არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?

ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნის გამოცემა

ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნის გამოცემა

2021 წლის 1 იანვარი

 „ამას 19 წელი ველოდი!“. რას ელოდა ამდენ ხანს ჩვენი ძმა? — „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ თავის მშობლიურ, ბენგალურ ენაზე. უამრავი და-ძმა განიცდის მსგავს სიხარულს, როდესაც მათ ენაზე გამოდის ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. გიფიქრიათ ოდესმე, რამხელა შრომასთან არის დაკავშირებული ბიბლიის თარგმნა და გამოცემა?

 უპირველესად, ხელმძღვანელი საბჭოს სამწერლო კომიტეტის ზედამხედველობით ყალიბდება მთარგმნელობითი ჯგუფი. რამდენი დრო სჭირდება ჯგუფს ბიბლიის სათარგმნად? ძმა ნიკოლას ახლადისი, რომელიც უორიკის (ნიუ-იორკი) მთარგმნელთა მომსახურების განყოფილებასთან თანამშრომლობს, აღნიშნავს: «ბევრი ფაქტორია მხედველობაში მისაღები. მაგალითად, რამდენი მთარგმნელი უნდა ჩაებას საქმეში, რამდენად რთულია ენა, რომელზეც სრულდება თარგმანი, რამდენად გათვითცნობიერებულია მკითხველი ბიბლიური დროის ყოფა-ცხოვრებაში, აგრეთვე განსხვავდება თუ არა ენა რეგიონების მიხედვით. საშუალოდ, ჯგუფს ერთიდან სამ წლამდე სჭირდება „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ გადასათარგმნად, ხოლო მთლიანი ბიბლიის სათარგმნელად — ოთხი ან მეტი წელი. ჟესტურ ენაზე სათარგმნად კი უფრო მეტი დროა საჭირო».

 ბიბლიის თარგმნის პროცესში მთარგმნელების გარდა სხვებიც არიან ჩართულები. ირჩევენ გარე მკითხველთა ჯგუფს, რომელიც შედგება სხვადასხვა განათლებისა და წარმოშობის მქონე ქრისტიანებისგან. ისინი შეიძლება ცხოვრობდნენ სხვადასხვა რეგიონში და ზოგჯერ სხვადასხვა ქვეყანაშიც კი. ეს და-ძმები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ეხმარებიან მთარგმნელობით ჯგუფს. მათი შენიშვნები დიდ დახმარებას უწევს მთარგმნელებს, რომ ბიბლიის თარგმანი ზუსტი და ადვილად აღსაქმელი იყოს. როგორც სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ბიბლიის თარგმნის ერთ-ერთი ინსტრუქტორი ამბობს, „მთარგმნელები უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობენ იეჰოვას და ბიბლიის მკითხველის წინაშე“.

 თარგმანის დასრულების შემდეგ ხდება ბიბლიების დაბეჭდვა და აკინძვა. ბიბლიის ასაკინძად სტამბებში, სულ მცირე, ათი სახის მასალაა საჭირო: ქაღალდი, მელანი, ყდა, წებო, ყდის სარჩული, ვერცხლის ფურცელი, ლენტი, დეკორატიული ზონარი, ყუის გასამაგრებელი და შესაფუთი მასალა. 2019 წელს მხოლოდ ამ მასალებში 20 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. ამავე წელს სტამბის თანამშრომლებმა 300 000-ზე მეტი საათი დაუთმეს ბიბლიის დამზადებას და ტრანსპორტირებას.

„ბიბლია ყველაზე მნიშვნელოვანი პუბლიკაციაა, რომელსაც გამოვცემთ“.

 რატომ ვხარჯავთ ამდენ დროს და თანხას ამ საქმის შესასრულებლად? საერთაშორისო საგამომცემლო განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომელი, ჯოელ ბლუ, აღნიშნავს: „ბიბლია ყველაზე მნიშვნელოვანი პუბლიკაციაა, რასაც ჩვენი ორგანიზაცია გამოსცემს. ამიტომ გვსურს, ბიბლიას ისეთი იერსახე მივცეთ, რომ განდიდდეს იეჰოვა ღმერთი, რომელსაც ვეთაყვანებით და სასიხარულო ცნობაც, რომელსაც ვქადაგებთ, უფრო მიმზიდველი იყოს“.

 ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სტანდარტული გამოცემების გარდა, ვამზადებთ გამოცემებს სპეციალური საჭიროებების მქონე მკითხველისთვის. მაგალითად, ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ბრაილის შრიფტზე ხელმისაწვდომია ათ ენაზე. ბრაილის შრიფტზე ერთი ბიბლიის ამოტვიფრვას დაახლოებით 8 საათი სჭირდება და ის ბევრი ტომისგან შედგება, რის გამოც მათ დასაწყობად სულ მცირე 2,3 მეტრი სიგრძის თაროა საჭირო. გარდა ამისა, ვამზადებთ ბიბლიის სპეციალურ გამოცემას პატიმრებისთვის, რომლებიც იმ ციხეებში იხდიან სასჯელს, სადაც მხოლოდ ქაღალდის ყდიანი წიგნების შეტანაა ნებადართული.

 ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ დიდ გავლენას ახდენს მკითხველის ცხოვრებაზე. მაგალითად, ტომბეში (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) არსებობს კილუბა ენაზე მოსაუბრე კრება. ტომბე დედაქალაქიდან დაახლოებით 1 700 კილომეტრითაა დაშორებული. იმ ტერიტორიაზე მოწმეებისთვის მხოლოდ ერთი ბიბლია იყო ხელმისაწვდომი და ეს თარგმანი შესრულებული იყო ძველ კილუბა ენაზე. ეს ერთადერთი ბიბლია ხელიდან ხელში გადადიოდა, რათა ძმებს კრების შეხვედრებისთვის დავალებები მოემზადებინათ. მაგრამ 2018 წლის აგვისტოდან კრებაში უკვე ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი თანამედროვე ენაზე შესრულებული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კილუბა ენაზე.

 გერმანულ ენაზე მოსაუბრე ერთი და მშობლიურ ენაზე გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მიღების შემდეგ ასეთ რამეს ამბობს: „უკვე აღარ ვამბობ, რომ ბიბლია მაქვს წასაკითხი. ახლა ერთი სული მაქვს, ახალ მონაკვეთს როდის წავიკითხავ“. ერთმა პატიმარმა კი მოიწერა: «ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მომცეს; ეს წიგნი ჩემს ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. ეს თარგმანი რომ არა, ვერასდროს ჩავწვდებოდი ღვთის სიტყვას. მინდა, უფრო მეტი გავიგო იეჰოვას მოწმეების შესახებ და გავერკვე, რა არის საჭირო, მათ რიგებს რომ შევუერთდე».

 ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მკითხველები მადლიერებას გამოხატავენ იმ შესაწირავისთვის, რომელიც ბიბლიის გამოცემის საქმეს ხმარდება. მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის შესაწირავის გაღება იმ საშუალებებით ხდება, რომლებიც მითითებულია ვებგვერდზე donate.mt1130.com. დიდი მადლობა თქვენი გულუხვი შესაწირავისთვის.