ახალგაზრდების შეკითხვები
როგორ გავუმკლავდე გარდატეხის ასაკს?
„გარდატეხის ასაკი გოგოებს საკმაოდ რთულად გადააქვთ. ამ დროს ძალიან არეული და დაბნეული ხარ, ბევრ რამეზე მტკივნეულად რეაგირებ, ყველაფერს მუქ ფერებში ხედავ!“ (ოქსანა).
„ერთ წუთში რომ კარგ ხასიათზე ვიყავი, მეორე წუთში საშინელ ხასიათზე ვდგებოდი. არ ვიცი, ნორმალურია თუ არა ეს ბიჭების შემთხვევაში, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე იყო“ (ბრაიანი).
გარდატეხის ასაკში მოზარდები ისე გრძნობენ თავს, თითქოს „ამერიკული მთების“ სახელით ცნობილ ატრაქციონზე ისხდნენ; ამ დროს როგორც სასიამოვნო, ისე არასასიამოვნო გრძნობები გეუფლება — შეიძლება აღტაცებაც იგრძნო და შიშიც. როგორ შეგიძლია საკუთარ თავს მოერიო, როცა დადებითი და უარყოფითი ემოციები ერთმანეთს ენაცვლება?
რა არის გარდატეხის ასაკი?
მარტივად თუ ვიტყვით, გარდატეხის ასაკში ცხოვრების ახალ ფაზაში გადადიხარ — ფიზიკურად და ემოციურად მწიფდები და სრულწლოვან ადამიანად ყალიბდები. სქესობრივი მომწიფების ფაზაში, სწრაფი ჰორმონალური ცვლილებების დროს შენი სხეული დედობისთვის ემზადება და გამრავლების უნარს იძენს.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკვე მზად ხარ დედობისთვის. მაგრამ სქესობრივი მომწიფების ფაზა იმის ნიშანია, რომ შენ უკან მოიტოვე ბავშვობა — ამ დროს ბუნებრივია, ურთიერთსაპირისპირო, უარყოფითი და დადებითი გრძნობები დაგეუფლოს
ტესტი: შენი აზრით, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ასაკიდან ეწყებათ მოზარდებს გარდატეხის ასაკი?
8
9
10
11
12
13
14
15
16
პასუხი: ყველა ეს ასაკი შეიძლება ჩაითვალოს გარდატეხის ასაკად.
აქედან გამომდინარე, საჭირო არ არის, მეტისმეტი ნერვიულობა იმის გამო, თუ დაახლოებით 15-16 წლის ხარ, მაგრამ ჯერ არ განიცდი ცვლილებებს ორგანიზმში ან ჯერ 10 წლისაც არა ხარ და უკვე დაგიდგა ეს პერიოდი. გარდატეხის ასაკს თითოეული მოზარდის შემთხვევაში თავისი კონკრეტული დრო აქვს, რასაც შენ ნამდვილად ვერ გააკონტროლებ.
ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები
გარდატეხის ასაკში შეიძლება ყველაზე შესამჩნევი ის იყოს, რომ სწრაფად იყრი ტანს. შეიძლება უხერხულობას ის ქმნიდეს, რომ სხეულის ყველა ნაწილი ერთი და იმავე ტემპით არ იზრდებოდეს. ამიტომ ნუ გაგიკვირდება, თუ თავს ცოტა მოუქნელად იგრძნობ. დარწმუნებული იყავი, რომ დროის სვლასთან ერთად ყველაფერი მწყობრში ჩადგება.
აი, რა ცვლილებები ხდება ორგანიზმში:
გარდატეხის ასაკი ბიჭებში
სასქესო ორგანოების გადიდება
იღლიებში, გულმკერდზე, სახეზე და სასქესო ორგანოს გარშემო თმის ზრდა
ხმის დაბოხება
უნებლიე ერექცია; პოლუცია ღამ-ღამობით
გარდატეხის ასაკი გოგონებში
მკერდის ზრდა
იღლიებში და ბოქვენზე თმის ზრდა
მენსტრუალური ციკლი
რა ხდება გარდატეხის ასაკში როგორც ბიჭებში, ისე გოგონებში:
ამ დროს ორგანიზმიდან გამოიყოფა მძაფრსუნიანი ოფლი.
რჩევა: თუ ხშირად დაიბან და ანტიპერსპირანტებს გამოიყენებ, ამ მხრივ ნაკლებად გექნება პრობლემა.
გარდატეხის ასაკში ცხიმოვანი ჯირკვლები ზომაზე მეტ ცხიმს გამოიმუშავებს და თმის ფოლიკულებში ბაქტერიები მრავლდება, რის გამოც მოზარდებს კანზე გამონაყარი უჩნდებათ.
რჩევა: მართალია, ამ დროს რთულია გამონაყარის თავიდან არიდება, მაგრამ სახის ხშირად დაბანა და კანის გამწმენდი საშუალებების გამოყენება შეიძლება ამ მხრივ დამხმარე აღმოჩნდეს.
