არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დანართი

ვინ არის მთავარანგელოზი მიქაელი?

ვინ არის მთავარანგელოზი მიქაელი?

სულიერი ქმნილება, სახელად მიქაელი, ბიბლიაში მხოლოდ რამდენიმეჯერ არის მოხსენიებული. მაგრამ ყველგან, სადაც კი მოხსენიებულია, ის მნიშვნელოვან საქმეს ასრულებს. დანიელის წინასწარმეტყველებაში მიქაელი ბოროტ ანგელოზებს უპირისპირდება; „იუდას წერილში“ ის სატანას ეკამათება; ხოლო „გამოცხადებაში“ ეშმაკსა და მის დემონებს ებრძვის. იეჰოვას უზენაესი მმართველობის მხარდაჭერითა და ღვთის მტრების წინააღმდეგ ბრძოლით, მიქაელი ამართლებს თავის სახელს, რაც ნიშნავს „ვინ შეედრება ღმერთს?“ ვინ არის მიქაელი სინამდვილეში?

ზოგ ადამიანს ერთზე მეტი სახელით იცნობენ. მაგალითად, პატრიარქ იაკობის მეორე სახელი ისრაელი იყო, მოციქულ პეტრეს კი სიმონიც ერქვა (დაბადება 49:1, 2; მათე 10:2). მსგავსად ამისა, ბიბლიიდან ჩანს, რომ მიქაელი ეწოდება იესო ქრისტეს — დედამიწაზე ცხოვრებამდე და მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა. განვიხილოთ, თუ რომელი ბიბლიური მუხლების საფუძველზე მივდივართ ამ დასკვნამდე.

მთავარანგელოზი. ღვთის სიტყვა მიქაელს „მთავარანგელოზად“ იხსენიებს (იუდა 9). ბიბლიაში სიტყვა „მთავარანგელოზი“ მხოლობით რიცხვში გვხვდება და არასოდეს არის გამოყენებული მრავლობით რიცხვში. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ასეთი ანგელოზი მხოლოდ ერთია. გარდა ამისა, ბიბლიაში ვხედავთ კავშირს იესოსა და მთავარანგელოზის მდგომარეობას შორის. მკვდრეთით აღდგენილი უფალი იესო ქრისტეს შესახებ 1 თესალონიკელების 4:16-ში ვკითხულობთ: „უფალი თვითონ ჩამოვა ზეციდან მბრძანებლური მოწოდებით, მთავარანგელოზის ხმით“. ამგვარად, იესოს ხმა მთავარანგელოზის ხმად არის მოხსენიებული. ამ მუხლის მიხედვით, მთავარანგელოზი მიქაელი იესო ქრისტეა.

ზეციერი ლაშქრის მეთაური. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ დრაკონს . . . და მის ანგელოზებს“ (გამოცხადება 12:7). როგორც ვხედავთ, მიქაელი ერთგულ ანგელოზთა ლაშქრის მეთაურია. წიგნ „გამოცხადებაში“ იესოც არის აღწერილი ერთგულ ანგელოზთა ლაშქრის მეთაურად (გამოცხადება 19:14—16). მოციქული პავლე კონკრეტულად მოიხსენიებს „უფალ იესოს“ თავის ძლიერ ანგელოზებთან ერთად (2 თესალონიკელები 1:7). ასე რომ, ბიბლია ლაპარაკობს როგორც მიქაელსა და მის ანგელოზებზე, ისე იესოსა და მის ანგელოზებზე (მათე 13:41; 16:27; 24:31; 1 პეტრე 3:22). ღვთის სიტყვაში არსად არის ნათქვამი, რომ ზეცაში არსებობს ერთგულ ანგელოზთა ორი ლაშქარი, რომელთაგან ერთს მიქაელი მეთაურობს, მეორეს კი — იესო. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ მიქაელი არის ზეცაში მყოფი იესო ქრისტე. *

^ აბზ. 1 უფრო მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიქაელი ღვთის ძის სახელია, მოცემულია „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“, ტომი 2, გვერდები 393, 394 [ინგლ.]; ქართულად იხილეთ ონლაინ ბიბლიოთეკაში. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.