არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვინ არიან ანგელოზები?

ვინ არიან ანგელოზები?

ბიბლია გვპასუხობს

 ანგელოზები სულიერი ქმნილებები არიან და ადამიანებთან შედარებით დიდ ძალასა და უნარს ფლობენ (2 პეტრე 2:11). ისინი მკვიდრობენ ზეცაში, სულიერ სამყაროში, რომელიც ფიზიკური სამყაროს ფარგლებს სცდება (1 მეფეები 8:27; იოანე 6:38). ამიტომაც ზოგჯერ ბიბლიაში ისინი სულებად არიან მოხსენიებულნი (1 მეფეები 22:21; ფსალმუნი 18:10).

როგორ გაჩნდნენ ანგელოზები?

 ღმერთმა ანგელოზები იესოს მეშვეობით შექმნა, რომელსაც ბიბლიაში ეწოდება „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ, რა როლი მიუძღვის იესოს შემოქმედებაში: „მისი [იესოს] მონაწილეობით შეიქმნა სხვა ყველაფერი ზეცაში და დედამიწაზე, ხილული და უხილავი“, მათ შორის ანგელოზები (კოლოსელები 1:13—17). ანგელოზები არ ქორწინდებიან და არ მრავლდებიან (მარკოზი 12:25). ისინი „ჭეშმარიტი ღვთის შვილები“ არიან, რომლებიც ღმერთმა ინდივიდუალურად შექმნა (იობი 1:6).

 ანგელოზები დედამიწის შექმნამდე გაცილებით ადრე გაჩნდნენ. როდესაც ღმერთი დედამიწას ქმნიდა, ანგელოზები „ყიჟინებდნენ“ (იობი 38:4—7).

რამდენი ანგელოზი არსებობს?

 ამის შესახებ ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, თუმცა როგორც ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, არსებობს უთვალავი ანგელოზი. მაგალითად, იოანემ ასობით მილიონი ანგელოზი იხილა (გამოცხადება 5:11).

არიან ანგელოზები პიროვნებები და აქვთ მათ სახელები?

 დიახ. ბიბლიაში მოხსენიებულია ორი ანგელოზის სახელი, მიქაელი და გაბრიელი (დანიელი 12:1; ლუკა 1:26). a სახელები სხვა ანგელოზებსაც ჰქონდათ, მაგრამ ადამიანებისთვის არ გაუმჟღავნებიათ (დაბადება 32:29; მსაჯულები 13:17, 18).

 ანგელოზები პიროვნებები არიან. მათ შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა (1 კორინთელები 13:1), აზროვნება და ღვთის განდიდება (ლუკა 2:13, 14). მათ აქვთ კარგსა და ცუდს შორის არჩევნის გაკეთების უფლება, რაც იქიდან გამოჩნდა, რომ მრავალი ანგელოზი საკუთარი სურვილით განუდგა ღმერთს და ეშმაკს შეუერთდა (მათე 25:41; 2 პეტრე 2:4).

არსებობენ სხვადასხვა რანგის ანგელოზები?

 დიახ. ანგელოზთა შორის ძალითა და ძალაუფლებით მთავარანგელოზი მიქაელი გამოირჩევა (იუდა 9; გამოცხადება 12:7). უმაღლესი რანგის ანგელოზები, რომლებიც იეჰოვას ტახტთან დგანან, არიან სერაფიმები (ესაია 6:2, 6). განსაკუთრებული ვალდებულების შემსრულებელი სხვა უმაღლესი რანგის ანგელოზები არიან ქერუბიმები. მაგალითად, ქერუბიმები იცავდნენ ედემის ბაღის შესასვლელს, მას შემდეგ, რაც ღმერთმა ადამი და ევა სამოთხის ბაღიდან გააძევა (დაბადება 3:23, 24).

ეხმარებიან ანგელოზები ადამიანებს?

 დიახ. ღმერთი ადამიანებს ერთგული ანგელოზების მეშვეობით ეხმარება.

ყველას ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი?