ემოციური ცვლილებები
ჰორმონების დონის მატება, რაც ორგანიზმში ცვლილებებს იწვევს, შეიძლება უარყოფითად აისახოს მოზარდის ემოციურ მდგომარეობაზე. შესაძლოა ეს გამოიხატოს ხასიათის მკვეთრი ცვალებადობით.
„წამდაუწუმ გეცვლება ხასიათი — ერთ დღეს ტირიხარ, მეორე დღეს კი გადასარევ ხასიათზე ხარ; ზოგჯერ ძალიან გაბრაზებული ხარ და საკუთარ ნაჭუჭში იკეტები“ (ოქსანა).
გარდატეხის ასაკში ზოგი მოზარდი ძალიან უხერხულად გრძნობს თავს და ისეთი შეგრძნება ეუფლება, თითქოს ყველა მას უყურებს და აკრიტიკებს. ამ დროს მოზარდს დიდად არ ეხმარება იმის ცოდნა, რომ გარდატეხის ასაკში მკვეთრად იცვლება მისი გარეგნობა.
„გარდატეხის ასაკში განზრახ ვიხრებოდი წელში და დიდი ზომის ზედებს ვიცვამდი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რატომ ხდებოდა ჩემს ორგანიზმში ცვლილებები, მაინც უხერხულად ვგრძნობდი თავს. ეს ძალიან უჩვეულო გრძნობა იყო“ (ჯენისი).
ალბათ, ამ დროს ყველაზე დიდი ემოციური ცვლილება ისაა, რომ საპირისპირო სქესს უკვე სულ სხვა თვალით უწყებ ყურებას.
„ბიჭები აღარ მაღიზიანებდნენ. ზოგიერთი მათგანი ჩემთვის მიმზიდველიც კი გახდა და იმასაც კი ვფიქრობდი, რომ თუ მათგან ვინმე შემიყვარდებოდა, სულაც არ იქნებოდა ცუდი. მოვუხშირე იმაზე ლაპარაკს, თუ ვის ვინ მოსწონდა“ (ალექსი).
გარდატეხის ასაკში ზოგს შეიძლება თავისივე სქესის წარმომადგენელი იზიდავდეს. თუ ეს შენს შემთხვევაშიც ასეა, ნუ დაასკვნი, რომ ჰომოსექსუალი ხარ. ხშირ შემთხვევაში ასეთი შეგრძნებები დროის გასვლასთან ერთად ქრება.
„ხშირად ჩემს თავს სხვა ბიჭებს ვადარებდი და ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, რომ თითქოს მიზიდავდნენ ისინი. მაგრამ როცა გარდატეხის პერიოდმა გაიარა, ჩემი ყურადღება უკვე გოგოებმა მიიქციეს. ასე რომ, ჩემივე სქესის მიმართ ლტოლვა წარსულს ჩაჰბარდა“ (ალანი).
რის გაკეთება შეგიძლია?
ეცადე, დადებითად უყურო ამ ცვლილებებს. სინამდვილეში გარდატეხის ასაკის გავლა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ზრდასრულ პიროვნებად ჩამოყალიბდე. შენ შეგიძლია საკუთარ თავზე ფსალმუნმომღერალივით იფიქრო: „ხოტბას შეგასხამ, რადგან შიშს მინერგავს ის, თუ რა საოცრად ვარ შექმნილი“ (ფსალმუნი 139:14).
მოერიდე შედარებების გაკეთებას და საკუთარ გარეგნობაზე დიდ ყურადღებას ნუ გაამახვილებ. ბიბლიაში ნათქვამია: „ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს, იეჰოვა კი გულს ხედავს“ (1 სამუელი 16:7).
საკმარისად ივარჯიშე და დაისვენე. თუ კარგად გამოიძინებ, ნაკლებად გაღიზიანდები და სტრესიც შეგიმცირდება.
ნუ იფიქრებ უარყოფითად საკუთარ თავზე. დარწმუნებული ხარ, რომ ყველა შენ გაკვირდება? თუნდაც სხვებმა რამე თქვან შენს გარეგნობაზე, ეცადე, ნაჩქარევად არ გააკეთო დასკვნები. ბიბლიაში ნათქვამია: „გულთან ნუ მიიტან ყველა სიტყვას, რასაც ხალხი ამბობს“ (ეკლესიასტე 7:21).
ისწავლე, როგორ აკონტროლო სექსუალური სურვილები, რათა არ აჰყვე მათ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „გაექეცით სიძვას ... ის კი, ვინც მეძაობს, საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს“ (1 კორინთელები 6:18).
დაელაპარაკე ერთ-ერთ მშობელს ან სხვა უფროსი ასაკის ადამიანს. თავიდან შეიძლება უხერხულად იგრძნო თავი, მაგრამ ეს ნამდვილად ღირს ძალისხმევად, რადგან მათ შეუძლიათ საკმაოდ დიდი დახმარება აღმოგიჩინონ (იგავები 17:17).
დასკვნა: გარდატეხის ასაკი გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ მას აქვს დადებითი მხარეებიც; ამ დროს არა მხოლოდ ტანს იყრი, არამედ გონებრივად და ემოციურად ვითარდები და სულიერად მოწიფული ხდები (1 სამუელი 2:26).