რას ვიგებთ ბიბლიური ქრონოლოგიიდან 1914 წლის შესახებ?
ბიბლია გვპასუხობს
ბიბლიური ქრონოლოგიის თანახმად 1914 წელს ზეცაში ღვთის სამეფომ დაიწყო მმართველობა. ამას დანიელის წიგნის მეოთხე თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ.
წინასწარმეტყველების მოკლე მიმოხილვა. ბიბლიაში მოთხრობილია, რომ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა სიზმარი ნახა. ეს სიზმარი ღვთისგან იყო. მეფეს დაესიზმრა უზარმაზარი ხე, რომელიც მოჭრეს. ამ ხეს „შვიდი დროის“ განმავლობაში არ ჰქონდა ზრდის საშუალება. ამ დროის გასვლის შემდეგ კი ხე კვლავ გაიზრდებოდა (დანიელი 4:1, 10—16).
წინასწარმეტყველების პირველი შესრულება. სიზმარში ნანახი უზარმაზარი ხით თავად მეფე ნაბუქოდონოსორი იყო წარმოდგენილი (დანიელი 4:20—22). სიმბოლური გაგებით ეს ხე მაშინ მოიჭრა, როდესაც ნაბუქოდონოსორი ჭკუაზე შეიშალა და შვიდი წლის განმავლობაში შეწყვიტა მეფობა (დანიელი 4:25). როდესაც ღმერთმა დაუბრუნა ნაბუქოდონოსორს საღი აზროვნება, ის კვლავ ტახტზე ავიდა და ღვთის მმართველობა აღიარა (დანიელი 4:34—36).
წინასწარმეტყველება უფრო დიდი მასშტაბითაც შესრულდა. ამ წინასწარმეტყველების მთელი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ „ცოცხლებს ცოდნოდათ, რომ უზენაესი მმართველობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს მას; და ადამიანთაგან ყველაზე მდაბიოს აყენებს მის მმართველად“ (დანიელი 4:17). ამაყ ნაბუქოდონოსორს მისცემდა ღმერთი სამეფოს? არა, რადგან ღმერთმა ნაბუქოდონოსორს კიდევ ერთი წინასწარმეტყველური სიზმარი ახილვინა, საიდანაც გამოჩნდა, რომ არც ის და არც ერთი სხვა პოლიტიკური მმართველი კი არ მიიღებდა ამ სამეფოს, არამედ თავად ღმერთი „დაამყარებდა სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა“ (დანიელი 2:31—44).
საუკუნეებით ადრე, ღმერთმა ჩამოაყალიბა სამეფო — ძველი ისრაელი — რომელიც მის მმართველობას წარმოადგენდა დედამიწაზე. ღმერთმა დაუშვა, რომ ეს სამეფო დაქცეულიყო, რადგან მისმა მმართველებმა არ შეინარჩუნეს ერთგულება. მაგრამ ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ მეფობას გადასცემდა „კანონით უფლებამოსილს“ (ეზეკიელი 21:25—27). ბიბლიის მიხედვით, იესო ქრისტეს აქვს კანონიერი უფლება, იმეფოს მარადიულად (ლუკა 1:30—33). ნაბუქოდონოსორისგან განსხვავებით იესო „გულით თავმდაბალია“, როგორც ეს მის შესახებ იყო ნაწინასწარმეტყველები (მათე 11:29).
რას ასიმბოლოებს დანიელის მე-4 თავში მოხსენიებული ხე? ბიბლიაში ხეები ზოგჯერ მმართველობის სიმბოლოა (ეზეკიელი 17:22—24; 31:2—5). წინასწარმეტყველების უფრო დიდი მასშტაბით შესრულებისას დანიელის მე-4 თავში მოხსენიებული ხე ღვთის სამეფოს ასიმბოლოებს.
რას ასიმბოლოებს ხის მოჭრა? როგორც ნაბუქოდონოსორის შემთხვევაში ხის მოჭრა მისი მმართველობის შეწყვეტას ასიმბოლოებდა, ის ასევე დედამიწაზე ღვთის მმართველობის შეწყვეტას ნიშნავს. ეს მოხდა მაშინ, როცა ნაბუქოდონოსორმა გაანადგურა იერუსალიმი, სადაც ისრაელის მეფეები „იეჰოვას ტახტზე“ იჯდნენ, როგორც ღვთის წარმომადგენლები (1 მატიანე 29:23).
რას ნიშნავს „შვიდი დრო“? „შვიდი დრო“ წარმოადგენს დროის იმ პერიოდს, როცა ღმერთმა დაუშვა, რომ ერებს მისგან დამოუკიდებლად ემმართველათ დედამიწაზე. „შვიდი დრო“ დაიწყო ძვ. წ. 607 წლის ოქტომბერს, როცა ბიბლიური ქრონოლოგიის მიხედვით, ბაბილონელებმა იერუსალიმი გაანადგურეს a (2 მეფეები 25:1, 8—10).
რა ხანგრძლივობისაა „შვიდი დრო“? ამაში არ იგულისხმება პირდაპირი გაგებით შვიდი წელი, როგორც ეს ნაბუქოდონოსორის შემთხვევაში იყო. ამ კითხვაზე პასუხი იესოს სიტყვებიდან გამოჩნდა: „გათელილი იქნება იერუსალიმი [ღვთის მმართველობის სიმბოლო] უცხოტომელთა მიერ, სანამ არ დასრულდება უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ (ლუკა 21:24). „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ ანუ პერიოდი, როდესაც ღმერთმა დაუშვა, მმართველობის უცხოტომელთა მიერ გათელვა, იგივეა, რაც დანიელის მე-4 თავში მოხსენიებული „შვიდი დრო“. ეს იმას ნიშნავს, რომ „შვიდი დრო“ ჯერ კიდევ არ იყო გასული, როცა იესო დედამიწაზე იყო.
წინასწარმეტყველური „შვიდი დროის“ ხანგრძლივობის განსაზღვრაში ისევ და ისევ ბიბლია გვეხმარება. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სამ-ნახევარი „დრო“ უდრის 1 260 დღეს, შესაბამისად „შვიდი დრო“ გამოდის ორჯერ 1 260, ანუ 2 520 დღე (გამოცხადება 12:6, 14). თუ გავითვალისწინებთ პრინციპს, „თითო დღეზე თითო წელი“, მაშინ 2 520 დღე უდრის 2 520 წელს. ასე რომ, „შვიდი დრო“ ანუ 2 520 წელი უნდა დამთავრებულიყო 1914 წლის ოქტომბერს (რიცხვები 14:34; ეზეკიელი 4:6).
a დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, რატომ მაინცდამაინც ძვ. წ. 607 წელი, იხილეთ 2011 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, 26—31 გვერდებზე მოცემული სტატია „როდის განადგურდა ძველი იერუსალიმი?“ (ნაწილი I) და 2011 წლის ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, 22—28 გვერდებზე მოცემული სტატია „როდის განადგურდა ძველი იერუსალიმი?“ (ნაწილი II).