ᲛᲔ-3 ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ
შეგიძლიათ ენდოთ ბიბლიას?
ბიბლიაში არაერთი რჩევა თუ დაპირებაა მოცემული. შესაძლოა გაინტერესებთ, რას ასწავლის ბიბლია, თუმცა, იმავდროულად, გაფიქრებთ, რამდენად სანდოა ძალიან დიდი ხნის წინ დაწერილი რჩევები და დაპირებები. მართლა შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ბიბლიური რჩევები დღესაც გამოსადეგია? რა გვარწმუნებს, რომ რასაც ის მომავალზე ამბობს, სიმართლეა? მილიონობით ადამიანი დარწმუნდა ბიბლიის სანდოობაში. თქვენც შეგიძლიათ, თავად გამოიკვლიოთ ბიბლია და დარწმუნდეთ მის უტყუარობაში.
1. რამდენად შეეფერება სინამდვილეს ის, რაც ბიბლიაში წერია?
თავად ბიბლია ამბობს, რომ მასში ჭეშმარიტება ზედმიწევნითაა გადმოცემული (ეკლესიასტე 12:10). ბიბლიაში აღწერილი მოვლენები ნამდვილად მოხდა და მასში მოხსენიებული ადამიანები რეალურად არსებობდნენ (წაიკითხეთ ლუკას 1:3; 3:1, 2). ისტორიკოსები და არქეოლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ ბიბლია იხსენიებს კონკრეტულ ადამიანებს, ზუსტ თარიღებს, ადგილებსა თუ მოვლენებს.
2. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიბლია დრომოჭმული წიგნი არაა?
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრ საკითხში ბიბლიამ დროს გაუსწრო. ამას მოწმობს მისი მეცნიერული სიზუსტეც. მართალია, ბევრი რამ, რაც ბიბლიაში ჩაიწერა, მაშინდელ შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ დღეს მისი სიზუსტე მეცნიერულად დასტურდება. ის „სანდოა . . . ახლაც და მარადიულადაც“ (ფსალმუნი 111:8).
3. რა გვარწმუნებს, რომ რასაც ბიბლია მომავალზე ამბობს, სიმართლეა?
ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია მოვლენები, რომლებიც ჯერ არ მომხდარა (ესაია 46:10). მასში დიდი ხნით ადრე ჩაწერილი წინასწარმეტყველებები ზედმიწევნით შესრულდა. ბიბლია საოცარი სიზუსტით აღწერს დღევანდელ მსოფლიო მდგომარეობასაც. ამ გაკვეთილში გავეცნობით რამდენიმე ბიბლიურ წინასწარმეტყველებას და დავინახავთ, თუ რამდენად ზუსტად შესრულდა თითოეული მათგანი.
ᲒᲐᲘᲦᲠᲛᲐᲕᲔᲗ ᲪᲝᲓᲜᲐ
ქვემოთ შეიტყობთ, რომ თანამედროვე მეცნიერება არ ეწინააღმდეგება ბიბლიას. ამასთანავე, გაეცნობით რამდენიმე შთამბეჭდავ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას.
4. მეცნიერება ეთანხმება ბიბლიას
ძველად ბევრი ფიქრობდა, რომ დედამიწა რაღაცაზე იდგა. ნახეთ ᲕᲘᲓᲔᲝ.
ყურადღება მიაქციეთ, რა წერია 3 500 წლის წინ დაწერილ ბიბლიის წიგნ „იობში“. წაიკითხეთ იობის 26:7 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
-
რატომ შეიძლება გაგვაოცოს სიტყვებმა: „არაფერზე დაჰკიდა დედამიწა“?
მე-19 საუკუნემდე წყლის წრებრუნვის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ. საყურადღებოა, თუ რა ჩაიწერა ბიბლიაში ათასობით წლით ადრე. წაიკითხეთ იობის 36:27, 28 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
-
რატომ აღგვაფრთოვანებს ბიბლიაში მარტივი ენით აღწერილი წყლის წრებრუნვა?
