ერთვებიან იეჰოვას მოწმეები თაყვანისმცემლობის მიზნით ინტერრელიგიურ დიალოგში?
ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, სიამოვნებით ვსაუბრობთ ბიბლიურ თემებზე სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან, მაგრამ ჩვენ არ ვუერთდებით მათ თაყვანისმცემლობის მიზნით ინტერრელიგიურ დიალოგში.ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის ერთსულოვნებაა, რადგან ისინი ერთ თაყვანისმცემლობაში არიან გაერთიანებულნი (ეფესოელები 4:16; 1 კორინთელები 1:10; ფილიპელები 2:2). ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ ისინი აფასებენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა სიყვარული, თანაგრძნობა და მიმტევებლობა. ჩვენი რელიგიური შეხედულებები ეფუძნება ზუსტ ბიბლიურ ცოდნას, რომლის გარეშეც ჩვენს რწმენას ფასი არ ექნებოდა (რომაელები 10:2, 3).
ბიბლია სხვა თაყვანისმცემლობაში გაერთიანებას უთანასწორო უღელში შებმას ადარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ განსხვავებული რელიგიური შეხედულებები ქრისტიანს რწმენას შეურყევს (2 კორინთელები 6:14—17). სწორედ ამიტომ ეუბნებოდა იესო თავის მიმდევრებს, რომ არ გაერთიანებულიყვნენ სხვა თაყვანისმცემლობაში (მათე 12:30; იოანე 14:6). მსგავსად, მოსეს მეშვეობით მიცემულ კანონში იეჰოვა უკრძალავდა ისრაელ ერს მეზობელი ერების თაყვანისმცემლობაში მონაწილეობას (გამოსვლა 34:11—14). მოგვიანებით ღვთის ერთგულმა ისრაელებმა უარი თქვეს განსხვავებული რელიგიური შეხედულებების მქონე ერებისგან შემოთავაზებულ დახმარებაზე, რათა არ ჩაბმულიყვნენ მათ თაყვანისმცემლობაში (ეზრა 4:1—3).
საუბრობენ იეჰოვას მოწმეები სხვა რწმენის ადამიანებთან?
რა თქმა უნდა. პავლე მოციქულის მსგავსად, ჩვენც ვცდილობთ, „რაც შეიძლება მეტი“ ადამიანის შეხედულებებს გავეცნოთ მსახურებაში და გავიგოთ, რა სწამთ (1 კორინთელები 9:19—22). მათთან საუბრის დროს ჩვენ ვცდილობთ, მივყვეთ ბიბლიურ რჩევას და „ღრმა პატივისცემა“ გამოვავლინოთ სხვების მიმართ (1 პეტრე 3:15).