ იესომ პეტრე კრების თავად დანიშნა, როგორ შეიძლებოდა, იმდროინდელ ქრისტიანებს ის კრების ერთ-ერთ ბურჯად მიეჩნიათ?

პეტრეს არასწორ საქციელზე საუბრისას პავლე მოციქულმა პატივისცემით, თუმცა გულახდილად დაწერა: „მე პირადად წინ აღვუდექი მას, ვინაიდან გასაკიცხი იყო“ (გალატელები 2:11—14). პავლე არ თვლიდა, რომ იესო ქრისტემ თავისი ეკლესია, ანუ კრება, პეტრეზე ან სხვა რომელიმე არასრულყოფილ ადამიანზე დააფუძნა. პირიქით, მას სწამდა, რომ ქრისტიანული კრების საძირკველი თავად იესო ქრისტე იყო. ამრიგად, პავლესთვის „კლდე იყო ქრისტე“ (1 კორინთელები 3:9—11; 10:4).

„შენა ხარ პეტრე . . .“

ჩვენ როგორ უნდა გავიგოთ იესოს შემდეგი სიტყვები: „შენა ხარ კლდე [პეტრე] და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას“? ამ სიტყვების მნიშვნელობას ზუსტად რომ ჩავწვდეთ, მის კონტექსტს უნდა გავეცნოთ. რაზე საუბრობდნენ პეტრე და იესო? იესომ თავის მოწაფეებს ჰკითხა: „თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ?“. პეტრემ ყოყმანის გარეშე უპასუხა: „შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა“. იესომ ამ სიტყვებისთვის შეაქო მოციქული და დასძინა, რომ თავის „ეკლესიას“, იგივე კრებას, უფრო მყარ „კლდეზე“ დააფუძნებდა, ანუ მასზე, ვის მიმართაც პეტრემ სულ ახლახან რწმენა გამოავლინა. ასე რომ, იესო „კლდეში“ თავის თავს გულისხმობდა (მათე 16:15—18).

ჩვენ როგორ უნდა გავიგოთ იესოს შემდეგი სიტყვები: „შენა ხარ კლდე [პეტრე] და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას“?

მოგვიანებით „ეკლესიის მამები“ წერდნენ, რომ მათეს 16:18-ში მოხსენიებული „კლდე“ არის იესო ქრისტე. მაგალითად, მე-5 საუკუნეში ნეტარი ავგუსტინე წერდა: «უფალმა თქვა: „ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას“, რადგან პეტრეს მისთვის მანამდე ნათქვამი ჰქონდა: „შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა“. ამიტომ სწორედ ამ კლდეზე, რომლის მიმართაც რწმენა გამოავლინე, ავაშენებ ჩემს ეკლესიას, — მიუგო უფალმა». ავგუსტინემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კლდე (პეტრა) იყო ქრისტე“.

ავგუსტინე და მისი თანამოაზრეები დღევანდელი კათოლიკური დოქტრინის მიხედვით რომ გაესამართლებინათ, აუცილებლად ერეტიკოსებად შერაცხავდნენ. შვეიცარიელი თეოლოგის, ულრიკ ლუზის თქმით, „ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა თანხვედრის გამო დღევანდელ ბიბლეისტებს 1870 წლის ვატიკანის კრება ერესში დასდებდა ბრალს“.

პეტრე მოციქულის მემკვიდრეა პაპი?

პაპის ტიტული თავად მოციქული პეტრესთვისაც უცნობი იყო. როგორც არაერთი ფაქტი ცხადყოფს, მე-9 საუკუნემდე ამ ტიტულს არარომაელი ეპისკოპოსები ისაკუთრებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მე-11 საუკუნემდე ოფიციალურად პაპის წოდებას ძალიან იშვიათად თუ ანიჭებდნენ ვინმეს. უფრო მეტიც, პეტრეს მართლაც რომ ჰქონოდა მინიჭებული განსაკუთრებული უპირატესობა, პირველი საუკუნის ქრისტიანები არ ფიქრობდნენ, რომ ეს „უპირატესობა“ მის მემკვიდრეებს გადაეცემოდა. აქედან გამომდინარე, გერმანელი სწავლულის, მარტინ ჰენგელის, დასკვნით, არ არსებობს არანაირი ისტორიული და თეოლოგიური მტკიცებულება, რომ ადრეულ ქრისტიანებში არსებობდა ისეთი გაგება, რომელსაც მოგვიანებით „პაპის უპირატესობა“ ეწოდა.

დაბოლოს: იყო პეტრე მოციქული პირველი პაპი? ჰყავდა მას მემკვიდრეები? არის კათოლიკური დოგმა „პაპის უპირატესობის“ შესახებ ბიბლიაზე დაფუძნებული? სამივე კითხვაზე პასუხი ერთია — არა! ყველა ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ იესომ დააფუძნა ეკლესია, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანული კრება, რომლის საძირკველიც თავადაა (ეფესოელები 2:20). მაგრამ, არსებობს კითხვა, რომელიც ყველამ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს: „ვიპოვე ჭეშმარიტი ქრისტიანული კრება?“.

^ აბზ. 8 ამ სტატიაში ყველა ბიბლიური ციტატა აღებულია „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემიდან“.