ასწავლის ბიბლია იმას, რომ თუ ქრისტეს ვირწმუნებთ, ხსნა გარანტირებული გვექნება?
ბიბლია გვპასუხობს:
ბიბლია მხარს არ უჭერს იმ მოსაზრებას, რომ თუ ადამიანი ქრისტეს ირწმუნებს, მას გარანტირებული აქვს სამუდამო ხსნა. ვინც ქრისტე ირწმუნა და ხსნის იმედი მოიპოვა, შესაძლოა დაკარგოს რწმენა და შესაბამისად, ხსნის იმედიც. ბიბლია ამბობს, რომ რწმენის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა და ბრძოლაა საჭირო (იუდა 3, 5). პირველი საუკუნის ქრისტიანებს, რომლებიც ქრისტესადმი რწმენას უკვე ავლენდნენ, პავლემ მოუწოდა: „იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის შიშითა და კანკალით“ (ფილიპელები 2:12).
ბიბლიური მუხლები, რომლებიც აბათილებს იმ მოსაზრებას, რომ თუ ადამიანი ქრისტეს ირწმუნებს, ხსნა გარანტირებული ექნება
ბიბლია გვაფრთხილებს, არ ჩავიდინოთ სერიოზული ცოდვა, რაც ღვთის სამეფოში ცხოვრების იმედს დაგვაკარგვინებდა (1 კორინთელები 6:9—11; გალატელები 5:19—21). ეს ბიბლიური გაფრთხილება აზრს მოკლებული იქნებოდა, თუ ცოდვის ჩადენის შემთხვევაში ხსნის იმედი არ იკარგება. ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ ხსნის იმედის მქონე ადამიანი მძიმე ცოდვის ჩადენის შემთხვევაში შეიძლება ღმერთს ჩამოშორდეს. მაგალითად, ებრაელების 10:26-ში ნათქვამია: „თუ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ კვლავ შეგნებულად ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისთვის“ (ებრაელები 6:4—6; 2 პეტრე 2:20—22).
იესომ მაგალითი მოიყვანა იმის ხაზგასასმელად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რწმენის შენარჩუნება. ამ მაგალითში მან საკუთარი თავი ვაზს შეადარა, ხოლო თავისი მიმდევრები — ლერწებს. ზოგი მათგანი ერთ დროს მისადმი რწმენას გამოავლენდა, რასაც თავისი ნაყოფით, ანუ საქმეებით დაამტკიცებდა, მაგრამ მოგვიანებით შეწყვეტდა ასე მოქმედებას. უნაყოფო ლერწის მსგავსად ასეთებს გადააგდებდნენ, ანუ ისინი ხსნის იმედს დაკარგავდნენ (იოანე 15:1—6). პავლე მოციქულმაც მსგავსი მაგალითი მოიყვანა, როცა თქვა, რომ ქრისტიანები, რომლებიც არ შეინარჩუნებდნენ რწმენას, „მოიკვეთებოდნენ“ (რომაელები 11:17—22).
ბიბლია ქრისტიანებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს (მათე 24:42; 25:13). ვინც სულიერად დაიძინებს — „სიბნელის საქმეებს“ მიეცემა ან ბოლომდე არ შეასრულებს იესოს მითითებებს — დაკარგავს ხსნის იმედს (რომაელები 13:11—13; გამოცხადება 3:1—3).
არაერთი ბიბლიური მუხლი მიუთითებს იმაზე, რომ მან, ვინც ქრისტე ირწმუნა, ბოლომდე უნდა მოითმინოს და ერთგულება შეინარჩუნოს (მათე 24:13; ებრაელები 10:36; 12:2, 3; გამოცხადება 2:10). პირველი საუკუნის ქრისტიანები ხარობდნენ, როცა იგებდნენ, რომ თანაქრისტიანები რწმენასა და მოთმინებას ავლენდნენ (1 თესალონიკელები 1:2, 3; 3 იოანე 3, 4). განა მოგვიწოდებდა ბიბლია მოთმინებისა და ერთგულებისკენ, თუ ისინიც გადარჩებიან, ვინც ბოლომდე ერთგულებას არ შეინარჩუნებს?!
მოციქულ პავლეს მხოლოდ სიკვდილის მოახლოებისას შეეძლო დარწმუნებით ეთქვა, რომ ხსნა მოიპოვა (2 ტიმოთე 4:6—8). მანამდე მას კარგად ესმოდა, რომ თუ ხორციელ სურვილებს აჰყვებოდა, ხსნის შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებდა. მან თქვა: „ვცემ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თვითონ არ აღმოვჩნდე უღირსი“ (1 კორინთელები 9:27; ფილიპელები 3:12—14).