რას ამბობს ბიბლია ჯოჯოხეთის შესახებ?
ბიბლია გვპასუხობს:
ბიბლიის ქართულ თარგმანებში ბევრ ადგილას ვხვდებით სიტყვა „ჯოჯოხეთს“ (ფსალმუნი 16:10; საქმეები 2:27). როგორც თანდართული სურათიდანაც ჩანს, ბევრს სჯერა, რომ ჯოჯოხეთი ცეცხლოვანი ადგილია, სადაც ბოროტებს სჯიან. თუმცა ბიბლია სულ სხვა რამეს გვასწავლის.
ამ სტატიაშია:
მარადიული სატანჯველია ჯოჯოხეთი?
არა. „ჯოჯოხეთად“ ნათარგმნ დედნისეულ სიტყვებში (ებრაულად „შეოლი“ და ბერძნულად „ჰადესი“), ძირითადად, იგულისხმება სამარე ანუ კაცობრიობის საერთო სამარხი. ბიბლიაში ნათქვამია, რომ სამარეში მყოფნი, ფაქტობრივად, აღარ არსებობენ.
მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან და, შესაბამისად, არც ტკივილს განიცდიან. ბიბლიაში ნათქვამია: „არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ“ (ეკლესიასტე 9:10, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ჯოჯოხეთში ტკივილით გამოწვეული გმინვა არ ისმის. პირიქით, ბიბლიაში წერია: „შერცხვნენ ბოროტნი და დადუმდნენ ქვესკნელში [„ჯოჯოხეთად“, მცხეთური ხელნაწერები]“ (ფსალმუნი 30:17; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა; ფსალმუნი 115:17).
ღმერთმა ცოდვის საზღაურად სიკვდილი დააწესა და არა ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი. ღმერთმა ადამს უთხრა, რომ ღვთის კანონის დარღვევის შემთხვევაში სიკვდილით დაისჯებოდა (დაბადება 2:17). მას ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი არ უხსენებია. მოგვიანებით, როცა ადამმა შესცოდა, ღმერთმა უთხრა: „მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი!“ (დაბადება 3:19). აქედან ჩანს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამი აღარ იარსებებდა. ღმერთს რომ ადამის ცეცხლოვან ჯოჯოხეთში გაგზავნა ჰქონოდა გადაწყვეტილი, ამის შესახებ აუცილებლად ეტყოდა მას. ღმერთს არ შეუცვლია დადგენილი სასჯელი მისი კანონების დამრღვევთათვის. ადამის შეცოდებიდან საუკუნეების შემდეგ ღვთის შთაგონებით ბიბლიაში შემდეგი სიტყვები ჩაიწერა: „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ (რომაელები 6:23). სიკვდილის შემდეგ დამატებითი სასჯელის დაწესება უსამართლობა იქნებოდა, რადგან, როგორც ბიბლიაში წერია, „ვინც მოკვდა, ცოდვისგან გათავისუფლდა“ (რომაელები 6:7).
მოძღვრება მარადიულ საწამებელზე შეურაცხყოფს ღმერთს (იერემია 32:35). ეს მოძღვრება აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ბიბლიაში ჩაწერილ სიტყვებთან, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). ღმერთს სურს, რომ მისი მსახურებისკენ სიყვარული აღგვძრავდეს და არა ჯოჯოხეთში მოხვედრის შიში (მათე 22:36—38).
ბიბლიაში ნათქვამია, რომ ჯოჯოხეთში კარგი ადამიანებიც მოხვდნენ. ბიბლიის იმ თარგმანებში, რომლებშიც გამოყენებულია სიტყვა „ჯოჯოხეთი“, ნათქვამია, რომ ღვთის ისეთი ერთგული მსახურები, როგორებიც იყვნენ იაკობი და იობი, ჯოჯოხეთში აღმოჩნდნენ (დაბადება 37:35; იობი 14:13). იესოზეც კი არის ნათქვამი, რომ სიკვდილის შემდეგ, სანამ მკვდრეთით აღდგებოდა, ჯოჯოხეთში იმყოფებოდა (საქმეები 2:31, 32). აშკარაა, როცა ბიბლიაში სიტყვა „ჯოჯოხეთია“ გამოყენებული, უბრალოდ სამარე იგულისხმება. a
რას ვსწავლობთ იესოს მიერ მოყვანილი იგავიდან მდიდარი კაცისა და ლაზარეს შესახებ?
იესოს მიერ მოყვანილი იგავი მდიდარი კაცისა და ლაზარეს შესახებ ჩაწერილია ლუკას 16:19—31-ში. როგორც ვიცით, იგავი დამრიგებლური ხასიათის მონათხრობია და უცილობელ ჭეშმარიტებას გადმოსცემს. იესოს მონათხრობიც იგავი იყო და არა ნამდვილი ამბავი (მათე 13:34). მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ვებსტატია: „ვინ იყვნენ მდიდარი და ლაზარე?“.
ღვთისგან მოწყვეტილ მდგომარეობას წარმოადგენს ჯოჯოხეთი?
არა. მოძღვრება იმის შესახებ, რომ მკვდარი ღვთისგან მოწყვეტილად გრძნობს თავს, სრულიად ეწინააღმდეგება ბიბლიაში გასაგებად ჩაწერილ სიტყვებს, რომ მკვდრებმა „არაფერი იციან“ (ფსალმუნი 146:3, 4; ეკლესიასტე 9:5).
შესაძლებელია ჯოჯოხეთისგან თავის დაღწევა?
დიახ. ბიბლიაში ცხრა შემთხვევაა ჩაწერილი, როცა ადამიანები სამარეში მოხვდნენ (ბიბლიის ზოგიერთი თარგმანის მიხედვით „ჯოჯოხეთში“) და შემდეგ გაცოცხლდნენ. b ისინი რომ საწამებელ ადგილას ყოფილიყვნენ, ამის შესახებ აუცილებლად მოყვებოდნენ და მათი მონათხრობი ბიბლიაში ჩაიწერებოდა. თუმცა ღვთის სიტყვაში მსგავსი არაფერია ნათქვამი. მიზეზი ნათელია: ისინი უგრძნობ, ღრმა ძილის მსგავს მდგომარეობაში იყვნენ (იოანე 11:11—14; 1 კორინთელები 15:3—6).