არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ვებრძოლოთ პანდემიით გამოწვეულ ემოციურ დაღლილობას?

როგორ ვებრძოლოთ პანდემიით გამოწვეულ ემოციურ დაღლილობას?

 ხომ არ დაგქანცათ კოვიდ-19-ით დაინფიცირების შიშმა? თუ დიახ, იცოდეთ, რომ მარტო თქვენ არ ხართ ამ მდგომარეობაში. უკვე თვეებია, რაც მთელ მსოფლიოში ადამიანებს უწევთ იმ აზრთან შეგუება, რომ უნდა ისწავლონ პანდემიასთან ერთად ცხოვრება. „ბევრი დიდ მსხვერპლზე მიდის, რომ მაქსიმალურად დაიცვას კოვიდ-19-თან დაკავშირებული პრევენციული ზომები, — აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ექიმმა ჰანს კლუგემ, — დიდი ხნის განმავლობაში ასეთ სტრესულ გარემოში ყოფნამ ადამიანს ადვილად შეიძლება დააკარგვინოს საქმის კეთების ხალისი და გახადოს გულგრილი. ეს კი პანდემიით გამოწვეულ ემოციურ დაღლილობაზე მიანიშნებს“.

 თუ პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ძალები გამოგაცალათ, გული არ გაიტეხოთ. ბიბლია ბევრს ეხმარება, გაუმკლავდეს ამ სტრესულ ცხოვრებას. ღვთის სიტყვა თქვენც დაგეხმარებათ.

 რა არის პანდემიით გამოწვეული ემოციური დაღლილობა?

 პანდემიით გამოწვეული ემოციური დაღლილობა არ მიეკუთვნება დაავადებათა რომელიმე სახეობას. ამ ტერმინით აღწერენ ადამიანის ბუნებრივ რეაქციას პანდემიით გამოწვეულ სახეცვლილ, სტრესულ ცხოვრებაზე და ხანგრძლივ გაურკვევლობაზე, რის გამოც მას მომავლის შიში ეუფლება. მართალია, ყველა ადამიანის რეაქცია განსხვავებულია, თუმცა არსებობს საერთო ნიშნებიც. ესენია:

  •   მოტივაციის შესუსტება

  •   კვების და ძილის რეჟიმთან დაკავშირებული ცვლილებები

  •   გაღიზიანება

  •   სტრესი სხვადასხვა საქმის შესრულების დროს, რასაც ადრე ადვილად უმკლავდებოდით

  •   ყურადღების გაფანტვა

  •   უიმედობის განცდა

 რატომ არის პანდემიით გამოწვეული ემოციური დაღლილობა ყურადსაღები?

 პანდემიით გამოწვეულმა ემოციურმა დაღლილობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას როგორც ჩვენს, ისე სხვების ჯანმრთელობას. თუ სიფხიზლეს მოვადუნებთ, შეიძლება სულ უფრო და უფრო ნაკლებად დავიცვათ კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები. დროთა განმავლობაში შეიძლება ყურადღება აღარ მივაქციოთ ვირუსის საშიშროებას მაშინ, როცა ის კვლავაც ვრცელდება და ზოგიერთ ინფიცირებულს სიცოცხლეს უსწრაფებს. შესაძლოა ძალიან დავიღალეთ ხანგრძლივი შეზღუდვების გამო და თავისუფლებას ვესწრაფვით, მაგრამ ეს შეიძლება სარისკო აღმოჩნდეს ჩვენთვისაც და სხვებისთვისაც.

 ამ სტრესულ დროში ბევრმა საკუთარ თავზე გამოსცადა ბიბლიაში ჩაწერილი შემდეგი სიტყვების ჭეშმარიტება: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდება, ძალა გამოგეცლება“ (იგავები 24:10). ბიბლიური პრინციპები დაგვეხმარება გულგატეხილობის დაძლევაში მაშინაც კი, თუ ეს გრძნობა პანდემიით არის გამოწვეული.

 რომელი ბიბლიური პრინციპები დაგეხმარებათ, ებრძოლოთ პანდემიით გამოწვეულ ემოციურ დაღლილობას?

  •   დაიცავით ფიზიკური დისტანცია და არა სოციალური

     ბიბლიაში წერია: „ნამდვილი მეგობარი ... გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).

     რატომ არის მნიშვნელოვანი: ნამდვილ მეგობრებთან ურთიერთობა ძალებს გვმატებს (1 თესალონიკელები 5:11); მათგან ხანგრძლივი იზოლაცია კი უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე (იგავები 18:1).

     ეცადეთ, ასე მოიქცეთ: შეინარჩუნეთ ურთიერთობა მეგობრებთან ვიდეო და სატელეფონო ზარების, იმეილებისა და მესიჯების მეშვეობით. თუ ცუდი დღე გაქვთ, დაუკავშირდით მეგობრებს; ხშირად მოიკითხეთ ისინი და გაიგეთ, როგორ არიან. გაუზიარეთ ერთმანეთს, რა გეხმარებათ, გაუმკლავდეთ პანდემიით გამოწვეულ სტრესს. გამონახეთ საშუალებები მეგობრისთვის სიკეთის გასაკეთებლად. ასე თქვენც კარგად იგრძნობთ თავს და თქვენი მეგობარიც.

  •   არსებული სიტუაცია საუკეთესოდ გამოიყენეთ

     ბიბლიაში წერია: „გონივრულად გამოიყენეთ დრო“ (ეფესოელები 5:16).

     რატომ არის მნიშვნელოვანი: დროის გონივრულად გამოყენება, პოზიტიურ განწყობას შეგინარჩუნებთ და ზედმეტი წუხილისგან დაგიცავთ (ლუკა 12:25).

     ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ნუ იქნებით იმაზე ფოკუსირებული, რისი გაკეთებაც აღარ შეგიძლიათ. ნაცვლად ამისა, იმაზე იფიქრეთ, როგორ გამოიყენოთ საუკეთესოდ ეს სიტუაცია. მაგალითად, ხომ არ გაქვთ ისეთი საქმეები, რომელთა გასაკეთებლად აქამდე დროს ვერ პოულობდით ან ხომ არ დაკავდებოდით რაიმე ჰობით? ხომ არ შეგიძლიათ ახლა უფრო მეტი დრო დაუთმოთ ოჯახის წევრებს?

  •   მიჰყევით დადგენილ გრაფიკს

     ბიბლიაში წერია: „ყველაფერი წესისა და რიგისამებრ ხდებოდეს“ (1 კორინთელები 14:40).

     რატომ არის მნიშვნელოვანი: ბევრი თავს უფრო მშვიდად და კარგად გრძნობს, როცა დადგენილ გრაფიკს მიჰყვება.

     ეცადეთ, ასე მოიქცეთ: თქვენი ახლანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგინეთ გეგმა. კონკრეტული დრო გამოუყავით სკოლის დავალებებს, სამსახურისა და სახლის საქმეებს, აგრეთვე თეოკრატიულ საქმეებს. განრიგში შეიტანეთ ფიზიკური აქტივობები, მაგალითად, სეირნობა, ვარჯიში, ოჯახთან ერთად გართობა. დროდადრო გადახედეთ გეგმას და შეიტანეთ საჭირო ცვლილებები.

  •   მოახდინეთ ცვლილებები სეზონის შესაბამისად

     ბიბლიაში წერია: „წინდახედული ხედავს საფრთხეს და იმალება“ (იგავები 22:3).

     რატომ არის მნიშვნელოვანი: სეზონის შეცვლის გამო შეიძლება ხშირად ვეღარ შეძლოთ მზეზე და სუფთა ჰაერზე გასვლა; მზის სხივები და სუფთა ჰაერი კი დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობასა და განწყობაზე.

     ეცადეთ, ასე მოიქცეთ: თუ ზამთარი ახლოვდება, ეცადეთ, მისაღები ოთახი და სამუშაო ადგილი ისე მოაწყოთ, რომ მაქსიმალურად შემოდიოდეს მზის შუქი. სიცივის მიუხედავად, არ დაგეზაროთ გარეთ გასვლა. თუ შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინეთ თბილი ტანსაცმელი, რომ მეტი დრო დაჰყოთ გარეთ.

     ზაფხულის მოახლოებასთან ერთად უფრო მეტი ხალხი გამოდის გარეთ. ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე და წინასწარ დაგეგმეთ, თუ სად წახვალთ და როდის, რათა თავი მოარიდოთ ხალხმრავლობას.

  •   კვლავ დაიცავით კოვიდ-უსაფრთხოების წესები

     ბიბლიაში წერია: „უგუნური ... თავდაჯერებული და თავზე ხელაღებულია“ (იგავები 14:16).

     რატომ არის მნიშვნელოვანი: კოვიდ-19 მომაკვდინებელი ვირუსია. თუ ყურადღებას მოვადუნებთ, შეიძლება სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ.

     ეცადეთ, ასე მოიქცეთ: სანდო წყაროებში რეგულარულად გაეცანით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შემუშავებულ მითითებებს და დაფიქრდით, იჩენთ თუ არა კვლავ სათანადო სიფრთხილეს, რადგან ეს გავლენას მოახდენს როგორც თქვენზე, ისე ოჯახის წევრებსა თუ სხვებზე.

  •   უფრო მეტად დაუახლოვდით ღმერთს

     ბიბლიაში წერია: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8).

     რატომ არის მნიშვნელოვანი: ღმერთი დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ ნებისმიერ სირთულეს (ესაია 41:13).

     ეცადეთ, ასე მოიქცეთ: ყოველდღიურად წაიკითხეთ გარკვეული მონაკვეთი ღვთის სიტყვიდან. ბიბლიის ყოველდღიური კითხვა ძალებს შეგმატებთ.

 შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იეჰოვას მოწმეებს და თქვენც ისარგებლოთ იმ სპეციალური ღონისძიებებით, რომლებიც მათ პანდემიის პირობებში შეიმუშავეს. მაგალითად, მთელ მსოფლიოში კრების შეხვედრებს, კონგრესებს და იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს ისინი ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ატარებენ.

 ბიბლიური მუხლები, რომლებიც პანდემიით გამოწვეული ემოციური დაღლილობის დროს გაგიწევთ დახმარებას

 ესაიას 30:15: „თქვენი ძალა მშვიდად ყოფნასა და მინდობაში იქნება“.

 არსი: ღვთის რჩევების გათვალისწინება სირთულეების დროს სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

 იგავების 15:15: „დაჩაგრულისთვის ყოველი დღე მწარეა, გულმხიარულს კი მუდამ ლხინი აქვს“.

 არსი: დადებითზე ყურადღების გამახვილება სიხარულის შენარჩუნებაში დაგვეხმარება გასაჭირის დროსაც კი.

 იგავების 14:15: „გულუბრყვილოს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“.

 არსი: დაიცავით უსაფრთხოების ზომები და ნაჩქარევად ნუ დაასკვნით, რომ მსგავსი შეზღუდვები უადგილოა.

 ესაიას 33:24: „არცერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“.

 არსი: ღმერთი გვპირდება, რომ ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ავადმყოფობას.