არჩეულ მასალაზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს

როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, უფრო კარგად ისწავლონ სკოლაში?

როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, უფრო კარგად ისწავლონ სკოლაში?

 თქვენი შვილი დიდად თავს არ იწუხებს სკოლაში სწავლით და დავალებებსაც უდიერად ეკიდება. შედეგად, დაბალ შეფასებებს იღებს და არც სანაქებო ყოფა-ქცევით გამოირჩევა. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მას, უფრო კარგად ისწავლოს სკოლაში?

 რა უნდა იცოდეთ

 ზეწოლა პრობლემას უფრო გაამძაფრებს. თუ შვილს გამუდმებული წნეხის ქვეშ ამყოფებთ, ეს მას მოსვენებას დააკარგვინებს როგორც სკოლაში, ისე სახლში. სტრესის შესამცირებლად, ბავშვმა შეიძლება ტყუილი თქვას, დაბალი ნიშნები დამალოს, თქვენ მაგივრად მოაწეროს ხელი დღიურში ან გაკვეთილების გაცდენა დაიწყოს. ამით პრობლემა მხოლოდ გაუარესდება.

 საჩუქრებმა შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს. „ჩვენი გოგონა რომ წაგვეხალისებინა, საჩუქრებს ვჩუქნიდით, როცა კარგ ნიშნებს იღებდა“ — ამბობს ერთი მამა, სახელად ენდრიუ — ამან შედეგად ის მოიტანა, რომ ბავშვს საჩუქრების გარდა აღარაფერი ახსოვდა. როცა ცუდ ნიშანს იღებდა, ნიშანზე კი არა, იმაზე ნერვიულობდა, რომ საჩუქარს ვეღარ მიიღებდა“.

 მასწავლებლების დადანაშაულება ბავშვს არაფერს მისცემს. ბავშვმა შეიძლება დაასკვნას, რომ კარგი ნიშნების მიღებას მაინცდამაინც დიდი შრომა არ სჭირდება. ასე შეიძლება ბავშვი მიეჩვიოს თავისი შეცდომების სხვებისთვის გადაბრალებას და ელოდოს, რომ პრობლემებს სულ სხვა მოუგვარებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ის ვერ შეიძენს იმის უნარს, რომ თავად იყოს პასუხისმგებელი თავის საქციელზე; ეს ის არის, რაც მთელი ცხოვრება გამოადგება.

 გამოსავალი

 აკონტროლეთ გრძნობები. ნუ დაელაპარაკებით ბავშვს ნიშნებზე, როცა გაბრაზებული ხართ. „ჩვენი საუბარი შვილებთან მაშინ უფრო ნაყოფიერია, როცა მეც და ჩემი მეუღლეც დაწყნარებულები ვართ. ამას მართლა კარგი შედეგი მოაქვს“ — ამბობს ერთი მამა, სახელად ბრეტი.

 ბიბლიური პრინციპი: „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკობი 1:19).

 ამოიცანი ნამდვილი პრობლემა. ხშირად ცუდი აკადემიური მოსწრების მიზეზი შეიძლება იყოს სხვა ბავშვების მხრიდან ჩაგვრა, სკოლის შეცვლა, გამოცდების შიში, ოჯახში არსებული პრობლემები, უძილობა, დაუგეგმაობა ან უყურადღებობა. ნუ დაასკვნით, რომ თქვენი შვილი უბრალოდ ზარმაცია.

 ბიბლიური პრინციპი: „ვინც საქმეში წვდომის უნარს ავლენს, ყოველივე კარგს პოვებს“ (იგავები 16:20).

 შექმენით სწავლისთვის შესაფერისი გარემო. შეადგინეთ საშინაო დავალებების მომზადების გეგმა. გამოუნახეთ ბავშვს სახლში ერთი კუთხე, სადაც თავისუფლად შეძლებს მეცადინეობას ყოველგვარი ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე (იქნება ეს ტელევიზორი თუ მობილური). მეცადინეობის დრო ისე გაანაწილეთ, რომ ბავშვმა რამდენჯერმე შეისვენოს; ასე ნაკლებად გაეფანტება ყურადღება. გერმანიაში მცხოვრები ერთი მამა, სახელად ჰექტორი, ამბობს: „გამოცდის წინა დღეს კი არ ვიწყებთ მასალის გამეორებას, მანამდე ყოველდღე ცოტ-ცოტას ვიმეორებთ“.

 ბიბლიური პრინციპი: „ყველაფერს თავისი დრო აქვს“ (ეკლესიასტე 3:1).

 წაახალისეთ ბავშვი სწავლისკენ. თუ ბავშვს კარგად ესმის, დღესვე როგორ ადგება ის, რასაც სკოლაში სწავლობს, სწავლის სურვილი კიდევ უფრო გაუძლიერდება. მაგალითად, მათემატიკის ცოდნა შეიძლება იმაში წაადგეს, რომ ჯიბის ფული სწორად გადაანაწილოს.

 ბიბლიური პრინციპი: „შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გაგების უნარი ... დააფასე ის“ (იგავები 4:5, 8).

 რჩევა: დაეხმარეთ შვილებს დავალებების მომზადებაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაწეროთ დავალებები მის მაგივრად. ენდრიუ ამბობს: „ჩვენი გოგონა სულ ჩვენს იმედზე იყო და თვითონ საერთოდ აღარ ფიქრობდა დავალებებზე“. ასწავლეთ შვილებს, როგორ იმეცადინონ დამოუკიდებლად.