 მართალია, ანგელოზები ზრუნავენ ღვთის მსახურთა სულიერ კეთილდღეობაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთმა თითოეულ ქრისტიანს მფარველი ანგელოზი მიუჩინა b (მათე 18:10). ანგელოზები ღვთის მსახურებს ყველა განსაცდელისგან თუ ცდუნებისგან არ იცავენ. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ხშირად ღმერთი გამოსავალს იმით გვიჩვენებს, რომ სიბრძნესა და ძალას გვაძლევს განსაცდელების ასატანად (1 კორინთელები 10:12, 13; იაკობი 1:2—5).

მცდარი შეხედულებები ანგელოზებზე

 მცდარი შეხედულება: ყველა ანგელოზი კეთილია.

 სინამდვილე: ბიბლიაში მოხსენიებულია „ზეციერი ბოროტი სულები“ და „შემცოდველი ანგელოზები“ (ეფესოელები 6:12; 2 პეტრე 2:4). ეს ბოროტი ანგელოზები არიან დემონები, რომლებიც სატანის მსგავსად ეურჩნენ ღმერთს.

 მცდარი შეხედულება: ანგელოზები უკვდავები არიან.

 სინამდვილე: ბოროტი ანგელოზები, მათ შორის ეშმაკი, განადგურდებიან (იუდა 6).

 მცდარი შეხედულება: სიკვდილის შემდეგ ადამიანები ანგელოზებად იქცევიან.

 სინამდვილე: ანგელოზები ღვთის ცალკეული ქმნილებები არიან და არა მკვდრეთით აღდგენილი ადამიანები (კოლოსელები 1:16). ზეცაში ცხოვრებისთვის აღდგენილები მიიღებენ უკვდავების ჯილდოს ღმერთისგან (1 კორინთელები 15:53, 54). მათ ანგელოზებზე მაღალი მდგომარეობა ექნებათ (1 კორინთელები 6:3).

 მცდარი შეხედულება: ანგელოზები იმისთვის არსებობენ, რომ ადამიანებს მოემსახურონ.

 სინამდვილე: ანგელოზები ღვთის ბრძანებებს ემორჩილებიან და არა ჩვენსას (ფსალმუნი 103:20, 21). იესოს კარგად ესმოდა, რომ თუ დახმარება დასჭირდებოდა, ღვთისთვის უნდა მიემართა და არა ანგელოზებისთვის (მათე 26:53).

 მცდარი შეხედულება: დახმარების მისაღებად შეგვიძლია ანგელოზებს მივმართოთ ლოცვით.

 სინამდვილე: ლოცვა ღვთისადმი თაყვანისმცემლობის ნაწილია, თაყვანისცემა კი მხოლოდ იეჰოვას ეკუთვნის (გამოცხადება 19:10). ლოცვით მხოლოდ ღმერთს უნდა მივმართოთ იესო ქრისტეს მეშვეობით (იოანე 14:6).

a ბიბლიის ზოგ თარგმანში ესაიას 14:12-ში გამოყენებულია სიტყვა „ლუციფერი“. ზოგის აზრით, „ლუციფერი“ იმ ანგელოზის სახელია, რომელიც მოგვიანებით სატანა ეშმაკი გახდა. თუმცა ამ ბიბლიურ მუხლში გამოყენებული ებრაული სიტყვა ნიშნავს „მანათობელს“. კონტექსტიდან ჩანს, რომ ეს სიტყვა სატანას კი არა ბაბილონის სამეფო დინასტიას ეხება, რომელიც ღმერთმა ქედმაღლობის გამო დაამდაბლა (ესაია 14:4, 13—20). სიტყვა „მანათობელი“ ბაბილონის დინასტიას ირონიულად მას შემდეგ ეწოდა, რაც ის დაეცა.

b ზოგის აზრით, ციხიდან პეტრეს გათავისუფლების შესახებ ბიბლიაში ჩაწერილი შემთხვევიდან ჩანს, რომ მას მფარველი ანგელოზი ჰყავდა (საქმეები 12:6—16). შესაძლოა მოწაფეებმა „მისი [პეტრეს] ანგელოზი“ იმიტომ ახსენეს, რომ ეგონათ, ჭიშკართან ზეციერი მაცნე იდგა პეტრეს შესახებ ცნობის მისაწოდებლად.