ნაწილი 11
ღვთის შთაგონებით დაწერილი სიმღერები
დავითი და ღვთის სხვა ერთგული მსახურები იეჰოვას განმადიდებელ სიმღერებს ქმნიან. წიგნ „ფსალმუნებში“ 150 ასეთი სიმღერაა შესული.
ბიბლიის ყველაზე დიდი წიგნი საღმრთო სიმღერების ნაკრებია. მთლიანობაში ეს სიმღერები დაახლოებით 1 000 წლის განმავლობაში იქმნებოდა. „ფსალმუნებში“ ღრმა გრძნობებით არის გადმოცემული ფსალმუნმომღერალთა ძლიერი რწმენა. მათში ათასგვარ ემოციას ვხვდებით — სიხარულს, აღტაცებას, მადლიერებას, მწუხარებას, ტკივილსა თუ სინანულს. ფსალმუნმომღერალთა სიტყვებიდან აშკარად ჩანს, რომ მათ ღმერთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და მასზე იყვნენ მინდობილნი. განვიხილოთ, ძირითადად რაზე მახვილდება „ფსალმუნებში“ ყურადღება.
იეჰოვა უზენაესია და ჩვენს თაყვანისცემასა და განდიდებას იმსახურებს. „შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ — ვკითხულობთ ფსალმუნის 83:18-ში. ზოგიერთი ფსალმუნი ხოტბას ასხამს იეჰოვას შემოქმედებისთვის — ვარსკვლავებით მოჭედილი ცისთვის, სიცოცხლის სასწაულისთვის და საოცრად შექმნილი ადამიანის სხეულისთვის (ფსალმუნები 8; 19; 139; 148). ზოგან იეჰოვა განდიდებულია, როგორც ღმერთი, რომელიც მფარველობს და იცავს თავის ერთგულებს (ფსალმუნები 18; 97; 138). ზოგი ფსალმუნი იეჰოვას სამართლიან ღმერთს უწოდებს, რომელიც შვებას ჰგვრის დაჩაგრულს და სჯის ბოროტს (ფსალმუნები 11; 68; 146).
იეჰოვა ეხმარება და ანუგეშებს თავის მოყვარულებს. 23-ე ფსალმუნი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფსალმუნია. მასში დავითი იეჰოვას უწოდებს მოსიყვარულე მწყემსს, რომელიც მიუძღვის თავის ცხვარს, იცავს და ზრუნავს მასზე. ფსალმუნის 65:2 ღვთის თაყვანისმცემლებს შეახსენებს, რომ იეჰოვა „ლოცვების მომსმენია“. სერიოზული ცოდვით გულდამძიმებულებს ძალიან ანუგეშებს 39-ე და 51-ე ფსალმუნები, რომლებშიც დავითი გულწრფელად ინანიებს თავის მძიმე დანაშაულს და არ კარგავს იეჰოვას წყალობის იმედს. ფსალმუნის 55:22 გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენი საზრუნავი იეჰოვას მივანდოთ.
იეჰოვა მსოფლიო მდგომარეობას შეცვლის მესიის სამეფოს მეშვეობით. „ფსალმუნებში“ მრავალ ადგილას არის საუბარი ნაწინასწარმეტყველებ მეფეზე ანუ მესიაზე. მე-2 ფსალმუნში ნათქვამია, რომ ის გაანადგურებს ბოროტებს, რომლებიც მას ეწინააღმდეგებიან. 72-ე ფსალმუნიდან ვიგებთ, რომ ეს მეფე ბოლოს მოუღებს შიმშილს, უსამართლობასა და ჩაგვრას. ფსალმუნის 46:9-დან ჩანს, რომ მესიის სამეფოს მეშვეობით ღმერთი შეწყვეტს ომებს და მოსპობს საომარ იარაღს. 37-ე ფსალმუნში ვკითხულობთ, რომ ბოროტმოქმედნი მოისპობიან, მართლები კი მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე, მშვიდად და შეხმატკბილებულად.