რა არის ღვთის სამეფო?
ბიბლია გვპასუხობს:
ღვთის სამეფო არის იეჰოვა ღმერთის მიერ შექმნილი რეალური ხელისუფლება. „ღვთის სამეფოს“ ბიბლიაში „ზეციერი სამეფოც“ ეწოდება, რადგან ის ზეციდან იმართება (მარკოზი 1:14, 15; მათე 4:17). ეს სამეფო ბევრი რამით ჰგავს ადამიანურ მთავრობებს, თუმცა, ის მათზე ყოველმხრივ აღმატებულია.
მმართველები. ამ სამეფოს მეფედ იეჰოვა ღმერთმა იესო ქრისტე დანიშნა და მას ყველა ძლევამოსილ მმართველზე მეტი ძალაუფლება მისცა (მათე 28:18). ღვთისგან მინიჭებულ ძალაუფლებას იესო მხოლოდ სასიკეთოდ იყენებს; მან თავისი ცხოვრებითაც დაამტკიცა, რომ სანდო და თანამგრძნობი მმართველია (მათე 4:23; მარკოზი 1:40, 41; 6:31—34; ლუკა 7:11—17). ღვთის ხელმძღვანელობით იესო ქრისტემ ყველა ერიდან აირჩია ადამიანები, რომლებიც „იქნებიან მეფეები, დედამიწის მმართველები“ მასთან ერთად ზეცაში (გამოცხადება 5:9, 10).
ხანგრძლივობა. ადამიანური მთავრობებისგან განსხვავებით, რომლებიც გამუდმებით იცვლებიან, ღვთის სამეფო „არასოდეს დაიქცევა“ (დანიელი 2:44).
ქვეშევრდომები. წარმოშობისა და დაბადების ადგილის მიუხედავად, ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვინც ღვთის მოთხოვნებს ასრულებს.
კანონები. ღვთის სამეფოს კანონები (ანუ მცნებები) არა მარტო ცუდის კეთებას უკრძალავს სამეფოს ქვეშევრდომებს, არამედ ის მათში მაღალზნეობრივ პრინციპებს აყალიბებს. მაგალითად, ბიბლიაში ვკითხულობთ „მან უთხრა: «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათე 22:37—39). ამ პრინციპიდან გამომდინარე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღძრული ქვეშევრდომები საუკეთესოს აკეთებენ სხვებისთვის.
განათლება. ვინაიდან ღვთის სამეფო მაღალზნეობრივ ნორმებს უდგენს თავის ქვეშევრდომებს, ის ასწავლის კიდეც ხალხს, თუ როგორ უნდა შეესაბამებოდნენ ისინი ამ მოთხოვნებს (ესაია 48:17, 18).
მისია. ღვთის სამეფო, მმართველებს თავისი ქვეშევრდომების ხარჯზე არ ამდიდრებს. მომავალში ღვთის სამეფო შეასრულებს ღვთის ნებას, რაშიც შედის ღვთის დაპირება, რომ ღვთისმოყვარული ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში დედამიწაზე (ესაია 35:1, 5, 6; მათე 6:10; გამოცხადება 21:1—4).