-
განგიმტკიცათ ბიბლიისადმი ნდობა წაკითხულმა მუხლებმა?
5. ბიბლია მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ წინასწარმეტყველებს
წაიკითხეთ ესაიას 44:27—45:2 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
-
რომელი დეტალები იწინასწარმეტყველა ბიბლიამ ბაბილონის დაცემის შესახებ ამ მოვლენამდე 200 წლით ადრე?
ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ სპარსეთის მეფე კიროსმა თავის ჯართან ერთად ძვ. წ. 539 წელს აიღო ქალაქი ბაბილონი. მათ კალაპოტი შეუცვალეს მდინარეს, რომელიც ქალაქს უვლიდა გარშემო და მტრებისგან იცავდა. კიროსის ლაშქარმა უბრძოლველად აიღო ქალაქი, რომლის კარიბჭეებიც ღია დარჩენოდათ. დღეს, ამ მოვლენიდან 2 500 წლის შემდეგ, ქალაქ ბაბილონის ადგილას მხოლოდ ნანგრევებია. ნახეთ, რა იწინასწარმეტყველა ბიბლიამ ამის შესახებ.
წაიკითხეთ ესაიას 13:19, 20 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
-
როგორ შესრულდა წინასწარმეტყველება ბაბილონის დაცემის შესახებ?
6. ბიბლიამ ჩვენს დროში განვითარებული მოვლენების შესახებაც იწინასწარმეტყველა
წმინდა წერილები ჩვენს დროს „ბოლო დღეებად“ იხსენიებს (2 ტიმოთე 3:1). ვნახოთ, რა იწინასწარმეტყველა ბიბლიამ „ბოლო დღეების“ შესახებ.
წაიკითხეთ მათეს 24:6, 7 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
-
ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, რა მოვლენები მოხდებოდა „ბოლო დღეებში“?
წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:1—5 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
-
როგორი იქნებოდა ხალხი „ბოლო დღეებში“?
-
პირადად თქვენ ამ მუხლებში მოხსენიებული თვისებებიდან რომელი შეგიმჩნევიათ ადამიანებში?
ᲖᲝᲒᲘ ᲐᲛᲑᲝᲑᲡ: „ბიბლია მითებისა და ლეგენდების კრებულია“.
-
თქვენი აზრით, რომელია იმის ყველაზე სარწმუნო მტკიცებულება, რომ ბიბლია სანდოა?
ᲨᲔᲯᲐᲛᲔᲑᲐ:
ბიბლიას შეგვიძლია ვენდოთ, რადგან ის ისტორიულად და მეცნიერულად ზუსტია და მასში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები ზედმიწევნით სრულდება.
გასამეორებელი კითხვები:
-
რამდენად შეეფერება ბიბლიაში ჩაწერილი სინამდვილეს?
-
რა ადასტურებს, რომ ბიბლია მეცნიერულად ზუსტი წიგნია?
-
გჯერათ, რომ ბიბლიას შეუძლია მომავლის წინასწარმეტყველება? ახსენით.
ᲒᲐᲘᲒᲔᲗ ᲛᲔᲢᲘ:
ვხვდებით ბიბლიაში მეცნიერულ უზუსტობებს?
„წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის ბიბლია მეცნიერებასთან?“ (სტატია ვებგვერდზე)
როგორ სრულდება „ბოლო დღეებთან“ დაკავშირებული ბიბლიური წინასწარმეტყველებები?
„6 ბიბლიური წინასწარმეტყველება, რომელიც ჩვენ თვალწინ სრულდება“ („საგუშაგო კოშკი“, 1 მაისი, 2011)
ნახეთ, როგორ შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები საბერძნეთის იმპერიაზე.
წაიკითხეთ, როგორ შეიცვალა ერთმა მამაკაცმა ბიბლიისადმი დამოკიდებულება მას შემდეგ, რაც გაეცნო ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს.